среда, 23 июня 2010 г.

პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ჯანრი გოგეშვილი \ Janri Gogeshvili / the play ’a sad comedy’ / "Go Ahead!"

სურათი მეოთხე

გაისმის მუსიკის ჰანგები.
ეზო ნაწილობრივ მილაგებულია. ლეღვი, უკვე ერთიანად გაკრეფილია და ტოტებზე მხოლოდ ფოთლებია შერჩენილი. მის ძირთან ლითონის გროვა აღარ ყრია და რა თქმა უნდა, არც ”თამადების თამადის” სკულპტურა მოჩანს. პლატინი მარნიდან გამოვა. მეზღვაურის მოკლე შარვალი, ზოლიანი მაისური და ჩექმები აცვია. ხელებში გრძელტარიანი სარცხი და წყლიანი ვედრო უჭირავს. კისერზე გამხმარი კრზანის კონები და ხისტარიანი ორშიმო ჰკიდია.
 
პლატინი. (თავისთვის) სწავლება მეჩვიდმეტე; ამგვარი კრიზისული მომენტი ითხოვს… (გახსენებას ლამობს. ქვევრთან მისული ვედროს და სარცხს მიწაზე დადებს. იფნის ჩამხმარ ტანზე ორშიმოსა და კრაზანის კონებს ჩამოკიდებს. როგორც იქნა გაიხსენებს). აჰა, დემოკრატიული პროცესის სიმულაცია! (ჭურში სარცხს ჩააცურებს).
მაკი. იეს, მისტერ სიკუტა, იეს… პლატინ ხიუ… (პლატინი შეკრთება, საწნახლისკენ გაიხედავს). გირვანო, შლიპუნტუ! კრიკუ… ჰაინო, ჰაინო!..
საწნახლიდან თითქოს ”კოსმიური ხმები” დაირხევა. მალე ხმებს გაბმული სტვენის ხმა გადაფარავს. ბოლოს, საწნახლის ”ამონავულ” მხარიდან უცნაურად მორთული ”მოფრენილი” გამოვა. ”ჰიანო!” მიესალმება პლატინს, ხელებს ზემოთკენ მიმოგრიხავს და თავს დაუკრავს. კაცი უაზროდ გაიკრიჭება. ”ოლდრიდო! ოლდრიდო!” შეეპასუხება და თავს უშნოდ გააქიცინებს. უკან დაიხევს. თან სარცხის ტარს ექაჩება, მაგრამ ვერ იღებს.
 
”მოფრენილი”. მომენტო კიატო, აგენტიუს პლატინ, პრიჟა, ტუსკა ტრიუმო, ტრიუმო პაჩი, დატუკო… 
პლატინი. დედაა! საიდან იცის? შლიპანტუ, შლიპანტუ, გირვანო შლიპანტუ… (როგორც იქნება საცხის ტარს ხელს გაუშვებს და თავისებური ”მუნჯურით” ყოველნაირად ცდილობს მიანიშნოს, რომ საგირავნო გარიგებასთან დაკავშირებული საკითხი ოჯახის დიასახლისის სასარგებლოდაა გადაწყვეტილი და მას სარდაფის და მით უფრო ეზოს მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია). ხუხ, გირვანო, ხუხ! (”სტუმარი” სხვადასხვაგვარად უსტვენს. მერე გამაფრთხიელბლად ჩაიხრიალებს ”ხიხუ!..” და მიანიშნებს ქვევრის რეცხვა გააგრძელეო. პლატინი მორჩილად დაუკრავს თავს და სარცხის ტარისკენ წაიწევს. ”მოფრენილი” საწნახელში გაუჩინარდება. გაისმის საწნახლის ზემოთკენ ამავალი ”კოსმიური ხმები”. პლატონი მზერას ცისკენ ააყოლებს. ერთხანს გაშეშებული დგას. მექანიკურად). ხუხ, გირვანო, ხუხ! (ხმები მიწყდება. გახალისებული). ხუხ, გირვანო, ხუხ! ხუხ, გირვანო, ხუხ! 
მაკი. (აივანზე გამოდის, პლატინს დამცინავად გადმოხედავს). ჭირვეულის მორჯულება გრძელდება, მაგრამ ჯერ კიდევ გამოსაბერტყია... არა, არ მოვასვენებ! (კიბეზე დაეშვება. ქამარზე გამობმულ ბუდიდან მობილურს ამოიღებს). დიახ, ოცდაათ კაცზე, შემდგომ, რა თქმა უნდა, საწოლების რაოდენობა გაიზრდება… რა თქმა უნდა, ქალაქის კოლორიტულ რაიონებში… დიახ, ჩემო კარგო მარშუტი სანახაობრივად ძალზე მიმზიდველი იქნება, რა თქმა უნდა დაცული ზონებიც და… კი, კი, მარან-მუზეუმი განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერს… ჰო, ჰო, საიტის პრეზენტაცია შენზეა… კეთილი, დამიკოცნე პატარები! (მობილურს ბუდეში ჩადებს. პლატინს). ვფიქრობ, ღირსეულ სადილს დაიმსახურებ. ერთ საათში რესტორან ჰაინოდან ისეთ კერძებს მოგვართმევენ…  
პლატინი. გამდიდრდი არა, იმ ჩემი ნაპოვნი ბრილიანტით, ოცი პროცენტი მაინც მოგეცა…  
მაკი. ბრილიანტის გაყიდვა არც მიფიქრია… შენ კი შენსას მიიღებ, ოღონდ მომავალი მოგებიდან… ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისი უნდა ავღნიშნოთ, ძვირფასი შამპანური შევუკვეთე!  
პლატინი. არ ვსვამ მე, არც შამპოს, არც ღვინოს, არაყს და მისთანებს არ ვეტანები…  
მაკი. მე უშენოდ შენმა მზემა ღვინო არ მესარცხება, მარანს უვლიდე და ღვინოს არ სვამდე სად გაგონილა?! ლეღვის კანის ლოკვა რა ვაჟკაცის საქმეა… 
პლატინი. სარცხი გინდა, აჰა! (მოახერხებს და სარცხს ქვევრიდან ამოიღებს. მაკი შეამჩნევს, რომ სარცხის ბოლოზე გველია შემოხვეული. შეჰკივლებს… პლტინი გველს დააკვირდება). ეგ ხომ მცურავია, შხამი არა აქვს… გველს ხელს მოკიდებს და მაჯაზე დაიხვევს… ბავშვობაში, მდინარეზე ბანაობისას დავიჭერდი და ბავშვებს მათრახივით ვურტყამდი… (გველს თავზე ეფერება…). ალბათ, იმ მოფრენილმა დატოვა…  
მაკი. რაა?!  
პლატინი. (მექანიკურად). მომენტო კიატო, აგენტიუს პლატინ, პრიჟა, ტუსკა ტრიუმო, ტრიუმო პაჩი დატუკო…  
მაკი. ( ღიმილით). სიტუაციაში ჩაეწერა… ქალთან წესიერად მიახლოება ეზარება, გველს კი…  
პლატინი. ესენი უწყინარები არიან…  
მაკი. მოაშორე აქედან, ქვევრი წამიბილწა… თუმც, გამიგია ეზოში შემოსული გველის მოკვლა არ შეიძლებაო, მიდი არხისკენ მოისროლე! (პლატინი ვერ ელევა. კვლავ მისი მიფერებითაა გართული). მოისროლე, თორემ… მიმიფურთხებია შენი ტორპედოებისთვის! (მისკენ ფიცხლად გასწევს).  
პლატინი. (გამოერკვევა). არა, არ მინდა ელვისებური! (ეზოს კიდეში მიირბენს და გველს გაუშვებს).  
მაკი. (ნიშნისმოგებით). კიდევ კარგი, გველის მიფერება მაინც გცოდნია. მიდი ნახე, კიდე არ იყოს რამე შიგ.  
პლატინი. (საზარდულთან ხელს მოივლებს). არა, არ მინდა ელვისებური! (მის მითითებას მორჩილად ასრულებს. წახრილი ქვევრში ჩაიხედავს). კი მგონი რაღაც კიდევაა… (ქვევრში სარცხს ჩაუშვებს, რაღაცას წამოსდებს და ნელა ამოსწევს. სარცხის ბოლოზე ამჯერად ოქროს კულონია აკრული. პლატინი გაიხარებს). ორი თვის უკან დავკარგე, ალბათ მცურავმა მოიპარა და ქვევრში გადამალა. ( ფრთხილად მოხსნის).  
მაკი. (მიუახლოვდება. კულონს შეათვალიერებს). ასეთებს ხომ ქალები ატარებენ, შენ საიდან გაქვს? მოიპარე თუ რაა?!  
პლატინი. (შეცბება). რას ამბობ, ერთმა დააგირავა…  
მაკი. რაა, შენ აქ ლომბარდიც გაქვს გახსნილი?!  
პლატინი. არა, რის ლომბარდი… ერთი საზღვარგარეთ მიდიოდა და ხელი გავუმართე, მოახერხა და იქ დარჩა და ამ კულონის დარდი ახლა არ უნდა ქონდეს…  
მაკი. დასრულებულ ქველმოქმედივით მელაპარაკები, ვფიქრობ, სხვასაც უმართავდი ხელს?  
პლატინი. რომ არ მოგეშვება ადამიანი, აბა რას იზამ… 
მაკი. იშვიათი მოვლენა ხარ, მრავალმხრივი ბიზნესმენი! (კულონს დააკვირდება). ძვრფასი ნაკეთობაა ჩანს… (მკერდზე მიიდებს).  
პლატინი. გველის პირში ნატრიალები, შენ არ გეკადრება…  
მაკი. გამიგია, რომ ზოგჯერ, გველსაც შეუძლია სიკეთის მოტანა… (ქვევრში ჩახედვას მოინდომებს) იქნებ, კიდევაა რამე შიგ… 
პლატინი. არა მგონია, ჭურია, ოქროულობის მაღაზია ხომ არაა!.. (შეეცდება ქვევრთან არ მიუშვას). საშიშია, შხამიანი გველი არ იჯდეს შიგ…  
მაკი. ღმერთო დამიფარე! (შეფიქრიანდება). ნიჭიერი კაცი ჩანხარ… მენეჯერის თანამდებობა, რომ შემოგთავაზო რას იტყვი? 
პლატინი. (თითქოს საფრთხე იგრძნო) არ გამოვდგები მე მაგისთვის, არ გამოვდგები!  
მაკი. ბეზ პანიკი! (დაუყვავებს). მუზეუმ-მარანს კულტურულ-სამკურნალო ცენტრიც დაემატება და… (ვენახთან მიდის, ეფერება. თავისთვის). ჩემმა მეგობრებმა (ხელს ზემოთ აიშვერს). მაცნობეს შენმა ცრემლებმა უშველეს და სამივე ძირი ამოიყრისო…  
პლატინი. რომელი აგრონომი, ან ექიმბაში მე ვარ!  

