среда, 23 июня 2010 г.

პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ჯანრი გოგეშვილი \ Janri Gogeshvili / the play ’a sad comedy’ / "Go Ahead!"


ჯანრი გოგეშვილი


”მიდი, მიაწექ!..
(პიესა _ ”ცრემლიანი კომედია”)


ანოტაცია

დრამა, ტრაგიკომედია, მელოდრამა… _ წარმოდგენილი პიესა ყველა ამ სახეობის ნიშან-თვისებებს მოიცავს, მაგრამ მე, მაინც ვამჯობინე მისთვის ”ცრემლიანი კომედია” მეწოდებინა.
თავდაპირველად ასე დრამას მოიხსენიებდნენ, რომელიც დრამატული ჟანრის სახით ბურჟუაზიის აღმავლობის ეპოქაში ჩამოყალიბდა…
დამეთანხმებით პარალელის გავლება შეიძლება, თუმც აღმავლობამდე ჯერ კიდევ ბევრი ცრემლის დაღვრა მოგვიწევს, თუნდაც სიხარულის თანმდევი…
ჩვენს წინაპრებს კი სწამდათ, რომ ცრემლებს იდუმალი სამკურნალო ძალა გააჩნდათ… მათ დამცავი ფარის მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ…
ჰოდა, ვიყოთ გულისხმიერნი სიცილში დაღვრილი ცრემლების მიმართ…
ავტორი

მ ი ნ ა წ ე რ ი

როცა პირველ სცენას
თვალს გადაავლებს , ზოგმა მკითხველმა შესაძლოა იფიქროს, ჩვეულ ”ნატურალიზმთან” მაქვსო შეხება… იქნებ, კითხვა შეანელოს კიდეც და… მაგრამ თუ გულდასმით მიყვებით ტექსტს ნახავთ, რომ პიესაში მრავალი ეპიზოდია ისეთი, რომელიც სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს გვკარნახობს… ასე რომ ნუ გამოტოვებთ საინტერესო ადგილებს…
გამიგია, ახლა დიალოგებია მთავარი, დანარჩენს რეჟისორი მიხედავსო. თეატრის პროფესიონალებს რემარკების ”სიმრავლე” ნუ გაგაღიზიანებთ. ავტორი მოქმედებების აღწერისას, უპირველესად, მკითხველის მეგზურობას ესწრაფვის…
რა თქმა უნდა, ”დამდგმელი რეჟისორი” მაყურებელს თავისეულ ხედვას შესთავაზებს და შესაძლოა ”მოფრენილები”, მარტო მთავარმა გმირმა, მაკიმ კი არ განასახიეროს, არამედ სხვა მსახიობებიც წაეშველონ, ხოლო გველი, უბრალო ”რეკვიზიტი” კი არ იყოს, არამედ, ”მოსრიალე”, მეტყველ არსებად მოგვეველინოს და თავისებურად ითვალთმაქცოს კიდეც…