მაკი. მკურნალი თავად ბუნებაა! (ლეღვისკენ წავა, მის ფოთოლს ნაზად გადაუსვამს თითებს, მერე მოწყვეტს, ყუნწით დაატრიალებს და იჭვნეულად მოთვალთვალე კაცს დაუყვავებს). შენ, მხოლოდ სიტუაციასთან შეთამაშება მოგიწევს, ცოტას წაივარჯიშებ, თავს წესრიგში მოიყვან! (ისევ ქვევრში ჩახედვას შეეცდება). ვაზის ჯიშებში გაერკვევი, ღვინის დაგემოვნებას ისწავლი... ტურ-ოპერატორად გამოიწვრთნები...  
პლატინი. (პლატინი ვედროს გადაადგილებს და ხელს შეუშლის). არ გამოვდგები მე მაგისთვის, არ გამოვდგები! არც ყურძნის წვენი მეპიტნავება...  
მაკი. (წამაქეზებლად). მშვენიერებას უკეთ შეიგრძნობ… (ლეღვის ფოთოლს მკერდზე მიიმბნევს და ქვევრში სარცხს ჩააცურებს).  
პლატინი. (შეეწინაღმდეგება). საქვეყნოდ გამოჭენებას არ ვარ ჩვეული, ჩემი ფილოსოფია საკუთარ თავთან ადაპტირებაა… 
მაკი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი ხარ, წარმოსადეგი. ცხოვრების თანამგზავრიც გამოგიჩნდება და… 
პლატინი. თანამგზავრის გარეშეც კარგად ვგრძნობ თავს… უქალოდაც მშვენივრად გავდივარ… ზედმეტი ტვირთის აკიდება რა საჭიროა… (ხაზგასმით). ქალი საერთოდ არ მაინტერესებს… (თვალს აარიდებს).  
მაკი. (სხვაგვარად დაინტერესდება). ცურვისას, ხომ არ შეგემთხვა რამე? დავიჯერო, არატრადიციული სექსის მიმდევარი ხაარ?!  
პლატინი. არც ტრადიციულის და არც არატრადიციულის… (მზერას საწნახლისკენ გააპარებს).  
მაკი. ვერაფერს მივხვდი… ლურჯი ხარ, ცისფერი თუ იმ შენი აჩემებული ენერგოვამპირების უიმედო მსხვერპლი… (სარცხის ამოწევას შეეცდება, მაგრამ პლატინი ტარზე ხელს გაჰკრავს).  
პლატინი. არც ლურჯი ვარ და არც ვარდისფერი, ახლა ადაპტაციიის პაერიოდს გავდივარ, ჩემს ორგანიზმში ნივთიერებათა განსაკუთრებული ცვლა მიმდინარეობს და ამგვარი შეფერილობაც მიტომ მაქვს…  
მაკი. ქამელეონი ხარ?  
პლატინი. არა, ქამა სოკო ვარ ნიგვზითა და გარგარის ჩირით…  
მაკი. მშვენიერი კერძია, და მაინ, თუ ქალი შენში ინტერესს არ აღძრავს, მაშინ… (ლეღვის ფოთოლს ხელში აათამაშებს). 
პლატინი. (თითქოს ლეღვის კანი წამოელანდაო, ტუჩებს გაილოკავს). მთლიანად, რომ გაკრიფე ეს ლეღვი, ცოტა მაინც დაგეტოვებინა.  
მაკი. კანი გადანახული მაქვს, თუ კარგად მოიქცევი გაგალოკინებ… ოღონდ, ის მაინც თქვი ადამიანში რა გიზიდავს?  
პლატინი. ადამიანი სრული გაუგებრობაა… ცოცხალ საგნებთან რაიმე კავშირს, უსულო საგნებთან თანხმობა მირჩევნია… 
მაკი. (რიტორიკულად). სამყაროს სიყვარულის ძლევამოსილება ანიჭებსო წესრიგს, გვიქადაგებს ბრძენი პლატონი თავის ნადიმში…  
პლატინი. ნადიმი და ქეიფი არ მაინტერესებს მე… არ ვსვამ და არც ვეწევი, მე ჩემი კაიფი მაქვს…  
მაკი. ცხონებული ჩემი ქმრის, ოსიკოს სრული ანტიპოდი ყოფილხარ… ცხონებული არაფერს არ იკლებდა; სვამდა, ეწეოდა, ფულზე თამაშობდა, ქალებშიც დარბოდა... თანაც, ყველაფერ ამას, თითქოს ერთმანეთს აწევდა და ბოლოს ისე წავიდა იმქვეყნად, კრემაციის შემდეგ ჩემს გოგოს, ზუსტად მისი ფერფლი გამოატანეს თუ არა, ისიც არ ვიცით… ჩემთვის, რომ დაეჯერებინა და აქაურობისთვის მიეხედნა, ახლა ცოცხალი იქნებოდა და არც ნექტარივით სასმელი მოაკლდებოდა… მაგრამ სულ სამამაძაღლოდ და გართობისკენ იწევდა, შვილსაც აუბნია გზა-კვალი…  
პლატინი. ჰოდა, მეც ჩემთვის ყოფნა ვარჩიე, არ მინდა ვინმესთან ვალში ვიყო…  
მაკი. თუ არ ეწევი, არც სვამ, არც ქალისკენ იხედები, მაშინ კაიფს რითი იჭერ, შე მართლა გადაგვარებულო?! 
პლატინი. (განაზებული ხმით) ბალახთან, ხესთან ან ქვასთან შერწყმისას, ისეთ ნეტარებაში ვიძირები, რომ… 
მაკი. (განცვიფრებული. თავისთვის.) იოგას მიმდევარი ჩანს, მაგრამ რომელი სახეობითაა დაკავებული, ასე ადვილად ვერ დაადგენ… (პლატინს). და როგორ აღწევ ასეთ ჰაეროვან თანშერწყმას? 
პლატინი. განტვირთვის დღეები მაქვს, ამას წინათ მთელი ორი კვირა მხოლოდ ლეღვის კანს ვჭამდი, მერე კუჭის გამორეცხვები ჩავიტარე…  
მაკი. რა გქონდა გამოსარეცხი შე უპატრონო?!  
პლატინი. ჩემეული სისტემის არსიც ამაშია, სიმაძღრის სიმულაცია მოახდინო, კუჭს ოყნებით მიაწვე, თითქოს ორგანიზმიდან გადამეტებული საკვების გამოდევნას ცდილობ… 
მაკი. მერე, იმ ლეღვის კანს კუჭის წვენიც გამოაყოლე?..  
პლატინი. მე განწმენდის ჩემი სისტემა მაქვს…  
მაკი. ჰმ, პოლ ბრეგის შიმშილობის სასწაული რას მოვა შენს მეთოდთთან... (ისევ ქვევრისკენ გაიწევს).  
პლატინი. (მის შეყოვნებასა და ყურადღების მიქცევას ოინბაზურად შეეცდება). გემზე, ერთი ჩემი ძმაკაცი, კუჭის ფუნდამეტურ გამორეცხვას ვედრო წყალს ახმარდა… მუცლის კუნთები, ისე ჰქონდა გავარჯიშებული, ზოგჯერ ჟურნალის კითხვით, რომ გაერთობოდა, ვედროში ჩაშვებულ შლანგიდან მწუ, მწუ ესმოდა, გამოცარიელებული ვედრო წყლის დამატებას თხოვდა…  
მაკი. ბიჭო, შენ, მაგ გოგრაში, რამე უცხო, მართლა ხომ არ გაქვს ჩამონტაჯებული?! დღევანდელ პირობებში, მოსახლეობის უმეტესობას, შიმშილისგან კუჭი ხერხემალზე, რომ ააქვს მიმხმარი, კიდევ ოყნა და კუჭის გამორეცხვა რაღად უნდა… ბიუჯეტი, ისედაც, სულ მთლად მასების კუჭის გამორეცხვაზე არაა გადაანგარიშებული…  
პლატინი. მარტივია გამოსავალია. საყოველთაოდ უნდა დავნერგოთ იოგას ზოგიერთი ვარჯიში, კუჭის გამორეცხვები და…  
მაკი. რაებზე მელაპარაკები შე ტუტუცო, მოშორდი მაქაურობას, მაგ წმინდა ადგილიდან შორს! 
პლატინი. სხვათაშორის, ისტორიულად, კუჭის აშლის ცერომონიას ჩვენი დიდკაცობაც მისდევდა… იტალიელი მისიონერი წერს, მოწვეულმა ექიმბაშმა ისეთი სასაქმებელი დაამზადა, იმ დღეს თავადს ორმოცდათოთხმეტჯერ აეშალა კუჭი, ერთი თვის ნაქეიფარი, მთლად დაიცალა მავნე მინარევებისგან და გახარებულმა ექიმბაში მეწველი ძროხით დაასაჩუქარაო…  
მაკი. რომელ ფოლგაზე ამოიკითხე ეს?! 
პლატინი. ასეთები ჩემთვის მქონდა გადანახული… 
მაკი. ვაავა…  
პლატინი. კუჭის გამორეცხვის ხელოვნებას ნუ ეხუმრები, ოყნის გაკეთებასაც თავისი უნარი უნდა… ასე ადვილი კი არაა, ერთი ვედრო წყალი შეიშხაპუნო უკანალიდან…  
მაკი. კიდევ კარგი, რომელიმე ოკეანე, რომ არ ამოაშრე… 
პლატინი. ეგ, ნატიფი ხელოვნებაა, შიგთავსის გამოსუფთავებასა და გამოკოხტოვებაზე მთელი ფილოსოფიაა აგებული. 
მაკი. ძაან გინდა ჩემს წამოწყებაზე ხელი ამაღებინო, ვერ ეღირსები, ღვინის ჭურთან ოყნებზე მელეპარაკები, ვინ ხარ შენ, რა თესლის?! ქართვეული კაცი ღირსეული მასპინძლობით იწონებდა თავს… პაპაჩემის თამადობის სანახავად, უცხოელი სტუმრები საგანგებოდ მოჰყავდათ…  
პლატინი. არ მინდა ეს ქართველობა, არ მინდა და მორჩა! არც თამადობის ინსტიტუტი მეხატება გულზე, არც თქვენი სუფრა და ნადიმი!  
მაკი. (დაყვავებით). ქართველობა, მარტო ადათ-წესები კი არა, ეს სულიერებაა, ცხოვრების წესი, ჭეშმარიტი ქართული სუფრა, არასოდეს იქცევა ღრეობის ადგილად, იგი თანაარსობის, სიყვარულის, აღმაფრენისა და სულიერი დახვეწილობის მშვენიერი ასპარეზია… რჩეულნი თავისებური მედიტაციების არეალადაც მიიჩნევდნენ… და, როცა საქართველოში ღვინისა და ვაზის კონგრესი ტარდება…  
პლატინი. არ მინდა მე ქართველობა, არ მინდა და მორჩა! არ გამოვდგები მე მარნისთვის და საერთოდ მიმაჩნია, რომ ადამიანი სრული გაუგებრობაა! 
მაკი. აბა, რა გინდა ბიჭო, ნაკელი გინდა იყო თუ რა…  
პლატინი. მე ერთი ეროვნება ვერ დამიტევს! არცერთ რასას, სარწმუნეობას, სექტას, თუ ჯგუფს არ მიდა ვეკუთვნოდე! მე მთელ სამყაროს უნდა ვეკუთვნოდე!  
მაკი. (შემწყნარებელი ხმით). შენ კი გინდა, მაგრამ, სამყაროს უნდა შენისთანა გადაგვარებული უჯრედი?  
პლატინი. ჩემთვის ადამიანს, ცხოველს, ჩიტს თუ ჭიას ერთი ფასი აქვს… მე მთლიანად უსულო საგნებზე ვარ ორიენტირებული… ფოთოლთან ან ქვასთან უფრო მიადვილდება ურთიერთობა. მთავარია, მათში სასურველი მიზიდულობა გამოიხმო… გარემოსთან ადაპტაცია-შეგუების დახვეწა, ეს ცალკე თემაა… 
მაკი. (შეფიქრიანდება. თავისთვის). თუ მართლა ასე ფიქრობს, იშვიათი ეგზემპლიარია, ეს რომ ფსიქიატრულში შეიტყუო, ასე ჩათვალე, გინდამც სამი ან ოთხი ხარისხის მაძიებელისთვის გამზადებული სადისერტაციო თემა შეგიტანია… (პლატინს) აა, შე ცუღლუტო! ასე ქალის შებმა სად ისწავლე?! ამ ოყნების მანიპულაციებით, კიდევ რა სარგებელს ნახულობ, ბარემ ისიც მითხარი... 
პლატინი. რესტორან-საუნა- სიკო და მისთანები, სულ ზედმეტი ხარჯებია…  
მაკი. ეკონომიაზე ორიენტირებული ბიზნესმენი ყოფილხარ…  
პლატინი. ფოთოლთან, ქვასთან, ბალახთან ჰარმონიზაციით კი, განსაკუთრებულ სიამოვნებას ხომ იღებ და იღებ, მერე ეს სიამოვნება ხერხემლიდან თავში აგაქვს და ენერგიას იზოგავ, მორალურადაც ჩაკრიალებული ხარ. არავითარი მრუშობა თუ სიძვა… არავითარი ნაბიჭვარი თუ უკანონო შვილი, არავითარი სასამართლო და ალიმენტი, არავითარი გვერდითი მოვლენები, არც ტრიფერი, არც შიდსი და სხვა მისთანანი… ამგვარ შეგრძნებებში ყველაფერი სტერილიზირებულია… ფოთოლი, ფოთოლია, გასიამოვნებს და არც რაიმე შეეტყობა, თუ მაინცადამაინც იშრიალებს თავისთვის…  
მაკი. (დაბნეული). კი მაგრამ, შვილი, შთამომავლობა?!  
პლატინი. მაგაზე ადვილი რაა, შეარჩიე ლამაზი კენჭი ან ნერგი, გამოიწვიე თავში შთამაგონებელი ძალა, წარმოიდგინე, რომ ის კენჭი, ან ნერგი შენი სისხლი და ხორცია, მოკლედ, შექმენი ვირტუალური წარმოდგენითი განწყობა და შენ სრულფასოვან მამად, ბაბუად, გინდ დედად და გინდ ბებიად იგრძნობ თავს….  
მაკი. აბსურდია, აბრაკადაბარა!  
პლატინი. ნურას უკაცრავად ინდოეთში, ერთ-ერთი ტომის გაუთხოვარი ქალები, თურმე შეარჩევენ ამა თუ იმ ხეს და თავს მის სატრფოდ და თანამეცხრედედ გამოაცხადებენ. მერე სიკვდილამდე იმ ხის ერთგულნი არიან, შეტრფიან, წყალს უსხამენ და არიან ბედნიერად…  
მაკი. გამომაშტერა ამ კაცმა… (ქვევრისკენ წაიწევს). 
პლატინი. არც პაემანზე დააგვიანებს, არც საჩუქარს მოგთხოვს…  
მაკი. შე უსინდისო, რა მაბაიბურებ, შენი წყალობით აქ ხეებიც და ვაზის ძირებიც ერთიანად გადახმა… იმ ხეებს მასზედ გამიჯნურებული ქალები უვლიან, წყალს უსხამენ, ეფერებიან… შენ კი, მხოლოდ ენერგიის ამოქაჩვა და მასტრუბაცია გიტრიალებს ფიქრად… შვიდასმილიონიან ქვეყანაში, მართლაც შეიძლება ამგვარ ილუზიას მიეცე, მაგრამ აქ, საქართველოში, ორი მილიონი, ნაღდი ქართველიც რომ არ ვართ დარჩენილი, შენისთანა ჯანსაღი შესახედაობის კაცი, მსგავსი სიშტერეებით, რომ ხარ დაკავებული, კატასტროფაა აბა, რა… მაშ, შენი აზრით, მე ისტორიული მარნის, ბაბილოს პირამიდის და საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაზე კი არა, ოყნაიდური სფეროს გაფართოებაზე უნდა ვიფიქრო… მოშორდი მაგ ქვევრს! (იმარჯვებს და ქვევრიდან სარცხს ამოსწევს. სარცხის ბოლოზე ოქროს ძეწკვია ჩამოკიდებული). აჰა, მორიგი სიურპრიზი, იმ გველს აქ, განძი ჰქონია გადანახული… (ძეწკვს მოხსნის, სარცხს ისევ ქვევრში ჩააცურებს).  
პლატინი. ესეც ჩემია, ერთი ქალბატონი საფრაგენთში წავიდა და… 
მაკი. (ძეწკვისკენ ხელგაწვდილ პლატინს ხელზე ხელს დაჰკრავს). მშვენიერია, მგონი ბაჯაღლოა, ყოჩაღ გველო!  
პლატინი. იმ ქალბატონს მე ფული მივეცი, იმაზე მეტი ვიდრე ეკუთვნოდა, გველმა კი… 
მაკი. ეგ გველი, შემთხვევით ლომბარდის დირექტორი ხომ არაა? ისე, გემოვნება და ალღო კარგი ჰქონია! (ძეწკვის გამორთმევის მოსურნეს კიდევ დაჰკრავს ხელზე ხელს). არ დაგავიწყდეს ჩემს ეზოში, ჩემს ჭურშია ნაპოვნი… მევახშეობასაც ეწევი თურმე, საგდასახადოსთან ერთი ზარი და…  
პლატინი. საზღვარგარეთ წამსვლელებს ხელს ვუმართავ…  
მაკი. და ლოცულობ, რომ უკან არ დაბრუდნენ… (კულონს შეაბამს ძეწკვს).  
პლატინი. არა, პირიქით, ვეუბნები, ფულს, რომ დააგროვებთ, თქვენი ნივთი შეგიძლიათ საზღვარგარეთიდან გამოიხსნათ მეთქი… მაგრამ…  
მაკი. ასე თუ წუხარ, საქართველოდან ემიგრირებულთა ექსპოზიცია მოვაწყოთ და იქ გამოვფინოთ! ჩვენს მარანს ორიგინალურ ელფერს შესძენს, ტურისტებსაც გვარიანად მოიზიდავს… (კულონიან ძეწკვს ყელზე შეიბამს). გმადლობთ გველო! (პლატინს). ჩხიკვს, რომ უყვარს ბრჭყვიალა ნივთების მოპარვა და გადამალვა კი გამიგია, მაგრამ გველს თუ ასე მოსწონს სამკაული, რას ვიფიქრებდი… 
პლატინი. მაგათ განძის მოვლა-დაცვა უყვართ…  
მაკი. ნატვრისთვალს ათამაშებენ… შენ, შემთხვევით ხვითო, ხომ არ გიპოვია… მოდი, კიდევ ვსინჯოთ, ვნახოთ რა წამოედება ანკესს!  
პლატინი. სად მიგაქვს, ყველაფერ ამაში დიდი თანხა მაქვს გადახდილი!  
მაკი. კაცს მარნის დირექტორად გნიშნავ და მცირეოდენი საჩუქარი, რომ მომართვა რა გასაკვირია…  
პლატინი. რას გადამეკიდე ამ მარნით, არ ვარგივარ მე მაგისთვის არ ვარგივარ! არც ყურძნის წვენი მეპიტნავება!
-->
მაკი. შენ რა, ღვინო საერთოდ არ დაგილევია?!
პლატინი. ღვინო… (შეფიქრიანდება). როგორ არა, იყო დრო, გველის ღვინოს მივეჩვიე ძალიან…
მაკი. რაა, ეგ რა ღვინოა?!
პლტინი. სპირტიან ბოთლში ჩასმული კობრა ფოლგაზე მაინც არ გინახავს? გველი და მისი შხამი მაგნაირი სასმელის დამამშვენებელია…
მაკი. ჰო, ვიცი, კობრას ნაღველს ბრინჯის ღვინოსთან აზავებენ… და მერე იმავე გველისგან დამაზადებულ კერძთან ერთად მიირთმევენ… რა სადიზმია… ცოცხალს ჯერ ნაღველს ამოაცალიან და მერე…
პლატინი. (აზარტით). გველს, ზოგჯერ მორიელსაც უმატებენ!
მაკი. მაგრამ სამკურნალოდ ხვლიკის ღვინოა გამორჩეული, ამბობენ კიბოსაც კი კურნავსო…
პლატინი. ეგეც დამილევია, მაგრამ მე უფრო გველისას ვეტანებოდი…
მაკი. მიტომაც შემოგეჩვია ეს გველი, გრძნობს მისი მოდგმის შხამი, რომ გიდუღს ძარღვებში…
პლატინი. არაფერიც, სპირტი შხამს ანეიტრალებს და…
მაკი. (შეფიქრიანდება. თავისთვის). ჰმ, ხვლიკისას არაო… (დაეჭვებული). დაიცა, ამ ჩემს მარანში მალულად ხომ არა ამზადებ მსგავს რაიმეს?
პლატინი. აჰ, არა, არა, არც მისინჯავს… მას შემდეგ, რაც ჩინეთის სანაპიროსთან, სამი ბოთლი ზედიზედ გამოვცალე, სმასაც და მოწევასაც უცებ მივანებე თავი… ჩვენებური ღვინის დანახვას კი, საერთოდ ვეღარ ვიტანდი...
მაკი. ანუ განკურნების მაგივრად ერთიანად გადაჯიშდი, ასე იცის უმადურებამ, კაცი მამაპაპურ ტრადიციას ერთბაშად რომ აითვალისწუნებს და სხვისას უაზროდ დახარბდება, ადრე თუ გვიან იმ ცნობილ ღამურას დაემსგავსება…
ჩემი ვაჟკაცი… (ქვევრის ძირში რაღაცის დანახვას ცდილობს). მარანი ქართველი კაცისთვის, ოდითგანვე წარმოადგენდა წმინდა ადგილს. თუმც იგი სულხანსაბას განმარტებით საღვინე სახლია, არსად იმდენი რიტუალი არ სრულდებოდა, როგორც მარანში… (სარცხი, თითქოს რაღაცას წამოდო). აქ იკვლებოდა შესაწირი ცხოველი, ხშირად ქორწილსა და ნათლობასაც აქ იხდიდნენ… ბევრგან, ციხე-კოშკების ქვედა სართული მთლიანად მარანს ეკავა. მის წინა მოზრდილ ნაწილში ქვევერები იყო ჩამარხული… კედელთან კი, მთელ სიგრძეზე სხვადასხვა ფერის ყურძნის დასაწურად განკუთვნილი ორთვლიანი საწნახელი იყო მიშენებული. (სიტყვა საწნახლის გაგონებაზე პლატინი შეხტება).  
პლატინი. (თავისთვის). ოლდრიდო, ოლდრიდოო! (თავს დახრის). 
მაკი. სხვა მხარეს ბუხარი გახლდათ ჩაშენებული. აქვე იყო ჭირნახულიც და სურსათიც, პურის საცხობი ხელსაწყოც… მგონია კიდევაა რაღაც!  
პლატინი. ჩემია, ჩემი! 
მაკი. თუმც, ლიხთიმერეთში, განსხვავებული ჰავის შესაფერისად, სხვაგვარად გამართული ჭურ-მარანი ახარებდა კაცის გულს… (წაიმღერებს). იმერეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო… მაგრამ უმთავრესი მშვენება იქაურობისა, რა თქმა უნდა, ღვინო გახლდათ…
პლატინი. (ქვევრის თავს, ხან ერთი მხრიდან მიუდგება, ხან მეორე მხრიდან). ვისღა უნდა ჩვენებური სტუმარ-მასპინძლობა, ხალხი ფულზეა დაგეშილი , ყოველი წუთი, ყოველი ხელის ჩამორთმევა და ყოველი ღიმილი გადაანგარიშებული აქვთ... მოიტა გამოვრეცხავ! (სარცხის ტარს წაეტანება).
 