მოქმედნი პირნი

მაკი ანუ მაკრინე _ სახლის მეპატრონე, ჯერ ისევ მიმზიდველი ქალი…

პლატინი იგივე პლატონი _დამგირავებელი, ორმოცდაათ წელს მიტანებული კაცი…

”მოფრენილები”…



სურათი პირველი

ქალაქის უბანი.
ეზოთი შემოსაზღვრული ნახევარსარდაფის უკანა ხედი. ზედა სართულის აივანს ეზოსთან ხვეული კიბე აკავშირებს. კიბის ქვემოთ საშხაპეა გამართული. იქვე, კედელზე, ხის მორის მოყვანილობის, კარგა მოზრდილი საწნახელი ვერტიკალურად, მრგვალად ”ამონავული” მხარითაა მიყუდებული. შორიახლო, სამკუთხედად განლაგებული, ჩამხმარი იფნის ხეები და ვენახის ძირები შემორჩენილა. იქვე, მიწაში ჩამარხული ქვევრის თავი მოჩანს. მისახვედრია, აქ ერთ დროს ფანჩატური უნდა ყოფილიყო. ნახევარსარდაფის ორნამეტული კარი, თითქოს გამოქვაბულის შესასვლელს გაგონებთ… ლამის საძირკვლიდან ამოზრდილ, უშნოდ მიმოხრილ ლეღვის ხეს, არაბუნებრივად მბზინავი ნაყოფი მოუსხამს. ლეღვის ახლოს ელექტროშესადუღი აპარატურა, გაზის ბალონი და ლითონი ყრია. შორიახლო პლაჟის ქოლგისმაგვარი საჩრდილობელი დგას; საჩრდილობლის ქვეშ _მრგვალი მაგიდა და ღერძზე მბრუნავი სავარძელი.
ნახევარსარდაფი (ყოფილი მარანი), რომელიც პლატინს საგირავნო გარიგებით აქვს მისაკუთრებული, ამჟამად ლითონის ”მიმღებ პუნქტს” წარმოადგენს. პუნქტში კლიენტურასთან ურთიერთობა თვალისთვის მოფარებული ქუჩის მხრიდან ხდება. მაგიდაზე ფოლგები, ანუ პოლიგრაფიული მანქანისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის ლითონის თხელი ფურცლები ალაგია.
ეტყობა, გვარიანად ცხელა, მაგრამ პლატინს თავისი განუყრელი, მოყვითალო, ჭუჭყისგან ჩაჟანგებული ბრეზენტის შარვალ-ხალათი და ქრომის ჩექმები აცვია.
იგი საქმიანობს, ”მიმღები პუნქტიდან” გამოტანილ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ ხელოვნების ნიმუშად მიჩნეული ფერადი ლითონისგან დამზადებულ ნივთებს ახარისხებს. ზოგს იქვე, ელექტროშესადუღ აპარატთან აგროვებს, გამორჩეული ნაკეთობები კედელზე მიყუდებულ საწნახელთან ქურდულად მიაქვს და მის შიგნითა მხარეს მალავს.
პლატინი. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ლოთები, ნარკომანები და ქურდბაცაცები… ეგენი რომ არა, ჩემი ბიზნესი, ასე ვერ გაშლიდა ფრთებს… მაგრამ, ფრთხილად უნდა ვიყო… ეს ქალი, ყველგან ყოფს ცხვირს…
მაკი. (სახლში მყოფი, თავისთვის ღიღინებს. შიგადაშიგ ღია ფანჯარასთან გამოჩნდება). ქალს დაამშვენებს საყურე, გამორჩეული ელფერის… ზეცას ლაჟვარდი მოვტაცე, ფერადოვნება ტყე-ველსა…
პლატინი. ამიკლო, სარეკლამო ხუნტრუცით!..
მაკი. მსუბუქი, როგორც ბუმბული, გამჭირვალე, როგორც ცა… არ ხუნდება, არ იკლებს, არ იხევა, რა არის?... გარეთ ისეთი დარია, შინ აღარ დაგედგომება… სარკმელთან ლამაზ ქოთანში ყვავილი ხარობს… ეს ბუზი ვერ და ვერ გავაგდე გარეთ…
პლატინი. (დამცინავად). კი, კი, ქოთანში ჩარგული ყვავილივით ხარ, ოღონდ, წყლის დამსხმელი არავინ გყავს და რა ვქნა, ვაი, არ გახმე! (”მიმღებ პუნქტში” ანუ ნახევარსარდაფში შედის).
მაკი. რავა, იმ გამურულ კაცივით ძალაზე ხარ, ქში, ქში! (ეტყობა ბუზს დასდევს. ღია ფანჯარასთან, მაგიდაზე, ტელეფონი ახმიანდება). ალოო, გისმენთ… ბელა შეენ? გამარჯობა გენაცვალე… რას ვიზამ, როგორ ვიქნები, სამსახური არა, ბიზნესი არა… მდიდარი ნათესავი არა და არა... ლალიი?.. ოსიკოს სიკვდილის შემდეგ მთლად დავკარგე მისი კვალი, აღარც მირეკავს… (პლატინი სარდაფიდან სპილენძის ნაკეთობებს ქურდულად გამოტანს. საწნახელთან მიიტანს და შიგ დამალავს). ჰო, ქვედა სართული გირაოში მაქვს ჩადებული, ვადა ამ თვის ბოლოს იწურება… (პლატინი სიტყვა ”გირაოს” გაგონებაზე სმენას გაამახვილებს). რა ვქნა არ ვიცი, დასაბრუნებელ თანხას ვერ მოვუყარე თავი… გავგიჟდები, რომ ვერ გამოვიხსნა… ერთი გამურული კაცია! გარიგებისას სიტყვა მომცა პროდუქტებით და ღვინით ვივაჭრებო, თავდაპირველად ასეც იყო, მერე მოგებას ვერ ვნახულობო და ჯართის მიმღები პუნქტი გახსნა შიგ…
პლატინი. (ღვარძლიანად). მე შენ გაჩვენებ გამურულს! (უკან გამობრუნდება და საქმიანობას განაგრძობს).
მაკი. ვყიდი თუ რამე მომეპოვება… დავიწყე ვერცხლის მელქიორის დანა-ჩანგლიდან და ავედი ჭაღამდე… ვინ მიგიღებს, ახლა ყველგან გამოტრუკუცუნებული გოგოები უნდათ… რეკლამა? ჰო, ჩემი სტიქია იყო, მთელი ჩემი შემოქმედებითი ნიჭი, იმ რეკლამებში ჩავტოვე!
პლატინი. გეტყობა ტვინიც შიგ ჩაგრჩა! (ხითხითებს).
მაკი. ხანდახან ჩავუჯდები ძველ გაზეთებს, მუსიკის ფონზე ჩურჩულით ვკითხულობ სარეკლამო ფრაზებს და ცრემლები ჩამომდის… (ცრემლიანი ხმით).
პურს გაუფრთხილდი, ჩვენს საარსებო ძირითად წყაროს!
პურს გაუფრთხილდი, შრომის და გარჯის ძვირფას საზღაურს!
პურს გაუფრთხილდი, მიწის, წყლისა და მზის ძვირფას პირმშოს!
პურს გაუფრთხილდი!
პლატინი. პირდპირ მაიაკოვსიკია… რაც არ გაქვს რას გაუფრთხილდები?!
მაკი. (უცებ გახალისდება). გახსოოვს? გახსოვს ის სარეკლამო ლექსი ლარისას, რომ მივუძღვენი…
ვინაც ვერ ჰპოვა შვება ძაძებში,
მხიარულ ფერებს შეაბა ძაფი…
რადგან ტყვე იყო ურჩი განცდების,
ჯერ კიდევ მაშინ…
ამოიყვანა ქორფა ბისკვიტი,
მსუბუქ ნამცხვარში შენიღმა ნიჭი,
ბისკვიტი პირში იწყებდა ტიტინს,
მოხიბლა ბევრი ყოჩაღი ბიჭი…
იმ ბისკვიტის წყალობით იმდენი თაყვანისმცემელი გაიჩინა, რომ ერთ სეზონზე განმათავისუფლებელმა პარტიამ, მისი ავტორიტეტი საარჩევნო დეკორაციადაც კი გამოიყენა… აბა, როგორ! ეგ ცნობილია… (თავმომწონედ). რიხტერის ცნობილი ფრაზაა, ივაჭრეთ ლამაზი ფეხებით და არა ფეხსაცმელებით! არა, ჩემი გამურული მარტო სპილენძის ფეხებს ამჩნევს…