მაკი. ციც! (ხელს გააშვებინებს). შენ, უპირველესად ტვინი გაქვს გამოსარეცხი! …წარმატებით ვითარდება მზაკვრული პოლიტიკა კრიზისული ადამიანის შესაქმნელად, ადამიანის იმგვარი ტიპისა, რომელიც მიზანმიმართულად მზადაა ყოველგვარ ღისებაზე უარი თქვას… აკი, თავად ფილოსოფოს პლატონს წამოცდა, ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელშიო… ფოლგა ორასმეოთხე… (პლატინს) სხვათაშორის, ბერძნულად პლატონი მხრებგანიერს ნიშნავს… ჰოდა, გასწიე მხარგრძელობა! ჩადე ინვესტიციები ამ მშვენიერ წამოწყებაში!  
პლატინი. რა მხარგრძელობა, რა ინვესტიციები, არ გამოვდგები მე ამისთვის, არ გამოვდგები! სად მაქვს ფული, კომუნისტების მერე ორმოცდაათიათასი წამიხდა შემნახველ სალაროში… 
მაკი. განიჰილისტრებული სუბიქტი ხარ, თუმც, იქნებ თამაშობ კიდეც…  
პლატინი. არაფერსაც არ ვთამაშობ, გამქურდა ამ გველმა… 
მაკი. ტურიზმის აღორძინებაზე ამბობ უარს?!  
პლატინი. ტურიზზმზე არა, ტურიზმზე უარს როგორ ვიტყვი, მაგრამ ჯერ ჩემი ქონება დამიბრუნე! 
მაკი. შენ ფული რად გინდა, მაინც ოყნაზე ზიხარ… (სარცხს ამოწევს, მის ბოლოზე ოქროს საყურეებია გამობმული. მაკი მსწრაფლ ჩაავლებს ხელს). აი რეკლამაც სიზმარივით ამიხდა… ქალს დაამშვენებს საყურე, გამორჩეული ელფერის… მშვენიერი საჩუქრებია, გმადლობთ პლატინ! ვფიქრობ, ოქროს საათიც უნდა იყოს შიგ! (პლატინი სარცხის ტარს წაეპოტინება). აბა ძალადობა არ იყოს, ისიც გეყოფა ჩემი ლეღვების ჩატკბილულ კანთან, რომ ამაყარებდი სექსუალურ კავშირს…  
პლატინი. მომეცი ჩემი საყურეები!  
მაკი. რას ამბობ, ეს ხომ ქალისაა, არ შემარცხვინო…  
პლატინი. მაყაჩაღეებ?!  
მაკი. ჩჩუ, არვინ გაგვიგოს, ამ ამბის გახმაურება არც შენ გაწყობს და მართალი გითხრა ზედმეტი ცნობისმოყვარეები, არც მე მესაჭიროება!..  
პლატინი. ამას ვის გადავეყარე, რას ვიფიქრებდი! (სასოწარკვეთით). გამქურდა ამ გველმა… 
მაკი. ჩემო ვაჟკაცო, კაცს მხედრული შემართება უნდა ამშვენებდეს! (ჩექმებზე შეაცქერდება). სწორად შერჩეული, ფეხზე კარგად მორგებული ფეხსაცმელი, ბევრად განაპირობებს მოხდენილ სიარულს… მაგრამ როგორც პოეტი ამბობს, ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე რაა მამაული… შენი სვარკისგან კი ბალახი გაქრა, გამოხმა აქაურობა. ამას დიდი პოეტი არ მოგვიწონებდა… გალაკტიონის სახელი ხომ მაინც გსმენია, მას ამ მარანში ზედიზედ სამი დღე აქვს გატარებული… (სარცხს მოიმარჯვებს). აბა ვნახოთ, კიდევ რა დარჩა შიგ! (ალერსიანად) და მან ძვირფასი თვლის სურნელი შემომაფრქვია!  
პლატინი. ტვინს მირევ, ტვინს მირევ! ჯერ, ჩემი ნაპოვნი ბრილიანტი მიითვისე…  
მაკი. ჩჩუ, თორემ ჩემი ადვოკატი, სასამართლოში შენს წინაამღდეგ ისეთ სარჩელს შეიტანს, თანაც თუ ინკოგნიტოსთან დარეკვა დამაგვიანდა…  
პლატინი. მაშანტაჟებ ხომ! 
მაკი. არა პლატინ, ტრენინგს გიტარებ! უკეთესია მოვრიგდეთ, აგერ აქ, ბაბილოს სამკუთხედში, ჩვენ-ჩვენი სიმართლით წარვსდგეთ კოსმიური სამჯავროს წინაშე, თუ გაიმარჯვებ, ჭურიდან სარცხის ამოღების ნებას შენ მოგცემ… ოღონდ, შემდეგ მარანის განახლებაში უნდა დამეხმარო…  
პლატინი. აჰ, სიმართლის დრო მოგინდა? (შეფიქრიანდება). მოვიდა! მაგრამ სანაძლეოდ აი, იმ ბრილიანტს ჩამოდი, პაპაშენის ყანწის ბოლოში, რომ არის ჩაკვეხებული…  
მაკი. (მშვიდად). ვიცოდი, ბრილიანტზე ოცნებას ასე ადვილად, რომ არ შეელეოდი… მოვიდა! მაგრამ თავი მოიწესრიგე… დენდივით უნდა გამოკოხტავდე… რაც არ უნდა იყოს სიმართლეს უნდა გაუსწორო თვალი… (პლატინს საშხაპისკენ წაუბიძგებს და გადის).
მეოთხე სურათის დასასრული


სურათი მეხუთე

"ფანჩატურში" მდგომ სავარძლებში, ერთურთის პირისპირ გამომწვევად ჩაცმული მაკი და პლატინი სხედან. დაბანილ-დავარცხნილი, მოხდენილად ჩაცმული პლატინი აშკარად გადასხვაფერებულია. მაკის სახეს მარაოთი ინიავებს, თან ჩანაწერებიან ფურცელს ათვალიერებს.
საჩრდილობელთან, მრგვალ მაგიდაზე აღმართულ აბრაზე, მსხვილი ასოებით აწერია: ”ერთიანი გამჭვირვალობა”. იქვე ”თამადების თამადის” ქანდაკება დგას. ხელში ჩარჩენილ ყანწის ბოლოში ბრილიანტი ელვარებს. ქანდაკთან შამპანიურის ბოთლი, ჭიქები და რამდენიმე ლეღვი დევს.
ლეღვის ხის ერთ-ერთ ტოტზე, გველი ფარულად გაწოლილა. იგი ბრილიანტს უთვალთვალებს.
ქვევრიდან სარცხის ტარი მოჩანს.
მუსიკა შეწყდება. მაკი პლატონს მოხდენილად გაუღიმებს.
 
მაკი. დენდივით სუფთად ხარ გაპარსული, სასიამოვნო სურნელით შემკული, ფრჩხილებგაკრიალებული… ასე მოკლე დროში როგორ მოახერხე?!  
პლატინი. პროფესიონალური ჩვევაა.. 
მაკი. საინტერესოა, თუ მზად ხართ დავიწყოთ!  
პლატინი. დიახ… მე გალაქტიკის თავისუფალი მოქალაქე ვარ! 
მაკი. კეთილი, თქვენ, იცით თამაშის წესები, შეგახსენებთ ბიოველად შემორჩენილი ბაბილოს ეფექტი სიმართლეს შესაბამისი მუსიკალური ვიბრაციით დაამოწმებს, ტყუილს კი…  
პლატინი. დიახ, ვიცი… მე გალაქტიკის თავისუფალი მოქალაქე ვარ! 
მაკი. ასევე უფლება გაქვთ სამი სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში საპირიპირო კითხვა დამისვათ…  
პლატინი. მოუთმენლად ველოდები!  
მაკი. მაშ, დავიწყოთ… თქვენ, ბავშვობაში დედიკოს ბიჭი იყავით?  
პლატინი. (მთელი სიმტკიცით). არა, ბებიკოსი!
პაუზის შემდეგ ”სიმართლის” დამადასტურებელი მუსიკა აჟღერდება.
-->
მაკი. თქვენი პასუხი არის უკიდურესად სწორი და თქვენ პირველი ასი ქულა გაქვთ. აგვიხსენით რატომ მაინცადამაინც ბებიკოსი?
პლატინი. ბებიკო იანა ნიტიფოვნა, როგორც შემდეგ გაირკვა მაშინდელ კაგებესთან იყო შეკრული და თავის ვაჟიშვილს, ანუ მამაჩემს, ფუნდამენტალური ფიზიკის მკვლევარს უთვალთვალებდა… მე დაგეშილი ვყავდი და როცა მამაჩემი კაბინეტში შეკეტვას დააპირებდა, ფარდის უკან ვიმალებოდი…
მაკი. რათა მერე ამბავი ბებიკოსთან მიგეტანა და იგი კამფეტებით გასაჩუქრებდა…
პლატინი. დიახ, ზოგჯერ შოკოლადის ფილასაც მაძლევდა…
მაკი. და რას აკეთებდა მამაშენი, როცა ოთახში შეიკეტებოდა?
პლატინი. რაღაც გათვლებს აწარმოებდა, მერე უცებ უჯრიდან ტიტველი ქალების სურათებს ამოიღებდა და… (დაირცხვენს).
მაკი. გასაგებია, ბებო არაფერს ეუბნებოდა ამის გამო…

პლატინი. არა, პირიქით, მაფრთხილებდა, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა და ვინმესთან სიტყვა არ დაძრაო… ერთხელ კი წამოცდა, რაც მთავარია პარტიას არ ღალატობსო…
მაკი. არც დედაშენისთვის გითქვამს?

პლატინი. არა, ბებიკოს დავალებით ზოგჯერ მასაც ვუთვალთვალებდი… (დაირცხვენს).
მაკი. კარგით, არ გვინდა… მეორე კითხვა, სამშობლოს შენში რა ადგილი უკავია?
პლატინი. სიცარიელეს ვგრძნობ… (იქვე, თანხმობის გამომხატველი მუსიკა). რომელიც შევსებას ელოდება…
მაკი. ეს სიმართლეა! მესამე კითხვის დროც მოვიდა, თუ მართალ პასუხს გასცემთ, თქვენ შეგეძლებათ საპასუხო კითხვის დასმა… მზად ხართ? (პლატინი თავს დაუქნევს). ჟურნალ-გაზეთების საბეჭდად გამოყენებულ ფოლგებს, ანუ ფირფიტებს, რომლებსაც თქვენ ჯართის სახით იბარებთ, იყენებთ თუ არა ჯაშუშური საქმიანობისათვის?
პლატინი. (გაოცებული შეხედავს, მერე ღრმად ამოსუნთქავს). დიახ, ტექსტებში დატანებული კოდების მეშვეობით, გარკვეული კომპენტეტური პირები მაწვდიან ცნობებს ქვეყანაში ამა თუ იმ პირთა საიდუმლო ვიზიტების შესახებ. აღნიშნულ ფოლგებს, სათანადო დახარისხების შემდეგ, სხვა ჯართთან ერთად ვაგზავნი საზღვარგარეთ…
მაკი. ბრავო, იჭვის საფუძველი ყველაზე ნაკლებია, ჩვენ ხომ მრავალი წელია, ჯართის ექსპორტირებას წარმატებულად ვახდენთ… დაველოდოთ სწორ პასუხს… (პაუზა. შესაფერი მუსიკა…).ეს სიმართლეა! თქვენ სამი ქულა გაქვთ, უფლება მოიპოვეთ სათანადო კითხვა დამისვათ…
პლატინი. (გამომწვევად უღიმის. თვალს ჩაუკრავს). ქალიშვილობისას, დეკამერონის წაკითხვის შემდეგ, გაგიჩნდათ მალული სურვილი, ვინმეს თქვენზე კეთილგანწყობილად ეძალადა.  
მაკი. (შეკრთება). არა!
პასუხის უარმყოფელი მუსიკა.
 
პლატინი. თქვენ იცრუეთ, თქვენი ქვეცნობიერი შეგეწინაღმდეგათ…  
მაკი. არც არასოდეს მომსვლია მსგავსი ფიქრი…  
პლატინი. მაგრამ თქვენს სიღრმეში მიჩქმალულმა მაშინდელმა წადილმა, სხვაგვარად იფეთქა…  
მაკი. კეთილი, დამატებითი ასი ქულა თქვენია, თამაშს ვაგრძელებთ… მეზღვაურობისას, გემზე, მეგობარი მამაკაცი გყვადათ? (ნიშნისმოგებით შეაჩერდება).  
პლატინი. არა!
შეღრიალების მსგავსი ხმა.
 
მაკი. იცრუეთ!..  
პლატინი. არ მიცრუია, მასტრუბაციით ვერთობოდი… 
მაკი. კითხვაში, სუფთა ადამიანური მეგობრობა იყო ინტეგრირებული, თქვენ კი ინტიმურ კავშირზე გაამახვილეთ ყურადღება… 
პლატინი. ეს, ხვანცარიკული შეკითხვა იყო… 
მაკი. როგორი?  
პლატინი. ხვანცარიკული… ეს მიმართულება შიდა პოლიტიკურ სამსახურებში ჩვენგან დაინერგა...  
მაკი. (მაყურებელს). ვიძლევი განმარტებას: ხვანცარიკი _ორტოტი მახე, რომელიც ერთი თავითაც იჭერს და მეორითაც… ასე განმარტავს მას სულმნათი აკაკი. მაგრამ იმერულ კილოკავში შემონახულ ამ მოქნილ სიტყვას, სხვა, უფრო ხატოვან დატვირთვას აძლევს და ხშირად მოიხსენიებს ყალთაბანდის, თვალთმაქცის მნიშვნელობით. ასე მაგალითად: შენ რისთვისაც ხვანცარიკობ, კი შეგატყვეთ, არ ვართ ბრმაო… ან კიდევ უნდა ვითათბიროთ… პირდაპირ და რაინდულად, თორემ ხვანცარიკობა, იქით-აქეთ კუდის ქნევა… ყველგან ვერ გაჭრის… დაილოცოს ქართულ სიტყვათა მადლიანი სალარო, ამასთან სად მოვა დღევანდელობაში ყბადაღებული გამოთქმა: ორმაგი სტანდარტი! ზუსტადაც, რომ მავანთა უთავბოლო ხვანცარიკობამ და იქით-აქეთ კუდის ქნევამ დააჩიავა ჩვენი ქვეყანა… ფოლგა სამასჩვიდმეტი! (პლატინს) მაშ, ხვანცარიკული? პლატინი. თუნდაც დივერსიული დაარქვით!  
მაკი. და მომდევნო კითხვაც შესაბამისი იქნება. (დაჟინებით შეაეჩერდება). ინდოეთის ოკეანის სანაპიროებთან ცურვისას, რომელ კონტინეტზე მდებარე ქვეყნის უშიშროებამ გაგიკეთათ ვერბოვკა: აფრიკის, აზიის თუ ავსტრალიის? 
პლატინი. (შეიშმუშნება, პასუხის გაცემა უჭირს). სამივე…  
მაკი. (გაოცებული) რა სამივე?!  
პლატინი. სამივე კონტინეტზე…
მაკი. იმის თქმა გინდა, რომ სამივე კონტინეტზე მდებარე ქვეყნების ჯაშუში ხაართ?! დააზუსტეთ…
 