პლატინი. (თავისთვის) შენი ოქროსი, რომ იყოს მაინც არ მინდა… დროა, მორიგი საინფორმაციო დოზა შეგიმზადო… (”მიმღებ პუნქტში” შედის).
მაკი. რომელი რიხტერის? ამერიკელი დოქტორის, სხვათაშორის მასვე ეკუთვნის აზრი, რეკლამის საშუალებით ტვინის სიღრმეში მიმალული გრძნობა უნდა გამოიწვიო, აღაგზნო და დააფრთიანო… ჰო, ჰო, ლარისას ნატვრაში ისეთი ბიჭები დაფრთიანდა, რომ… ფეხებიც ლამაზი ჰქონდა, მკერდიც და… (პაუზა). ბისკვიტებს ბიჭები სიზმრებში კოცნიდნენ… (იცინის).
პლატინი. (შემოდის, ხელში ფოლგების შეკვრით). აი, ახალი პრესა მადამ რეკლამიკოსთვის! აიტანს ზემოთ, შეიკეტება თავის ოთახში და მეც ამ საყოფაცხოვრებო რელიკვიებს ჯართად ვაქცევ… (უცებ, ლეღვთან რაღაცას შენიშნავს). გველი! ქსსი, ქსსიიი!!! (ფოლგებს აიქნევს. დაეჭვებული). შენც ხომ არ წუწნი ამის კანს… რა, გაუგე გემო?.. ქსსი, ქსსი, მოწყდი აქედან, თორემ მოგაყარე თავზე… (ეზოს კიდისკენ გასრიალებულს თვალს გააყოლებს). რეკლამიკოს, რეკლამიკოს დაუდარაჯდი, აქ ჩამოსვლის სურვილი რომ გაუქრეს… (თითქოსდა თითოეულ ლეღვს გადაითვლის. ნიშნისმოგებით). ბრძოლა არსებობისათვის... ევოლუციის ფაქტორი... (ფოლგებს მაგიდაზე გამოცალკავებით დაალაგებს. ”ძველ ფოლგებს” საყოფაცხოვრებო ნივთებს მიაყრის).
მაკი. ვინ ნორა? კი, პორტუგალიაშია, ირა ისრაელში, ზოია საფრანგეთში, ბადრი? ბადრიც საფრანგეთშია, ვერ გამოსყიდეს მისი ცხედარი და… ამირანი, დემიკო და ანდრო ოჯახებთან ერთად ავსტრალიაში კენგურუებთან მოეწყვნენ… შურა და ვახტანგი იტალიასა და საბერძნეთში გლადიატორობენ… აბა, აბა, ნატალია თრეფითინგზე სოციალურ მოკვლევას აწარმოებდა და ისე მოეწონა იქაური მეძავეების ცხოვრება, რომ… (იცინის) ამერიკაში? რას ამბობ, თვრამეტი საათი სამრეცხაოში ტრიალებდა და უკან ისე დაბრუნდა ზუსტად წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო… ჰო, იასონი და მისი სანათესაო მოსკოვში დაგრიალებს… არა, ვერ ვრეკავ, მობილური მე არ მაქვს და ამ ტელეფონსაც ძლივს ვინარჩუნებ… (ოხრავს…) ჰო, ჰო, გისმენ…
პლატინი. (ფოლგებს ათვალიერებს) ესეც ტვინის ასარევი… მოჩვენებებთან ბრძოლაში წაახალისებს… პატრიოტული განცდები და წარსულ დროებაზე დარდიც ნაკლებად შეაწუხებს… მაგის შიშით, მიღებული ჯართი მომგებიანად ვერ დამიხარისხებია… (ზოგ ფოლგას გამოაცალკავებს, წვეტიანი რკინის სოლით კიდეებში ნუმერაციას უკეთებს. ზოგსაც ლეღვის ძირთან დახვავებულ ლითონის ნივთებისკენ ისვრის). თუ არ დაუნომრე, გაგრძელებას ვერ პოეულობს ეგ ბატი, ქვემოთ ჩამორბის და ჩემს მილაგებულში იქექება. სპილენძის ან ვერცხლის ნაკეთობას თუ წააწყდა, ისეთ ისტერიკებს მიმართავს, გეგონება ექვთიმე თაყაიშვილის ორდენის წევრი იყოს…
მაკი. რა ვქნა… გახსოვს მამაჩემს, რა მარნები ჰქონდა… ჰო, ერთი ქვემო სართულზე ქართლ-კახურად, მეორე ეზოში, დასავლეთ საქართველოში, რომ იციან ისე… ხუმრობდა ამ ას ნაბდის ხელა მიწაზე იმერ-ამერი სახლობსო! აბა, აბა, რა ხალხია აქ ნაქეიფარი, რა ხალხი! ერთხელ, გალაქტიონიც გვასტუმრა ცაცამ… პაპაჩემი ხომ თამადების თამადა იყო, მის დაკრძალვას… ჰო, ჰო..
პლატინი. ჰა, დაიწყო… ერთი შენიც და შენი მარანიც, (გამომწვევად) წაიღო ტვინი მამულიშვილური მოგონებებით.
მაკი. გრიშაშვილი, შავგულიძე, ეროსი, რომელი ერთი… იშხნელებს ააქვთ ნამღერი… მარანი და მერე რა მარანი! მის კედლებს ჩემი დიდი პაპის სადრეგრძელოები ახსოვთ. აბა რა, მის ზღაპრულ თამადობაზე ლეგენდები დადიოდა. იმ თამადობის წყალობით, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ხალხის სუფრასთან ერთად დაჯენას და ერთმანეთთან მორიგებასაც ხშირად ახერხებდა თურმე…
პლატინი. აბა, აბა, გაეროს სამშვიდობო მისიას მაგის თამადობამ ჩაუყარა საფუძველი…
მაკი. მამაჩემს, თურმე ძაან უნდოდა ბიჭი ყოლოდა, მაგრამ დედაჩემის ავადმყოფობამ… რას ამბობო, სხვა ქალისკენ არც გაუხედავს… რა ხანია საფლავზეც ვერ ავსულვარ… ჰოდა, იმას ვეხვეწები მარანს ნუ წაბილწავ მეთქი! კი, ვეჩხუბე, მაგრამ ისეთი სქელკანინაია, აჰ, რას შეაგნებინებ…
პლატინი. უჰ, მე, შენი თხელკანიანი გრძნობები დავხიე…
მაკი. რა ვიცი, თუ რამე ლითონისმაგვარია, იბარებს… ეზოც მისაკუთრებული აქვს, მაგის სვარკისგან ვაზი და იფანი სულ ერთიანად გადახმა… მიწაზე ვეღარ გამივლია…
პლატინი. (იქედნურად). ფრინავ და მიწაზე გავლას რას იკადრებ!
მაკი. მაგრამ რა მექნა… მაშინ ჩემებს საზღვარგარეთ გასაღწევად ფული ჭირდებოდათ… ჰო, საცოდავი ოსიკო აშენებას მპირდებოდა, მაგრამ თავი წააგო და ბავშვიც გადამიკარგა…
პლატინი. ნეტა შენც წაეყვანე! მიგამაგრებდა ვინმე ბებერთან და იქნებოდი ახლა მისი ფეხისგულების ფხანაში…
მაკი. არა, არ მინდა მაგაზე ლაპარაკი… აგერ, თანამედროვე ჩინეთი, ამხელა ქვეყანა, კონფუცის მოძღვრებას მიჰყვება. ეკონომიკა ეკონომიკად, საყოველთაო სწავლება კი ასეთია: პატიოსნება, ყაირათიანობა, პასუხისმგებლობა, გულმოწყალეობა, უფროსისადმი პატივისცემა, არამაბეზღარობა, კომპრომისისადმი მიდრეკილება… კი, კი, ჩემი თვალით მაქვს წაკითხული… ჩვენთან კი, იყავი ამბიციური, იყავი აგრესიული, იყავი... ჰო, ჰო! (გულიანად იცინის). ამნაირების ბიზნესი მოოხროებულ გარემოში იფურჩქნება… რა ვიცი, ამბობს სამი უმაღლესი გამოვიცვალეო, სწავლას არსად არ ამთავრებდა…
პლატინი. ასე გეგონოს, უთავბოლოდ, რომ ისვრი სარეკლამო ანკესებს... მაგისთანა ტუფტა ფრაზებმა დააქცია საბჭოთა კავშირი... (გადაწყობილ ფოლგებს საბოლოოდ გამოაცალკავებს). აბებიც მზადაა… (ხმამაღლა) სვეჟიი პრესა, სვეჟიი პრესა!