პლატინი. (პლატინი თავს უქნევს). სამივე კონტინეტზე მდებარე, სამი სხვადასხვა ქვეყნის…
მაკი.
(აღფრთოვანებული). მალადეც იანა ნიტიფოვნა, ყოჩაღ! აი, რას ნიშნავს ძველი კაგებეს სკოლა! პასუხი მიღებულია!
პაუზა. გაისმის იდუმალი ჟღერადობის მუსიკა.
პლატინი. მეოთხეც მიპირებდა მაგრამ, საბჭოთა კავშირი დაიშალა და…
მაკი. ყოჩაღ, იანა ნიტიფოვნა, ყოჩაღ! ზოგი ერთი ქვეყნის დაზვერვას ძლივს ემსახურება. მორიგი კითხვა. საიდუმლო წვრთნა, სიმულაციურ ხრიკებში, სად გაიარეთ: აფრიკაში აზიაში, ავსტრალიაში…
პლატინი. ტრიუმში… (უნებლიეთ შეკრთება. დააზუსტებს). გემის ტრიუმში!
პაუზის შემდეგ დადებითი პასუხი.
 
მაკი. საოცარია, მაგრამ სიმართლეა. ერთიანმა გამჭირვალობამ გემი მცურავ კონტინენტად აღიქვა… და შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და დამსახურებულად მიიღოთ ერთი ლეღვის სრული კანი...  
პლატინი. (ტუჩებს გაილოკავს. უცებ ). არა, თუ ლუსტრაციაა, ლუსტრაცია იყოს!  
მაკი. კეთილი… დემოკრატიული პროცესების სიმულაცია გრძელდება! --> (კაბის უბეს გამომწვევად შეისწორებს). შემდეგი კითხვა, ნაქურდალი, ჯართის სახით შემოსული ხელოვნების ნიმუშების დანაწევრება აღაგზნეებთ?  
პლატინი. შეკითხვა არასწორადაა დასმული, მე ერთი ცნობილი ნარკოდილერის ჩახლართულ გზებს ვიკვლევ… ჯართად ჩაბარებულ ქალის ქანდაკში კოკაინის ფხვნილი აღმოჩნდა, უფრო სწორად, მის ქვედა ნაწილში, ანუ ტრიუმში… და თქვენ, ჩემთვის ხელი რომ არ შეგეშალათ…  
მაკი. (შეცბუნებული, თავისთვის). კიდევ კარგი ინკოგნიტოს არ დავურეკე… (პლატინს). თქვენ ვალდებული ხართ დასმულ კითხვაზე პასუხი გასცეთ…  
პლატინი. დიახ, აღმაგზნებდა, რადგან ვფიქრობდი, რომ მათში გამომწყვდეული შემოქმედებითი ენერგიები თავისუფლებას იმსახურებენ… მაგრამ ამჯერად სინდისის ქენჯნას განვიცდი, რადგან ძალადობა ძალადობას წარმოშობს. ამგვარად გამონთავისუფლებული ენერგია, შესაძლოა რიგით მოკვდავს შეუჩნდეს და იგი თანამედროვე გამოწვევების ტყვედ აქციოს…  
მაკი. (აღფრთოვანებული). პასუხი ფრიად ორაზროვნულია. (ახმიანდება თავისებურად ქაოტური მუსიკა).მაგრამ როგორც ჩანს იგი დასმულ კითხვას აკმაყოფილებს…
პლატინი. რადგან პერსპექტივის შანსს გვიტოვებს...
მაკი. კეთილი… მიიჩნევთ თუ არა, რომ თქვენი სასიცოცხლო ენერგია სიმულაციებისგან შედგება? 
პლატინი. (დაიძაბება. იხსენებს). ცხოვრების სიმულატორი თამაშები, ხელოვნური ცხოვრების თამაშები…  
მაკი. დიახ, დიახ… შეგახსენებთ, ეს არის თამაში, რომელშიც მოთამაშე აკონტროლებს ერთს ან რამდენიმე ხელოვნურ სიცოცხლის ფორმას… მაგრამ ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ ეს არაა კომპიუტერული თამაში, იგი რეალურ სინამდვილეში მიმდინარეობს…  
პლატინი. ეს საიდუმლო ინფორმაციაა… 
მაკი. ბიოლოგიური თამაში იძლევა შესაძლებლობას განვახორციელოთ გენეტიკური ცდები, მოვახდინოთ ეკოსისტემის მოდელირება… ცხოველთა გამზრდელი სიმულატორები…  
პლატინი. (აღელდება). მე რა შუაში ვარ, ის გველი დამოუკიდებლად მოქმედებს, ეტყობა, ოქროზე ნადირობა, მისი ჰობია!  
მაკი. კეთილი, და ბოლოს, სოციალური სიმულატორი თამაშები, თამაშის გმირებს შორის ავითარებენ სოციალურ უთიერთობებზე დაფუძნებულ სასურველ გარემოს… მომძლავრდა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების სიმალაციის ნაირგვარი ფორმებიც… და ვიმეორებ შეკითხვას, მიიჩნევ თუ არა, რომ შენი სასიცოცხლო ენერგია სიმულაციებისგან შედგება?  
პლატინი. ეს კითხვა კონკრეტულად მე არ მეხება, რადგან, თავად -->ადამიანი კოსმიური სიმულაციების შედეგია… თუმც, ეს საიდუმლო ინფორმაციაა…
მაკი. და მაინც? (პლატინი თითქოს პასუხის გაცემას სხვადასხვაგვარი მიმიკებით ცდილობს. პასუხად ციდან დაიგრუხუნებს მერე გაიელვებს და აქა-იქ წვიმის წვეთები დაეცემა. მოულოდნელად ელვა ბრილიანტზე ასხლტება და პლატინის პირთან გაინასკვება. პლატინი შეტოკდება, მერე გონმიბნედილი თვალებს მილულავს). რას მეთამაშები, თუ ეს თავისებური პასუხია?.. (ცას ახედავს). მზე პირს იბანს, აი, ჰორიზონტზე ცისარტყელაც გამოჩნდა… ღმერთო, ხელი მომიმართე! (წინ მჯდომს მარაოთი სახეს დაუნიავებს). ნიავის მოდელირება… (წაიმღერებს). გამოექცა ნიავი შფოთს, ქარიშხალს და ქარაშოტს, მარაოში თვალებს ნაბავს, სასურველთან ბააასობს... (პლატინი მიმიკით გამოხატავს, რომ ნასიამოვნებია). კი ბატონო, თუ სიმულაციური განტვირთვა გიშველის, ითვალთმაქცე! მე კი, ჩემეულ ტრენინგს შემოგაგებებ… მარნის უმთავრესი მშვენება, რა თქმა უნდა ღვინოა; ფერის მიხედვით თეთრ, წითელ და ვარდისფერ ღვინოებს გამოყოფენ, სიტკბოს მიხედვით კი მშრალს, საშუალოს ანუ ნახევრადმშრალს, ნახევრადტკბილს და ტკბილს. ღვინის დასაგემოვნებლად აუცილებელია სასმელი მთელ პირის ღრუს შეეხოს, სიტკბო კი ენის წვერით შეიგრძნობა… (პლატინი ბაგეს გაილოკავს). ეეჰ, ამას მგონი ლეღვის კანი ელანდება!  
პლატინი. (წაიმღერებს).
ბაბილო, ბაბილო, ბაბილოო,
ნაფიცო ძმასავით შეზრდილო,
ნაკურთხო, ზედაშედ მოსულო,
ცრემლებად ეპკურე მამილოს…
ბაბილოო…
(თითქოსდა ვაზს ეფერება).
 
მაკი. საოცარია! ქვეცნობიერი მიგვანიშნებს რომ… 
პლატინი. (თვალებდახუჭული პლატინი გასწორდება, ხელს ისე მოიმარჯვებს, თითქოს ღვინით სავსე თასი ეჭიროს). სტუმარი ღვთისაა, ღვთიური მინიშნებაა ამ შეგეგებაში… მარანს გაუმარჯოს, ღვინის ერთგულ აბჯროსანს, ღვინის დამბინავებელს, შემნახავს და მომვლელს... გულუხვ მასპინძელს, სტუმრის მოსიყვარულეს, დამლოცველს და დამკვალიანებელს! (სასმისს თითქოსდა დაცლის). ალავერდს შენთან ვარ უჩინარავ! (ხელს მაკისკენ გაიწვდის). ახლა შენ ხარ თამადა, ანუ ლხინის ოკეანეში შეცურებული სუფრის მესაჭე! 
მაკი. (მიუხმატკბილებს). თუ ამ სიტყვას ბოლოდან წავიკითხავთ მივიღებთ ”ადამათ”-ს, ანუ პირველ კაცად შესახელებულ კაცს…  
პლატინი. (შეცვლილი ხმით). დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? მიუგო: შენი ხმა შემომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე. უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე? გველის დანაპირები ასრულდა, ადამს თითქოსდა მართლაც აეხილა თვალი, მაგრამ მან ევასთან ერთად დაკარგა ღვთიური მადლის ანუ ბუნების უშუალოდ შეგრძნების უნარი… ედემში ცხოვრების ძალა. და მერე, აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. შეკრეს ლეღვის ფოთლები და არადაგები გაიკეთეს… მათ რომ სიშიშვლისგან გამოწვეული ის პირველი სიმორცხვე კეთილად დაეძლიათ და ლეღვის ფოთლების საფარველით ერთმანეთის გაბრიყვება არ ეფიქრათ, სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა იქცეოდა მათი ცხოვრების წესად… და ალბათ, კაენსაც არ აღეძვრებოდა ძმის მოკვლის სურვილი… (პლატინი ადრინდელ ხმას დაიბრუნებს). რა მართალი ხარ უჩინარა! რა მართალი... მაგრამ ეს არა, არა, ვერ შევძლებ! აჰ, თუ პოეტური მედიტაციაა, ბრძანეთ... (ხმა ისევ შეეცვლება).
დროა გავშიშვლდეთ,
შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით,
შემოვიძარცვოთ
ეს საეჭვო ლეღვის ფოთლები,
დროა გავშიშვლდეთ,
წრფელად ვიგრძნოთ სიშიშვლის გემო,
სხვათა თვალთვალით
ხომ ამაყობს პატარა ბენო,
თუნდაც ივანე,
თუნდაც ნიკი,
ან სულაც პედრო,
თავად ბაბუც კი,
უკვე დროა პირწმინდად გვენდოს…
ნუღა ვკეკლუცობთ
ბრმა სიმორცხვით,
ნავსი გავტეხოთ,
ედემის ბაღში დათესილი
იჭვი გავნთესოთ…
დროა, გავშიშვლდეთ,
დავუბრუნდეთ სავანეს ჩვენსას,
გეძახი მე და მეძახი შენცა!
(სავარძლიდან წამოწეული მაკისკენ გადაიხრება)
 
მაკი. ვაი, რა ერთბაშად გაუტია ამ სიმულიანტმა?! (სახეში ხელს შემოჰკრავს).  
პლატინი. (უცებ შეფხიზლდება, თვალებს გაახელს და მაკის გაოცებული შეაშტერდება) უჩინარა, უჩინარა სად გაქრა?!  
მაკი. რა, ახალი პერსონაჟია? თუ უჩინარია, ისედაც გამქრალი ყოფილა...  
პლატინი. (ლოყაზე ხელს მოისვამს). არა, ვხედავდი მისი პოეტური მედიტაცია ძალზე მომეწონა... (იქაურობას მიმოათვალიერებს. ლეღვის ტოტზე მომნუსხველად განაბულ გველს შენიშნავს). ააა! (ჟესტიკულაციით).
დროა გავშიშვლდეთ,
წრფელად ვიგრძნოთ სიშიშვლის გემო
...
მაკი. ის ბოლო არ უნდა დაგეცალა. მგონი ნამეტანი მოგივიდა…  
პლატინი. (დაბნეული. თავისთვის). ერთი სული აქვს, როდის აწაპნის... (ბრილიანტს გახედავს. მაკის). სხვადასხვა სასმისის შემარგებელი დაცლისთვის, აუცილებელი სუნთქვითი ვარჯიშები, ხალხური სიმღერების წიაღშია ჩადებული…  
მაკი. ეტყობა, ძაან შემოვცხე…  
პლატინი. ვაზი მამაკაცია, ღვინი კი ქალივით მათრობელა…  
მაკი. კი მაგრამ, რა მეხი დაგეცა ასეთი, ასე ერთბაშად, რომ დაბრძენდი?!  
პლატინი. ეს უჩინარას დამსახურებაა, რაც გონი დავკარგე, გვერდიდან არ მომშორებია… (მაკის ფარულად გველს სიყვარულით გახედავს).  
მაკი. რას აიჩემე ეს უჩინარა, რაც გაითიშე, ერთი მე ვიყავი, ვინც შენი იპროვიზაციებით ტკბებოდა...  
პლატინი. არა, შენ ჩემს სხეულთან იყავი, ჩემთან უჩინარა იყო… იგი მე მომთაბარე სისხლისმწოველებისგან მიცავდა!  
მაკი. ეტყობა, ეგ უჩინარები მართლაც ბლომად გყავს! ბარემ გაგანათლებ და მოგიყვები მათ შესახებ… ( გულდასმით). უჩინარები ანგელოზებივით არიან… დედამიწაზე ადამიანების გამოჩენამდე ცხოვრებდნენ. ისინი, რომ არა ჩვენ დედამიწაზე ადაპტაციას ვერ შეძლებდით… უჩინარასნაირი ქველების, რაინდების, მოყვასების წყალობითაა ჩვენი ცივილიზაცია, რომ ვითარდება, სასიცოცხლოდ საარსებო წყაროებზეც ისინი მიგვანიშნებენ... მაგრამ ენერგოვამპირები ახერხებენ გარკვეული ადამიანების გადაბირებას, თანამოძმეთა სასიცოცხლო ინტერესების მიტაცებაში გეშავენ… ამიტომაც ავითარებენ უჩინარები განდობილთა წრეს… (პლატინი გველს მოწიწებით დაუკრავს თავს, მაკის ჰგონია, რომ იგი მას ეპრანჭება და აღმაფრენით გააგრძელებს). რჩეულებს მუსიკალური მეტყველების ელემენტების, მელოდიის, ჰარმონიის, მეტრის, რიტმის, ტემპის, რეგისტრის და კიდევ ბევრი ისეთი რამის ცოდნას შთაბერავენ, რაც მათ უჩინარ ღირსებას შემატებთ…  
პლატინი. (გველს). და როგორც პითაგორა იტყოდა ფილოსოფია სხეულიდან სამშვინელის განთავისუფლების გზაა... არა, გველის ღვინის დასამზადებლად ნამდვილად ვერ გაგიმეტებ... (მაკის). მარანთან ბევრი ძველისძველი, რიტუალი არის დაკავშირებული და მათი სრუფასოვნად შეგრძნება, სწავლების იდუმალ მხარესთან შეხების ტოლფასია… ქართული სუფლის ტრადიციასა და კულტურაში კი სამყაროს, სახელმწიფოს, ოჯახის მოწყობისა და განვითარების კონტურები იკითხება… -->
მაკი. (გახარებული). მაგრად გამოგდის ყმაწვილო, აშკარად უჩინარას დამსახურებაა, ვფიქრობ, ამჯერად შეიძლება შენი ნდობა! ქვეცნობიერი მიგვანიშნებს, რომ…
პლატინი. კაცს მხედრული სიმხნევე უნდა ამშვენებდეს… რა თავგამოდებითაც არ უნდა ვიქადაგოთ, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი, სასურველ შედეგეს ნაკლებად მივიღებთ, რადგან თითქმის აღარ გვახსოვს მარტივი ჭეშმარიტება, აი, იმგვარი, მოხირისთან ბრძოლის წინ, რომ აუწყა თავის მხედრობას გუბაზ მეფემ… მე არ ვიცი, ვაჟკაცებო, საჭიროა თუ არა კიდევ რჩევა-დარიგეგბებით მომართვა თქვენდამი თქვენს აღსაფრთოვანებლად. ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ არავითარი მოწოდება აღარ ესაჭიროება იმათ, ვინც გარემოებათა საჭიროებითაა უკვე აღფრთოვანებული… (პლატინი მეომრულ იერს მიიღებს). საფრთხე არსებობს ხომ ცოლებისათვის, შვილებისათვის, სამშობლო ქვეყნისათვის და, ერთი სიტყვით, ყველაფრისთვის, რის გამოც... ჩვენზე იერიში მოიტანეს… (რიტმულად გადაინაცვლებს და საშხაპეში მიიმალება. იქიდან საზღვაო ქვეითის ფორმაში ჩაცმული გამოვა. შესაფერისი მუსიკის რიტმზე თავდაცვით ვარჯიშებს წამიწყებს. შიგადაშიგ ისე ჩანს, თითქოს ”უჩინარი მწვრთნელი” ილეთების ათვისებაში ეხმარება).
მაკი. ქვეცნობიერი მიგვანიშნებს, რომ... საქმე საქმეზე, რომ მიდგეს დაუცველს საფრთხისაგან დაიცავ... რეზერვისტადაც ივარგებ! (ტაშს შემოჰკრავს). გაიმარჯვე, შენ გაიმარჯვე! (გაისმის საზეიმო მარშის მაგვარი ჰაგები).
პლატინი. (ხელს სამხედრო პირივით აღმართავს. მერე, თითქოს გონს მოეგება). გავიმარჯვე, ბრილიანტი მე მერგო!
მაკი. (დანანებით). რა გაეწყობა, აიღე…
პლატინი. (პლატინი გახარებული მივა ქანდაკებასთან. ბრილინტს ხარბად ათვალიერებს. მის ამოღებას მოინდომებს და უცებ ლეღვის ტოტიდან მომზირალ გველს შეაჩერდება. გაუღიმებს). არა, ვერ გაგანაწყენებ, მხოლოდ შენს შემდეგ... (ბრილიანტს თავს მიანებებს. შეფიქრიანდება. მერე მომლოდინე მაკის შესცინებს). ეს ხომ საგვარეულო რელიქვიაა, არ შემერგება… მირჩევნია სარცხის ამოღების უფლებით ვისარგებლო. (ქვევრთან მისული სარცხს თითქოსდა ალალბედზე ამოსწევს. ბოლოში, ხის ქერქზე თვლიანი ბეჭედია აკრული. პლატინი იჭვით შეათვალიერებს). ეს, ეს რაღაც… (შეყოყმანდება).  
მაკი. არ გეცნო ხომ?!  
პლატინი. მეცნო, მეცნო, ის ქალი…  
მაკი. (მასთან მივა). საზღვარგარეთ ნამდვილად არ წასულა!  
პლატინი. ვითომ რატომ?  
მაკი. იმიტომ ვაჟბატონო, რომ ეს ბეჭედი, ცხონებულ ბებიაჩემს ეკუთვნოდა და მე დამიტოვა სამახსოვროდ…  
პლატინი. თუ ასეა! (სარცხს გვერდზე გადადებს და ქალს ბეჭედს თითზე გაუკეთებს).  
მაკი. (შეკრთება). რა ხანია მსგავსი შეგრძნება არ მქონია… (პლატინს). მაშ, მზად ხარ კომპანიონობა გამიწიო? (პლატინი თავს დაუკრავს). მერე აგენტობა?!  
პლატინი. მერე რა, იმ სამ ქვეყანას ეს მარანიც დაემატება… მთავარია უჩინარას არ ვუღალატო! (ფარულად. გველის მისამართით). ერთი სული აქვს, როდის აწაპნის და ჭურში გადამალავს... (ორაზროვნულად ჩაიცინებს. მაკის). უჩინარები უჩინარობენ!..  
მაკი. მგონი დროა, გამაცნო, ეგ შენი უჩინარა…  
პლატინი. თუ ვერ დაინახავ, ისე ვერ გაიცნობ… დანახვას კი, გარკვეულ სულიერ საფეხურზე ამაღლება უნდა…  
მაკი. აშკარაა, მომთაბარე ვამპირის სახეს, კეთილი და ქველი უჩინარა ჩაენაცვლა…  
პლატინი. უჩინარები ენერგოვამპირებისგან გვიცავენ… მათ ამოცნობაში გვეხმარებიან…  
მაკი. (ვითარებას თითქოს უმალ აუღებს ალღოს. წამით გაირინდება, ჰაერს შეიყნოსავს, მერე გუმანით ადგილს მოინაცვლებს და უცებ შეჰყვირებს). მიმიფურთხებია შენი ტორპედოებისათვის! (უხილავ ვამპირს საზარდულთან მუხლს მარჯვედ ამოჰკრავს. ის კი, წვრილ, კივილისმაგვარ ხმას ამოუშვებს). აორთქლდა!  
პლატინი. შენ გენაცვალე, ზედ ტორპედოებზე ატაკე… (უნებლიეთ ხელს ფეხებშუა მიმოიტარებს). ნეტა უჩინარს ენახა, რას გაიხარებდაა....  
მაკი. მერე სად გაქრა ის დალოცვილი?  
პლატინი. უჩინარებს იოსფეროსა და დედამიწის სასიცოცხლო ქერქის დაცვა ევალებათ, ამიტომ ძალზე მოუცლელები არიან…  
მაკი. აბა, იმედი არ უნდა მქონდეს მისი ნახვის?  
პლატინი. ყველა დაწინაურებულს ჰყავს თავის უჩინარა, მთავარია, ადამიანი მის შეგრძნებაში დახელოვნდეს… შენც გყავს შენი უჩინარა, ერთხელ იმ ჩემმა უჩინარამ თავისი თვალებიდან გამომახედა და შენში ისეთი მომხიბვლელი მშვენიერება აღმოვაჩინე!!! (შეაშტერდება). -->
მაკი. (ნიშნისმოგებით). მერე, მეც შემახედე შე კაცო!
პლატინი. შენ, შენმა უჩინარამ უნდა გამოგახედოს შენივე თვალებიდან…
მაკი. რათა შენში მამაკაცური მშვენიერება აღმოვაჩინო! (იცინის).