მაკი. (უმალვე უპასუხებს). ჰო, მოვდივარ! (ტელეფონზე საუბარს განაგრძობს). ახალი პრესა მოიტანეს, აბა, როგორ, უგაზეთოდ და უჟურნალოდ რა გამაძლებინებს… კარგი, კარგი, აღარ მოგაცდენ, ერთი კვირის შემდეგ შემეხმიანე და გადაწყვეტილი მექნება გავყიდი თუ არა… მეც, მეც, დამიკოცნე გოგოები… (ტელეფონის ყურმილი დადო). მაშ, ახალი პრესა მოიტანეს, ერთი ამ ფოლგასაც გადავავლო თვალი. უჰ, შევწუხდი ამ სიცხისგან… (ღიღინით). რიგში ჩადგომას ნუ დაიზარებთ, ცივი ბურახი უთუოდ შესვით…
გაისმის მანქანის საყვირის ხმა. პლატინი თითქოსდა შეფხიზლდება.
პლატინი. ჰო, მოვდივარ, მოვდივარ! (ყოფილი მარნის კარისკენ მიდის… მის გამოღებამდე ლეღვს მოწყვეტს, კანს შემოაძრობს, პირში ჩაიდებს და წუწნას დაუწყებს. სახეზე ნეტარება გამოესახება. მანქანის საყვირის ხმა კვლავ გაისმის. პლატინი კანშემოცლილ ლეღვს გამხმარი ვაზების მხარეს დაუფიქრებლად მოისვრის და ნახევარსარდაფში შედის. ლეღვი ერთ-ერთი ქვევრის თავთან დავარდება).
მაკი. აბა, ვნახოთ, ამ გვერდზე რა დაგვრჩა საინტერესო… ამოუცნობი ობიექტები… ეს წავიკითხე… კატა საძინებელ ოთახში… ესეც! ჩვენი მეგობრები ორიონის თანავარსკლედიდან. ესეც! კოსმიური შეთქმულების კვალდაკვალ… (აივანზე ძველმოდურად ჩაცმული მაკა გამოჩნდება, მხარზე გრძელი ზონარით მარაო ჰკიდია. ხელებში ერთმანეთზე დალაგებული ფოლგების ანუ ლითონის თხელი ფირფიტების წყება გაშლილ გაზეთივით უჭირავს. ცას ახედავს). ნეტა მართლა მოფრინდნენ და წამიყვანონ, აქ მაინც არავის ვედარდები… აჰ, როგორ ცხელა! (გადაწყვეტს სახე მარაოთი დაინიავოს და უნებლიეთ ფოლგებს ხელს გაუშვებს. ლითონის ფირფიტები აივანზე გაიფანტება. დანანებით.) საამოდ არხევს თმის კულულს მარაოს ნიავქარია… ასეა, სასიამოვნო სასარგებლოსთან ძნელად თავსდება. (ფირფიტების შეგროვებას დაიწყებს. ირონიულად). ფირფიტების გასაშლელ-დასაკეცი მარაო სიცხეში, დასვენებისას თუ მგზავრობისას ყოველ წინდახედულ ქალს ხელმისაწვდომზე უნდა ეგულებოდეს. გარდა იმისა, რომ მისი შემწეობით გაგრილდებით, მარაო ქალს ამშვენებს და რომანტიკულ იერს სძენს. მიართვით საყვარელ მანდილოსანს მარაო! (უნებლიეთ ერთ-ერთ ფირფიტაზე ასახული ტექსტი დააინტერესებს. ნაჩქარევად წაიკითხავს). სიღარიბესთან ბრძოლის სტრატეგიის დოკუმენტები… გვეშველა მგონი, ეს როგორ გამომრჩა… გავთავდი ამ დაუბანელი კაცის ყურებით… (ფოლგებს აკრეფს და შეგულებული სტატიის კითხვას დაიწყებს, თან კიბეზე ჩამოდის). მინისტრები შეთანხმდნენ, ეს დოკუმენტები უნდა გამომდინარეობდეს ქვეყნის მოთხოვნილებებიდან… (რამდენიმე სტრიქონს გაურკვევლად და ნაჩქარევად ჩაიბუტბუტებს. ცალკეულ სიტყვებს შიგადაშიგ ხმამაღლა წარმოთქვამს). შესაძლებლობათა ზრდა!.. სიღარიბესთან ბრძოლის სტრატეგიის!.. საშუალოვადიანი მიკროეკონომიკური სტრუქტურისა და სტრუქტურული პოლიტიკის მატრიცის შემუშავება სიღარიბესთან ბრძოლის მხარდასაჭერად… ჰმ, აქაც მატრიცა; რეალობას და ფანტაზიას ვეღარ გაარჩევ ერთმანეთისგან… ნეტა სიღარიბე და სიმდიდრეც ასე იყოს… გავთავდი, ამ დაუბანელი კაცის ყურებით! (ეზოში ჩამოსული კითხვა-კითხვით განაგრძობს სვლას). მიიღწევა წარმატება სიღარიბესთან ბრძოლაში… პირდაპირ ფანტასმაგორიაა, როგორც ჩანს მოჩვენებების ახალი ტალღა მოვარდა… უკეთესი იქნებოდა უგნურებასთან ბრძოლის სტრატეგიებზე ეფიქრათ! მორიგი ანცობა, ზედაფენების ჯიბეების შესავსებად… ღმერთმა უწყის როდინდელი სტატიაა, ჩვენ კი არ გვეშველა… ასე მგონია, სიღარიბესთან ადაპტაციის პროგრამებს ნერგავენ… (ფოლგაზე აღბეჭდილ გამოსახულებებს იჭვნეულად შეათვალიერებს). ეს ვაჟბატონებიც უცნაურად იღიმებიან. (მაგიდასთან მიდის, ”ძველ ფოლგებს” დადებს და ”ახალი პრესის”, ანუ სხვა ფოლგების თვალიერებას დაიწყებს. უცებ, იმპულსურად). ღიმილი მამაჩემს ჰქონდა, თვალებიდან იმხელა სითბოს აფრქვევდა, იმხელა სითბოს, რომ… შემინდოს მისმა სულმა, რა მარანი გავაპარტახებინე ამ გამურულ კაცს… (უნებლიეთ გარშემო მიმოიხედავს და ქვევრთან დაგდებულ ლეღვს შენიშნავს. დაინტერესებული, თითქოს კვლას მიჰყვება). შიშველი ლეღვი, მთლად ტიტლიკანა… ეს ლეღვი უცნაურად გადაჯიშდა… (წაიმღერებს) იაგუნდის მარანშია შიგ ღვინო და ლალი ბრჭყვისო, შიგ ალვის ხე ამოსულა, ნორჩია და შტოსა შლისო, ზედ ბულბული წამომჯდარა, გასაფრენად ფრთასა შლისო… რა მშვენიერი საგალობელია. ალვის ხე ვაზის ნაყოფიერების სიმბოლოდ იყო მიჩნეული, მაგრამ ლეღვის ამოსვლა ნეტა რას მოასწავებს? თუმც, ამ ლეღვს ლეღვიც არ ეთქმის. მაგ გამურული კაცის სვარკისგან ისე გაუბედურდა, რომ პირში არ ჩაიდება… (პლატინი ჩუმად გამოიხედავს, მაკის დანახვაზე დაიმანჭება და კარს უმალ მიიხურავს). არადა, თავდაპირველად, რა ტკბილი, რა არომატიული ნაყოფი ჰქონდა… გავთავდი ამ მურიანი კაცის ყურებით! ალბათ, ფუძის ანგელოზიც გააქცია… მაგის სვარკამ კი ნაყოფს სიტკბო გამოსწოვა და შხამით აავსო… არადა, როგორ მომენატრა ლეღვი… (ყოყმანის შემდეგ, ლეღვთან მიდის. ფოთლებს ეფერება და ჩუმად, თავისებურად შეულოცავს. მერე, თითქოსდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ძალას მოიკრებს). უნდა შევჭამო, ამასაც ისე გაუმწარდა სიცოცხლე, როგორც მე… (ლეღვს მოწყვეტს, კანს შემოაცლის და პირში უცებ ჩაიდებს… სახე გასაოცრად დაემანჭება, მაგრამ მაინც განაგრძნობს ჭამას…)
პლატინი. (ოდნავ შეღებული კარიდან ჩუმად უთვალთვალებს. შეწუხებული). კანში, კანში აქვს სიტკბო! ეს რეკლამიკო კი შხამს ღეჭავს…
მაკი. (თითქოს რაღაც მოეჩვენაო, კარისკენ მიხედვას დააპირებს, პლატინი უმალ მიიმალება. მაკი კარს იჭვნეულად შეათვალიერებს). ყველგან ეს გამურული კაცი მეჩვენება. (ეგზალტირებულად). უპირველესად, რუკა, რუკა უნდა აღვადგინო, ტერიტორია უნდა დავიბრუნო, მამა-პაპისეული ტერიტორია!
პლატინი. აჰა, იდეებმა შემოუტია… ახლა, სანამ არ დასუსტდება ამ მოგონებებით, არ მომცემს გასაქანს...
მაკი. (მეორე ლეღვს სწრაფად მოწყვეტს, კანსაც მსწრაფლ შემოაფცქვნის და შეჭამს… ნაყოფის სიმწრისგან კვლავ დაიმანჭება. შეფიქრიანებული). ხომ გახსოვს შენი სარეკლამო დევიზი, თამაშით და ფხიზელი თვალით… (ჭამას ”გმირული” შემართებით გააგრძელებს. ასე ათამდე ლეღვს შეჭამს და შვებას იგრძნობს, გახალისდება.) ღმერთო ჩემო, ამ ლეღვის სიმწარემ, რაღაც გამორჩეული სიმხნევით ამავსო! (თითქოსდა, იმ სიმხნევით თავბრუდახვეული ყოფილ ფანჩატურისკენ თვალებმილული შეითამაშებს). ვითომ პატარა გოგო ვარ, თეთრზე თეთრი კაბა მაცვია, მამაჩემი ზედაშეს იღებს ქვევრიდან, თიხის ფიალაში ასხამს და ილოცება და მაწვდის. მე ოდნავ მოვსვამ, ვგრძნობ ვიზრდები… მამაჩემი იცინის… ისე ლამაზად იცინის, ისე ლამაზად, რომ არ მინდა თვალი მოვწყვიტო, მაგრამ მერე ვერაფერს ვხედავ, ქვევრიდან, რაღაც უცნაური ხმები მესმის, ის ხმები, რაღაც საიდუმლოს მიმხელს, მე ვცდილობ მივხვდე, მაგრამ არაფერი გამომდის… (პლატინი მალულად გამოსვლას ცდილობს, მაგრამ ვერ გაუბედავს).
პლატინი. განგებ არ ვეუბნებოდი მთელი სიტკბო კანში, რომ ააქვს დაგროვილი. ვიზოგავდი და… (კარიდან ხოხვით გამოვა, მიწაზე დაყრილ ლეღვის ნაფცქვენებს სინანულით მიმოათვალიერებს. გაწიწმატებულია, ერთ-ერთი ნაფცქვენის ალოკვას დააპირებს). რა სიტკბო მოისროლა მტვერში ამ ცეტმა! ეს ჩამწარებული გულები როგორ შეჭამა?! (თვალებმილულულ ქალს დამცინავად გახედავს. თავისთვის). ამან ძაან გაუტია… აფრები სულ მთლად აუშვა, ერთი ამ გირავნობას ვადა გაუვიდეს, ზედ კიბესთან ჩავღობავ ამ ეზოს და მერე ვნახავ, სადაც იხტუნავებს… (ნაფცქვენების შეგროვებას შეუდგება, ერთ მათგანს სულს შეუბერავს, პირში ჩაიდებს და დიდის სიამოვნებით დაუწყებს წუწნას). დანარჩენს მზეზე გავაშრობ და გამოვიზოგავ… (უკან გახოხდება, ზღურბლზე გადაძვრება და მიიმალება).
მაკი. როგორ ამაყობდა თავისი დაყენებული ღვინოებით, კვირა არ გავიდოდა ვინმე გამოჩენილი პიროვნება არ მოეყენებინა რომელიმე ახლობელს სტუმრად, რა ლამაზ სადღეგრძელოებს ამბობდნენ… ახლა კი, ღმერთო შემინდე, რა სიბინძურეა შიგ. ეზოს მარანი და ჩაკირული საბაბილო ჭურები მაინც გადამერჩინა… (გამხმარ ვაზს და ხეებს სიბრალულით შეათვალიერებს. მერე, სათითაოდ ფერებას დაუწყებს. მოგონება გაიტაცებს). რა ორიგინალური ფანჩატური იყო, როგორ მიყვარდა მის ჩრდილში დასვენება და ლექსების კითხვა. აქეთ-იქით იფნის დიდი ხეები, იდუმლად შრიალებდნენ. ერთსაც და მეორესაც კენწეროებამდე ვაზი ეხვია. შემოდგომაზე მზით სავსე მტევნები ისეთ სურნელს აფრქვევდნენ, ისეთ სურნელს… ბაბილოს, მაღლარი ვენახის მოსაკრეფად, მამაჩემი საგანგებოდ მოირთვებოდა… რა ლამაზად მღეროდა… (ცრემლნარევი ხმით). გამუდმებით ჩამესმის ყურში… (დაბალ ხმაზე იმღერებს).
ბაბილო, ბაბილო, ბაბილო,
ვაზოო, ცისაკენ აწვდილო,
მტევანო მზის სხივში ნაბანო,
ცრემლებად ეპკურე მამილოს…
ბაბილო, ბაბილო, ბაბილო,
ნაფიცო, ძმასავით შეზრდილო,
ნაკურთხო, ზედაშედ მოსულო,
ცრემლებად ეპკურე მამილოს…
ბაბილოოო…
(ჩუმად იცრემლება). ფანტომები, მოჩვენებები, მატრიცები… რა ფიქრი გაწვდება… ბავშვობის მოგონებები კი ხეთა ჩრდილში ამოხეთქილ ანკარა წყაროსავითაა…
პლატინი. (კარს მოყურადებული შიგადაშიგ იჭვნეულად გამოხედავს, გამოაჯავრებს). ბაბილოო, ბაბლი, ბაბილიკო… არ გამიწყალა გული ამ სამი გამხმარი ვენახის გულისთვის…
მაკი. ადრე ხალხი მარანს წმინდა და განსაკუთრებულ ადგილად მიიჩნევდა, საგულდაგულოდ იცავდნენ მავნე სულებისაგან, ავი თვალისაგან, მე კი მაგ გამურულ კაცს წავაბილწინე…
პლატინი. (ისევ წვალებით გამოიხედავს, ბრაზიანად წაიბურდღუნებს). საწნახელთან არ მიბოდიალდეს მაგ უპატრონო…
მაკი. ვიცრემლე და გულზე მომეშვა. ცრემლო შვებისმომგვრელო, მცველო, ფარო და მშველო, შავი ფიქრის მდევნელო, მოშურნეთა წამხდენო… ტყუილად არ მიიჩნევდნენ ჩვენი წინაპრები ცრემლებს მაგიურ საშუალებად. მახსოვს ბებიაჩემს ცრემლების ჭურჭლად პატარა მოხატული დოქი ჰქონდა, ახლობლების ცრემლებს სათუთად აგროვებდა და მერე იმ ცრემლებით დანამულ ნაჭერს, მამაჩემის პერანგსა თუ კოსტიუმს ჩუმად გადაუსვამდა, ავი თვალისგან დაიცავსო… (მოწმენდილ ცრემლებს ვაზის ძირებს სათითაოდ წაუსვამს, თან ჩურჩულებს). წმინდაო, ძლიერო, უკვდავო, უძლურყავ შავი თავადი, დაეც მზაკვრულად უნივთო, ენაზე მოსდე ქამანდი…
პლატინი. მგონი მე მილოცავს, ამას წინათ, რაღაც უშნოდ დამემუქრა, შენგან დემონები უნდა გამოვრეკოო… ჰმ, შავი თავადი, შავად კი ვჩანვარ, მაგრამ თავადი, საიდან?! მოკლედ ვერაფერს გაუგებ, რეკლამას მიკეთებს თუ რა… ერთი მაგისი… ამ ეზოსაც რომ გავიფორმებ, მერე ნახავს…
მაკი. (მორიგ ვაზთან ჩამუხლული თავისებურად აღგზნებული წამოდგება, ვაზებს შუა დადგება, ხელებს ცისკენ აიწვდენს და გაირინდება. მალე იდუმალი იერით აჩურჩულდება).
ბაბილო, ბაბილო, ბაბილო,
ვაზოო, ცისაკენ აწვდილო…
(უცებ, ციდან ჩამოტყორცნილ სინათლის შუქში მოექცევა და თავისებურ მომხიბვლელობას შეიძენს. შთამაგონებლად). უპირველესად, რუკა, რუკა უნდა აღვადგინო, ტერიტორია უნდა დავიბრუნო, მამა-პაპისეული ტერიტორია!
მერე სხივს ფერადი გამოსახულებები ჩამოჰყვება. პლატინი დაფრთხება.
პლატინი. მაჯადოებს, ცრემლი ცრემლი თუ მიშველის… (ჩუმად ატირებას შეეცდება, მაგრამ ვერ ახერხებს. დაბნეული ხელით ცხვირს მოიხოცავს და თითებს შუბლზე გადაისვამს…)
გამოსახულებები სახალისოდ ათამაშდებიან. პლატინი მარანში შეიმალება… მაკი წაიცეკვებს და საფეხურებზე აირბენს…