პლატინი.
(ნიშნისმოგებით). ამისთვის პოეტური მედიტაციების მთელი ციკლი უნდა გაიარო… ნეირო-ლინგვინისტური პროგრამირება გამოდის წარმოდგენიდან, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი მოდელი, რუკა, რომელიც ასე თუ ისე განსხვავდება ტერიტორიისგან, რომელსაც აღწერს. ერთი ადამიანის რუკა განსხვავდება მეორე ადამიანის რუკისგან…  
მაკი. (ხალისით გააგრძელებს). რუკის შიგნით არსებობს და შეიძლება აიგოს უამრავი რეალობა სხვადასხვა თვისებით და შესაძლებლობებით. ფოლგა ოთხმოცდამეშვიდე…  
პლატინი. დიახ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში… ჩვენივე ინტერესთა შერწყმის კვალობაზე დელიკატურად მოვახდინოთ ჩვენივე რუკების და ტერიტორიების გაფართოება… ნეირო-ლინგვინისტური პროგრამირება… სერიიდან ადამიანის მართვის ტექნოლოგიები… ფოლგა ასმეერთე.  
მაკი. (მხიარულად) ტვინის ასარევი, ტვინის ასარევი!  
პლატინი. ვისთვის ტვინის ასარევი და ვისთვის ჭკუის საკითხავი… ტურიზმის განვითარებაზე ამბობ უაარს?! -->
მაკი. ააჰ, რა მეტამორფოზაა?! ქვეცნობიერი მიგვანიშნებს, რომ… აგრამ არც ის დაგავიწყდეს, ჩემი მოფრენილები შენს უჩინარებზე ნაკლები როდი არიან…
პლატინი. (საწნახლისკენ იჭვნეულად გაიხედავს, მერე კი დინჯად). ჩემი უჩინარა შენს მოფრენილებსაც ეკოტანქტება, გარკვეულ ინფორმაციასაც ცვლიან ერთმანეთში…  
მაკი. ანუ იმათი უშიშროება ამათ საშიშროებასთან თანამშრომლობს… (იცინიან).  
პლატინი. ჰო, (საიდუმლოდ). ამას წინათ უთხოვიათ, საწნახლიდან შემოსვლა გვიჭირს და პირდაპირ კედელში ჩატანებული ფარული კარიდან შემოვფრინდებითო! 
მაკი. (ცას ახედავს). მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; (სულიწმიდისადმი მიძღვნილ ლოცვას ჩურჩულით გააგრძელებს. ხალისიანად). ნუთუ მართლა არიან უჩინარები?  
პლატინი. (დამაჯერებლად). არიან, ქალბატონო მაკი, არიან… ისინი ხშირად ცდილობენ ჩვენს გამხნევებას, ჩვენს გადარჩენას… გატაცებულ ადამიანებს უკან აბრუნებებ. მაგრამ ბევრი, უკან დაბრუნებაზე თავად ამბობს უარს… 
მაკი. (მობილურის ზარი). ტურისტული სააგენტო ბაბილო გისმენთ! შვილო, შეენ?! დედა, სად ხარ, დედა! (პაუზა). ჩემმა ხალხმა მოგაგნო არა… რისი გრცხვენია შვილო… შენ გენაცვალე, შენ… (ქვითინებს). არა უშავს დედა, არა უშავს, ცრემლი კარგად მაქვს დაცდილი… გისმენ, გისმენ! (პაუზის შემდეგ). ჰო, ჰო, ტურისტული სააგენტო! მალე მარნის განახლებას შევუდგები. აუცილებლად, აუცილებლად ჩამოდი, შენ აქ დიდი საქმეები გელოდება… კარგი დედა, ნუ ტირიხარ. ისიც გვეყოფა მარნის ქვევრი, ლმის ცრემლით, რომ ავასე. გამოგზავრების ხარჯებს სააგენტო დაგიფარვას. ჰო, პოლს მიმართე, გელოდები. (ცრემლანარევი ხმით). გკოცნი… (პაუზა. წამღერებით).
ბაბილო, ბაბილო, ბაბილო,
ვაზოო ცისაკენ აწვდილო…
ეს ლეღვი მშვენიერი მაგალითია იმის, თუ ჩამწარებული გულით, როგორ შეიძლება სარგებელი მოუტანო სხვას…

პლატინი. და ჩატკბილებული კანით…  
მაკი. ქვეცნობიერი მიგვანიშნებს, რომ... მეტამორფოზაც ამას ჰქვია… (ბრილიანტის მოთვალთვალე გველს, ახლა ისიც შეამჩნევს. თავისთვის) ჩვენი ექსპერტიც აქ ყოფილა, ვფიქრობ, ყანწის ბოლოში გაჭედილ ბრილიანტს ოსტატურად, უდანაკარგოდ ამოიღებს… (პლატინს) შეგიძლია ეგ სარცხი შიგ ჩატოვო, ოღონდ მორიგი ამოღება ჩემია…  
პლატინი. (უცებ თითქოსდა ენერგოვამპირის სუნს იყნოსავს. წამით გაირინდება, მერე ადგილს მოინაცვლებს და მუხლს, იქვე ჩასაფრებულ უხილავ ვამპირს ამოჰკრავს. ვამპირი დაიწივლებს. პლატინი კვლავ მოინაცვლებს ადგილს და ახლა სხვა ვამპირს ამოკრავს მუხლს. ისიც თავისებურად აწრიპინდება. გახარებული). მიმიფურთხებია მაგათი ტორპეოდებისათვის, წინ, სრული სვლით! (ქალს საცეკვაოდ მიიწვევს. მაკი მოხდენილი სვლით გაჰყვება. საწნახელიდან სინათლის გამოსახულებები მიმოიფანტებიან და მუსიკის დაკვრას იწყებებენ).
დასასრული

***

პიესები:



========


საძიებელი
The index
/\
***

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========

JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen


ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space..
მიჰყე...
/

სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
”პოეტური ფრაგმენტები…” ჯანრი გოგეშვილი / ’Poetic ...
პარალელიზმი... ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)









  • /\
    საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
    /
    ========
    ========

    /\
    \/
    /\
    ინგლისურენოვანი...
    Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
    =======
    Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
    ========
    =======
    =======
    \/
    ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე / Literary-cognitive space...

    ***
    ***

    ***
    free counters
    ***
    /\

    ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V


    Комментариев нет:

    Отправить комментарий