პირველი სურათის დასარული


სურათი მეორე

იგივე სურათი.
ყოფილი მარნის კარიდან პლატინი ფრთხილად გამოვა. იღლიებში, ასე, ორმოცი-ორმოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლის ფერადი ლითონისგან დამზადებული ქანდაკებები აქვს ამოჩრილი. ერთი შიშველი ქალის გამოსახულებაა, მეორე, არისტოკრატული იერის, ჩოხოსანი _მამაკაცისა, რომელსაც მარჯვენა წამოწეულ ხელში ბოლოდაგრეხილი ყანწი უპყრია.
პლატინი. (ქანდაკებებს ლეღვის ერთ მხარეს, შესადუღ აპარატურასთან დააგდებს.) ჯერ ესენი უნდა დავაქუცმაცო… (უცებ ქალის ქანდაკებას დააცქერდება.) ერთი წესიერად შევათვალიერო, რა აქვს ისეთი… (ქანდაკებას აიღებს, სკამზე დააყენებს, სკამს ნელა დაატრიალებს და ლეღვის ნაფცქვენის წუწნით გართული მის თვალიერებას მოჰყვება. თითქოს თავისებურად ერთობა. უცებ. რაღაც ხმაური ჩაესმის და გაფაციცდება. მერე დარწმუნდება, რომ საშიშროება არ ელის). ძლივს არ დავისვენე, მთელი კვირაა არ ჩანს, ალბათ ფულის სასესხებლად დარბის…. რომც იშოვოს არ გამოუვა, ისეთი რამ მაქვს მოფიქრებული, სარდაფს კი არა, ეზოსაც წავართმევ… (ისევ ქანდაკებას შეაჩერდება). ეს პორნოგრაფია დროზე უნდა მოვიშორო თავიდან. ლოთებმა გამაფრთხილეს, ხელოვნების ნიმუშიაო, ვიღაც ცნობილი ბიზნესმენის ბინიდან დაუთრევიათ… თუმც, ჯერ იმ ყანწოსანს დავანაწილებ, გულს მირევს ეგეთი სიფათები… ქართული სუფრის კოდექსი, თამადის ინსტიტუტი და მისთანები… დიდი არაფერი, ხარის რქა ჩანს, ვერცხლის ბოლოთი და ფერადი ლითონების მტვერით დაფერილი… (უკან მიბრუნებული შესადუღ აპარატურას ჩართავს და მამაკაცის ქანდაკებას მიუშვერს. მოულოდნელად ყანწი შეინძრევა და მოძრაობას დაიწყებს. პლატინი შეშინდება. ხელი გადაუქანდება და აპარატით ყანწს მოგრეხილ ბოლოზე წამოცმულ ვერცხლის მოსართავთან ჩაჭრის. გამოჩნდება ბრჭვიალა ნივთი). ხედავ შენ, მექანიკურად მოძრაობს?! ნაღდი ჯამბაზობაა, მკვდრების გასართობათ იყო დაყენებული საფლავის ქვაზე თუ რა… ბიჭოს! აქ რა ბრჭყვიალებს?! ხედავ, ბოლოში, სამალავი ჰქონია, ეს რაა?! რაა ეს!, მგონი ავშენდი!.. (ბრჭყვიალა ნივთის ამოღებას შეეცდება, მაგრამ ვერ მოახერხებს. უცაბედად, მეორე სართულიდან მაკის სიმღერის ხმა გაისმის).
მაკი. ბაბილო, ბაბილო, ბაბილო,
ვაზოო ცისაკენ აწვდილო…
მტევანო მზის სხივში ნაბანო,
ცრემლებად ეპკურე მამილოს,
ბაბილოო…
პლატინი. (შემცბარი). აუ, დაბრუნებულა! ვითომ ფული იშოვა თუ რა?! (”ყანწოსნის” ქადაკებას ფირფიტებს ნაჩქარევად მიაყრის და კიბეს შეაცქერდება).
მაკი. (მის ხმაში თავდაჯერებულობა და აღმაფრენა შეინიშნება, რაც პლატინის შეშფოთებას გამოიწვევს). დიახ, ტუროპერატორებიც შერჩეული მყავს... დიახ, შემოდგომისთვის ჯგუფი მზად უნდა გყავდეს, კი, ინტერნეტში აუცილებლად, ვებ-გვერდები ოთხ ენაზე გამოქვეყნდება... ჰოლანდიაში, ოფისს შენ უხელმძღვანელებ, პარიზში ბესო, ტოკიოში ემზარი, ლონდონიდან ცაცა ჩაგვერთვება, შტატებიდან ნუკრი… ინსტრუქციებსაც მალე დავგზავნი… ლიტერატურულ-ისტორიული მარშუტები. დიახ, საეკლესიო ტურიზმიც… რა თქმა უნდა, სავანე-მონასტერთა მარნებში ჩამუღამებული ხალხური სიმღერების მოსმენა და ქართული ღვინოების დაგემოვნება ვის არ მოხიბლავს… ვწყვეტ! ლონდონია ხაზზე… (პლატინმა გაოცებისგან ლამის პირი დააღო). ჰო, ცაცა, ნუ ღელავხარ, მიდი საელჩოში, არა, ელჩთან არა, ცქამანაურთან, ჰო, ჰო… აბა, არ შეგაყოვნებ, დროებით… (მაკი აივანზე გამოდის, აცვია ელეგანტურად, ვარცხნილობაც და მაკიაჟიც შესაფერისი აქვს. თავზე თვალსაჩინო, საზაფხულო ქუდი ახურავს, მხარზე ტყავის ძვირფასი ჩანთა კიდია, ხელში მობილური უჭირავს, და რა თქმა უნდა, ისე მომხიბვლელად გამოიყურება, პლატინი თავდაპირველად ვერ იცნობს).
პლატინი. ვინ არის ეს ქალი?! იმ ქაჯის ქალიშვილი ხომ არ დაბრუნდა საზღვარგარეთიდან?! (უცებ, თითქოს გონს მოეგოო, შიშველი ქალის ქანდაკებისკენ გამოვარდება, ხალათს გაიძრობს და გადააფარებს).
მაკი. (წამღერებით).
სად, რა როგორ, რა ფერებში,
რა დღეებში, რა ფასად,
გიხმობთ, გირჩევთ, გიმეგზურებთ,
ფიქრთა მსვენი რეკლამა…
(ისაა, ეზოში გადმოხედვას დააპირებს, რომ მობილური დარეკავს). დიახ… (კიბეზე მხიარული სახით დაეშვება). ჰო, რიკო, ახლა შემოვდგი ფეხი. არა, მე თავად მივხედავ, ინფრასტრუქტურაზე, რომ მიდგება საქმე, შენ, მაშინ ჩაერთვები… როგორ არ ვიცი, შენს სიტყვას მთელს ევროპაში აქვს გასავალი და აქ, ვინ დაგიდგება წინ… არა, არა! (იმპულსურად). მე თავად, მე თავად უნდა აღვადგინო ჩემი რუკა, ჩემი ტერიტორიები მეგობრებისა და ინოვაციების ერთობით უნდა დავიბრუნო… ვიცი, ვიცი, მაგრამ ეს საცოდავიც მეცოდება, საციხოდ ხომ არ გავუხდი საქმეს… (იცინის) არა რა, ქიმიური კასტრირება, მგონი ისედაც ჩატარებული აქვს… ჰო, ჰო, მე თავად შეგეხმიანები… მომიკითხე… (პაუზა). კანადაში, კვებეკში მაქვს დასარეკი, მაგრამ ეს შემდეგ… ახლა ის უნდა ვნახო, სადამდე თხრის გვირაბს, ეს ჩვენი გამურული… (ეზოში ჩასული მობილურს თავიდან მოიმარჯვებს, თან გეზს, თითქოს პლატინისკენ აიღებს. დამფრთხალი პლატინი სასაწრაფოდ გადაადგილდება. ხალათგადაფარებულ ქანდაკებას, რომელსაც თეძოები და დუნდულები მოშიშვლებული აქვს, ჯერ ხელს დააფარებს. მერე შარვალს გაიძრობს, დაბნეული ქანდაკებაზე მიფენას დააპირებს. რა თქმა უნდა, სასაცილოდ გამოიყურება, რადგან ერთიანად გაზინთული თუ გამურული, ჩექმებისა და რეზინზე ჩამოძონძილი ტრუსის ამარაა. მალე გონს მოეგება, შარვალს ჩაიცვამს და ფეხებგაჩაჩხული ქანდაკებასთან გაიჭიმება). არ პასუხობს, ალბათ, დაკითხვაზე ყავს ვინმე… (ტელეფონს ჩანთაში ჩადებს). სარეკლამო სტრატეგიიდან გამომდინარე ჯერ ტაქტიკურ სვლებს მივხედოთ… ბიზნეს-გეგმა და მისთანები მყარადაა შემუშავებული… თავდაპირველად მივიღოთ ის, რაც ჩემია და მეკუთვნის! (ქუდს მოიხდის. ხელში შეათამაშებს). თუ ბედით ქუდოსანი ხარ, გინდ ქალი იყო ლამაზი! უნდა გშვენოდეს, გამკობდეს შემოძახილი თამამი!!! (ქუდს ისევ დაიხურავს).
პლატინი. (ისე დგას, თითქოს ამ ქვეყნის არაფერი ესმის, თუმც შიგადაშიგ თვალს მაკისკენ გააპარებს ხოლმე. თავისთვის). აუ, რა დროს დამადგა თავზე!.. ეს ქალი, მგონი პოლიციასთანაა შეკრული, თუ შეამჩნია, ნამდვილად ჩამიშვებს!..
მაკი. მოვუხმობ წინაპართა სულებს და ქუდზე კაცს ვეძახი! მე თავად, თავად უნდა აღვადგინო ჩემი რუკა, ჩემი ტერიტორიები დავიბრუნო!.. უპირველესად, მარანს აღვადგენ! (უცებ, გეზს შეიცვლის და ძველი მარნისკენ მიდის. პლატინიც გადაადგილდება, ცდილობს ისე ჩამოეფაროს ქანდაკებას, რომ მაკიმ მისი დანახვა ვერ შეძლოს). აღვადგენ მის პირვანდელ სახეს და… მე ხომ მაგნიტოფონზე ჩანაწერების მთელი კოლექცია მაქვს… ცნობილ პიროვნებათა მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები, ლექსები, ნაირგვარი იმპროვიზაციები… (ლეღვის ხეს თბილად შეათვალიერებს). სალამი მეგობარო, მომენატრა შენი ნაყოფი! (ხესთან მივა, ლეღვს მოწყვეტს, კანს შემოაცლის და გადაყრის. პლატინი კანს თვალს გააყოლებს და ნერწყვს გადაყლაპავს, თითქოს კანის ასაღებად წაიწევს, მაგრამ ქანდაკების მიტოვების ეშინია. მაკი სამიოდე ლეღვს შეჭამს, ხალისიანად შემობრუნდება). ლეღვი უძველესი კულტურაა, მაგრამ… (ახლა ყოფილი ფანჩატურის მიმართულებით ცისკენ გააპარებს მზერას. წუთით გაირინდება. მერე ფოლგებიან მაგიდისკენ გაიხედავს. თითქოსდა პლატინს შეამჩნევს, მაგრამ თვალებს არ დაუჯერებს). თფუ, ისევ, ეს მოჩვენება?! ფუი, ეშმაკს! არა, აღარ მინდა ეს ჩაჟანგებული პრესა! (პლატინი ქანდაკებას აიღებს და მიმალვას შეეცდება, მაგრამ რამდენჯერ ამას დააპირებს, იმდენჯერაც ქალი მისი მიმართულებით ხელს აიქნ-დაიქნევს და პლატინს ეჩვენება, რომ დაცდას თხოვს. ვერ გაურკვევია შეამჩნიეს თუ არა). ჩვენი სახლის საძირკველიდან გამოწოვილმა მწარე წვენმა, რაღაც არნახული სიმხნევით ამავსო… რაღაც იდუმალი ნიშნის მიხედვით მარანში ამოსასვლელ ალვის ხეს ჩაენაცვლე… შენ ხარ ჩემი ალვა! მე, აქ მამისეულ ტალავერს ავაღორძინებ… (პლატინი დაიგრიხება). და პაპისეულ მარანში კვლავ გაიხსენებენ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ მეფე დემეტრეს იამბიკოს… (გამხმარ ვენახისკენ დარცხვენილი გაიხედავს. მთრთოლვარე ხმით).
შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული,
მორჩი, კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერვინ გჯობს ქებული
და თვით თვისით მზე ხარ გაბრწყინებული…
(უნებლიეთ პლატინს შეაჩერდება და შესძახებს). ამოუცნობი ობიექტი!
პლატინი. (ნაჩქარევად). მზის აბაზანას ვიღებ… უფრო სწორად, ტანსაცმელი გავრეცხე და სანამ გაშრება…
მაკი. კი, შენ ხარ! რა უჟმური ფერი დაგდებია, კინაღამ გული წამივიდა… ნეგატივივით გამოიყურები… დროა, შენი გამომჟღავნება მოხდეს, აგერ, უცხოეთიდან ისეთი ხსნარი გამომიგზავნეს, ერთს რომ დაგაწვეთებ, სულ გამჭირვალე გახდები!.. (ჩანთისკენ ხელს წაიღებს).
პლატინი. (დამფრთხება). გაზის ბალონით ფიქრობს ჩემს გაბრუებას თუ რა?
მაკი. დამშვიდდი, ჯერ, ერთ ორ ტრენინგს ჩაგიტარებ… (თავისთვის). ამ ყმაწვილს პირვანდელი რუკა, აშკარად წაშლილი აქვს, მისი აღდგენა-გადახალისებისთვის ჰიპნოზი, ფსიქოკინეზი, ტელეპათია ანუ პარაფსიქოლოგიის მთელი გამაა აუცილებელი, შესაძლოა პოლტერგეისტის ელემენტების გამოყენებაც მოგვიხდეს…
პლატინი. მე მგონი, მთლად გარეკა!
მაკი. (თავისთვის). ისე, ჰაბიტუსს, არა უშავს რა… (მუშტრის თვალით ათვალიერებს). ისე, ურიგო აღნაგობა ნამდვილად არა აქვს, თუ გაიწვრთნება, იქნებ მენეჯერადაც ივარგოს… (ქანდაკებაზე გადაფენილ ხალათს გახედავს. პლატინს). მაგ ბრეზენტს, შენ, ტანსაცმელს, რომ ეძახი, გარეცხვის არაფერი ეტყობა. ის კი არა, მგონი, არც მის პატრონს უბანავია რა ხანია… ვფიქრობ, სიღარიბესაც და ჭუჭყსაც ერთიანი ძალით უნდა ვებრძოლოთ!..
პლატინი. (თითქოს ახლაღა იცნო). თვალი მატყუებს თუ... ქალბატონო მაკრინე, ეს თქვენ ხაართ?! რომ არ გამოჩნდით, მე ვიფიქრე… არც პრესა აგიტანიათ ზემოთ…
მაკი. კარგად ვიცი, შენ რაც იფიქრე… მაგრამ შენი დრო უკვე ჩამოიფრქვა… როგორც ცდისპირმა ვერ გაამართლე…
პლატინი. ახალი ფოლგები გადაგიწყვეთ… (მაგიდაზე დადებულ ფირფიტებზე მიანიშნებს). ძალიან საინტერესო სტატიებია შიგ… (დაბნეული მექანიკურად მოქმედებს. მაგიდიდან აღებულ ფოლგას გაუწვდის). ძალზე საინტერესო სტატიაა…
მაკი. (ირონიულად). შემთხვევით სიღარიბესთან ადაპტაციის მორიგი სტრატეგია ხომ არ არის…
პლატინი. არა, ენერგოვამპირებზეა… აქ, როგორც ჩანს ზუსტად ისეთი ზონაა რომ…
მაკი. აჰა, და შენზე არაფერი მოქმედებს, თუ იმ საცოდავებს აქეთ წოვ სისხლს… აბა, წამიკითხე, მაგ მენიუდან, ვთქვათ დესერტი…
პლატინი. ჰო, ჰო, მეც მაინტერესებს... (ფოლგას თვალს გადაავლებს და კითვას გულმოდგინედ დაიწყებს). მფრინავი თეფშების მიერ მოტაცებულ ადამიანთა რიცხვი დღედადღე მატულობს… დოქტორ ჯოზეფ ჰაინეკის თქმით დედამიწის მკვიდრთა გარკვეულ ნაწილს ჩამონტაჟებული აქვს, რაღაც გადამცემი და უცხოპლანეტელები თავისებურად მანიპულირებენ ხალხის მასებით… (თავისდა უნებლიეთ კეფას მოისინჯავს). როგორც ჩანს ადამიანებს გამალებით იყენებენ ჰორმონალური სეკრეციის მისაღებად, ატარებენ გენეტიკურ ექსპერიმენტებს… თავიანთ ხომალდებზე, სპეცლაბორატორიებში გამოჰყავთ ჰიბრიდები… (წამით მაკის ისე შეხედავს, თითქოს ეუბნება, ხომ ხედავ, რა განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმეო). დაფიქსირებულია როტაციული მოტაცების შემთხვევები, როდესაც მოტაცებულები, ამგვარ რამეებს ბავშვობაში გადახდენილ განცდებთან აიგიავებენ. აღსანიშნავია, რომ განმეორებითი მოტაცებები ხორციელდება სპეცგადაცემების შესაცვლელად და ინდივიდის განვითარების შესასწავლად… (მაკის მრავალმნიშვნელოვნად შეაჩერდება. ხედავ, როგორი დაუცველები ვართო… კითხვას განაგრძობს). მათგან განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ენერგოვამპირები…
მაკი. აჰა, მივედით, მაშ, გვსწავლობენ და გვითვალთველებენ ხომ?..
პლატინი. უბრალოდ, ის მინდოდა მეთქვა, სიფრთხილეა საჭირო მეთქი…
მაკი. დაიცა, შენ იმის თქმა გინდა, რომ ჩემზედ უცხოპლანეტელები ატარებენ ექსპერიმენტს, თავში რაღაც ჩამიმოტანჟეს და… (გამოცდელად შეაჩერდება). ვაჟბატონო, თქვენ უფრო საშიში ყოფილხართ, ვიდრე მეგონა…
პლატინი. (შეაპარებს). მოტაცებულები ამგვარ რამეებს ბავშვობაში გადახდენილ განცდებთან აიგიავებენო…
მაკი. ჩემი გიჟად გამოცხადება, ხომ არ შეგეშველობოდა?.. ჰო, შეურაცხადად თუ გამომაცხადებ, იქნებ მეურვეობასაც გამოკრა ხელი... (ჩაიცინებს). პლატინჩიკ, მინდა სიმართლე იცოდე, უცხოპლანეტელებთან მართლაც მაქვს ურთიერთობა, ოღონდ საქმიანი და მეგობრული… ყოველი შენი ნაბიჯი ფირზე აქვთ აღბეჭდილი… ასე რომ, ჩემთვის დაგებულ მახეში, თავად გაები… (ფირფიტას ხელიდან გამოსტაცებს და მაგიდაზე მიაგდებს). აი, ზუსტად მათ მირჩიეს, რომ ბიზნესგარემო განვაახლო… და მეც სიღარიბესთან ბრძოლის ჩემეული სტარტეგია შევიმუშავე… (ჯიქურ). ასე რომ მიბრძანდი ჩემი ტერიტორიიდან!
პლატინი. (დამფრთხალი). ფულს, ფულს მიბრუნებ?!
მაკი. პირიქით, შენ გადამიხდი, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოგიწევს… პირობა დაარღვიე, წმინდა რელიკვია წაბილწე, მარანიც და ეზოც სანაგვედ აქციე… ეკოკატასტროფაა, აბა რა…
პლატინი. რომელი ზარალი?! სარდაფი ჩემია, სესხი გაქვს აღებული…
მაკი. კეთილი, რაკი ჯიუტობ, ჩემს ავდოკატთან მოგიწევს დალაპარაკება… (ჩანთიდან ტელეფონს ამოიღებს, ნომერს აკრეფს). ემზარ, დილამშვიდობისა…
პლატინი. (თავისთვის). კატასტროფულად შეცვლილია, იქნებ მართლაც იმ ქალის გოგოა და მეკაიფება…
მაკი. (პაუზის შემდეგ). კეთილი, კარგად მოქცეულხარ! ახლა გირაოს შესახებ, ზარალი სრულად უნდა ამინაზღაუროს… ალბათ, ასე ოცამდე, რა თქმა უნდა, დოლარებში… ოკეი, ზეგისთვის შევხვდეთ! (ტელეფონს ჩანთაში ჩადებს).
პლატინი. შენ მართლა უბერავ, აი… რა ზარალზე ბაზრობ?! ეგ შენი ჭურები, ყველა ერთად, ასი ლარიც არ ღირს…
მაკი. ღირს ყმაწვილო, ბევრად მეტიც ღირს! შენი გაუთავებელი სვარკისგან საუკეთესო ჯიშის ბაბილოები გახმა… მარანი გაპარტახდა…
პლატინი. ბაბილო, ბაბილო, ბაბილო!!! არ შემიკლა ხელში, სულ, სამად-სამი ხე იყო და ზედ მიშვებული სამი გაველურებული ვაზი…
მაკი. ნურას უკაცრავად! მაგ სამი ვაზის ბიოველი პირამიდად ერთიანდებოდა და ბაბილოს ეზოთერულ ეფექტს ქმინიდა…
პლატინი. რა ეფექტს, რას მეთამაშები…
მაკი. ეზოთერული კოსმოლოგიის სავანეს… მაგრამ შენ, ეშმაკისკენ მიიდრიკე და როგორც მოკვლევიდან გაირკვა, ღვთიური ბაბილოების ძირებში, ღამით, ჩუმად შხამიან ხსნარებს ასხამდი…
პლატინი. (დაფრთხება). ვინ გითხრა ეს, ვინ გითხრა ეს!
მაკი. (თავისთვის) ინტუიცია, გენაცვალე, ინტუიცია… ინტუიცია პარაფსიქოლოგიის არსებითი ნაწილია… (პლატინს) უცხოპლანეტელმა მეგობრებმა მაცნობეს! ჩვენებური, მიწიერი კანონით კი, ეკოლოგიური დივერსიისათვის, სამი წლით, მაინც ჩაგსვამენ…
პლატინი. საიდან დამიმიტკიცებ!
მაკი. ამაზე ემზარი და მისი დეტექტივი იზრუნებენ… სხვათაშორის, კოსმიური თანამეგობრობის იურისპრუდენციით მსგავსი ქმედებისთვის ძალიან საინტერესო მუხლია გათვალისწინებული… (კისკისებს).
პლატინი. რა მუხლი?!
მაკი. არა, ვერ გავამხელ, რაც არ უნდა იყოს მამაკაცის ფორმა გაქვს…
პლატინი. რას ვერ გაამხელ? რა კოსმიური თანამეგობრობა, შენ, ქალაბატონო, მოჩვენებები დაგეწყო თუ რა?!
მაკი. (თავისთვის). აკი ამას ცდილობდი, ჰოდა, საკუთარ დაგებულ ქსელში, თავად გაებმები… (მის გასაგონად). ჩარჩი ამ ჯართში, და ამქვეყნად რა ხდება აზრზე არ ხარ… კოსმიური თანამეგობრობა, რა ხანია, კოსმიური ცივილიზაციის შესაფერ განწყობას ჩვენს გარშემო თავისებურად ამკვიდრებს… აი, ეს ლეღვიც, ამის ნიშანია… ვინც ღალატობს გურამიშვილის შეგონებას, ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა… იმას მამაკაცური ღირსება, ამ ლეღვივით ჩაუმწარდება… სხვათაშორის, მოფრენილები აქ, თურმე წლების მანძილზე მკურნალობდნენ… ბაბილოს პირამიდას შეუმჩნევლად სტუმრობდნენ… ციური და მიწიერი ენერგიით ივსებოდნენ და სამყაროში მოგზაურობას განაგრძნობდნენ… ზოგი, ახლაც გვეწვევა ხოლმე, ამბობენ ბიოველად შემორჩენილი ბაბილოს ეფექტი კვლავ გვშველისო… ახლახან კი, პირადად მე დამიკავშირდნენ და მთხოვეს აღვადგინო ბაბილოების პირამიდა… ბიზნესგარემო განვაახლო…
პლატინი. (ვერ გაურკვევია რა მოიმოქმედოს. თავისთვის). რა იგავებით მელაპარაკება, არა ნამდვილადა ვიღაცასთანაა შეკრული… მიმანიშნებს და მაფრთხილებს… ეტყობა, საცოდავად განგებ მაჩვენებდა თავს… რეკეტს მიკეთებს მე ამის…
მაკი. ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, _
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა… (პლატინს). ამ სტროფს, ისე ჰაიჰარად ვერ გაუშინაურდები, ჯერ მწარე ჭამე, მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა, მაგრამ შენისთანების ფიქრი მხოლოდ სასუსნავზეა გამობმული, არადა გაირკვა, რომ მაგ ლეღვის კანში… (შეფიქრიანდება). თუმც, ამაზე მერე… უპირველესად, აქაურობა თავის ისტორიულ ჭრილში უნდა აღსდგეს… ბაბილოს ეფექტი, მაღლარი ვაზების განსაკუთრებული თანშერწყმით მიიღება…
პლატინი. რაა, ლეღვინს კანში რა აღმოაჩინეს?!
მაკი. მისტერ ხიასოს კოსმიურ ლაბორატორიაში ექსპერტიზა ჩაუტარეს და გაირკვა, რომ… (თითქოს ზარის ხმა მოესმა. მობილურ ტელეფონს ჩანთიდან ამოიღებს). ოლდიდოო, მისტერ ხიასო, თქვენ გახსენეთ და აი, კიდეც შემეხმიანეთ! პირიქით, ძალიან მოხარული ვარ… დაგელოდებით, კოსმიური არხი თქვენს მისაღებად ახლაც მზადაა… კეთილი, კეთილი! ოლდიიდო! (საუბარს დაამთავრებს. პლატინს). გალაქტიკათშორისო ფრენები სულაც არ ყოფილა დამღლელი… ზოგი მარშუტი ლიფტით ასვლა-ჩამოსავლას ჰგავს თურმე… შენ მგონი ერკვევი ტექნიკაში… ლიფტით გიფრენია?
პლატინი. არა, მე ვცურავდი…
მაკი. სად, აქვარიუმში?
პლატინი. სამასხარაო რა მჭირს, ჩვენი ტანკერი ოკეანეებს ერთმანეთის მიყოლებით სერავდა!
მაკი. აა, ცურავდი, ზნაჩიტ მარიაკ!
პლატინი. დიახაც, (მკერდს წამოზიდავს). უფროსი მექანიკოსის პოსტი მეჭირა!
მაკი. რა გიგავს მეზღვაურს?! ვერ დავიჯერებ...
პლატინი. რა მოხდა მერე, (ვითომდა ნიშნისმოგებით) ზღვა დიდია, მაგრამ პარახოდი ქე დაცურავს შიგნით...
მაკი. მოლოდეც! აბა, მოვლილი გექნება ქვეყნიერება… რა ქალაქები გაქვს ნანახი?
პლატინი. (შეყოყმანდება). გემიდან ბევრი… ისე, ქალაქებში გასვლა მეზარებოდა, გემიდან თითქმის არც ჩავდიოდი… ბიჭებს ვენაცვლებოდი მორიგეობაში და ვის როგორ შეეძლო, ისე მიხდიდა...
მაკი. აა, შენ კომუნისტების დროსაც ბიზნესში ყოფილხარ… ერთი ეს მითხარი, ტანის დაბანის საშუალება თუ გქონდა?..
პლატინი. (წამოცდება). არა, არ მიყვარდა, სულ მაზუთში ვიყავი და რა აზრი ჰქონდა. თანაც, ხშირი ბანაობა, ადამიანს საფარს აცლის, კანი რადიაციაგამტარი ხდება…
მაკი. მაშ, შენ ახლა იმუნური ანუ მუნური საფარი გაქვს და რადიაციაგაუმტარი ხარ?
პლატინი. ჰო, ჩემზე სიცხე და მისთანები არ მოქმედებს…
მაკი. (საიდუმლოდ). მაშინ, ერთ ადგილს მიგასწავლი, სადაც აუარებელი რკინა და ნიკელია ჩამარხული… ვნახოთ, გაამართლებ თუ არა შენს სახელს…
პლატინი. (გამოცოცხლდება). საად? (იჭვით) დარჩა ვითომ რამე?
მაკი. დარჩა კი არა, ზუსტად ვიცი, (ნიშნისმოგებით). და მისი დიამეტრი ათას სამას სამოოცდათი კილომეტრია… იქვე გოგირდსაც წააწყდები, ახლა მაგასაც კარგი ფასი აქვს…
პლატინი. მერე ვინ მიმიშვებს, ასეთ განძს, ისეთი დაცვა ეყოლება, რომ…
მაკი. არა, ღვთის ანაბარაა მიტოვებული…
პლატინი. რას ამბობ, ამდენ ქონებას ვინ მიატოვებდა?!
მაკი. ასეა, ცოტა მიუდგომელი ადგილია, თანაც, მაღალი ტემპერატურაა და…
პლატინი. სიცხე არ მაშინებს, რაც მე სვარკასთან ვტრიალებ… მითხარი რა ადგილია, შენც გასარგებლებ, ფულისთვის არ იბრძვი?
მაკი. (შემპარავად). ოღონდ, ცოტა ღრმადაა ჩამარხული…
პლატინი. მერე რა, ექსკავატორს მოვიხმარ…
მაკი. გაგიჭირდება…
პლატინი. გვირაბს გავთხრი!.. შენ ადგილი მითხარი!
მაკი. ასე, ექვსიათას სამასი კილომეტრის სიღრმეზეა…
პლატინი. მერე რა… შენ ადგილი მითხარი, ამოტანა ჩემზე იყოს…
მაკი. ჰო, ვიცი, გვირაბს გათხრი, მაგრამ იქ, ძაან რომ ცხელა, შენ კი ეს ბრეზენტის ხალათი მაინცადამაინც ახლა გაგირეცხავს…
პლატინი. მით უკეთესი, სველს ჩავიცვამ და ტანზე შემომაშრება…
მაკი. (სიცილს ვეღარ შეიკავებს). გაშრობას კი არა, შებრაწვასაც ვერ მოასწრებ, ისე აორთქლები!
პლატინი. სად მარხია, გავარვარებულ ბრძმედში ხომ არ მიშვებ?! თქვი, სად მარხია…
მაკი. დედამიწის ჭიპთან, პლანეტის ცენტრში, ექვსი ათას სამასი კილომეტრის სიღრმეზე…
პლატინი. მაგ სიღრმეზე სიცხეს რა უნდა?!
მაკი. თუ ცხელა, მაქ ცხელა ჩემო პლატინ, ექვსიათასი გრადუსია ცელსიუსით…
პლატინი. მამასხარავებ ხომ?
მაკი. მე მიგასწავლე, დანარჩენი შენზეა… ოღონდ, თუ კაცი ხარ, მთლად ნუ წამოიღებ, ეს ჩვენი პლანეტა მყარი ბირთვის გარეშე არ დატოვო.
პლატინი. მაგის ამოღება, რომ შეიძლებოდეს, აქამდე ვინ დატოვებდა… ჩვენი ჯართისშემგროვებლები, ისე არიან გაწვრთნილები, რომ…
მაკი. არც შენ ხარ ნაკლები, შენ ხომ პლატინა ხარ, ფოლადისფერი კეთილშობილი ლითონი…
პლატინი. ეს მერე, გემზე ცურვის დროს შემარქვეს, დაბადების მოწმობაში პლატონი მიწერია…
მაკი. რას ამბობ, თავად ფილოსოფოს პლატონის სეხნიაც ყოფილხარ?!
პლატინი. რა გინდა, რას გადამეკიდე, სხვა საქმე არ გაქვს…
მაკი. ზუსტად საქმეზე გესაუბრები, მარანს პირვანდელი სახე უნდა დავუბრუნო…
პლატინი. ჯერ ფული დამიბრუნე…
მაკი. შენთან საუბარი, ერთ მედიტაციად ღირს… ზარალის ანაზღაურებაზე რას იტყვი… (ხალათგადაფარებულ ქალის ქანდაკებას თვალს დაადგამს). ეს ქალაბატონი მგონი თრეფითინგის მსხვერპლია…
პლატინი. რაა?!
მაკა. დიახ… (ხალათს ჩამოაცლის). ჩუმად უჭვრიტინებ და ერთობი… ეგ ხომ…
პლატინი. რაებს ამბობ… ეს ხომ ბრინჯაოა!
მაკი. ბრინჯაო კი არა, ხელოვნების ნიმუშია, ინკოგნიტოს კერძო კოლეექციდან… შენ კი, მის დანაწილებას აპირებდი, ამისი ნამდვილი ფასი თუ იცი მაინც…
პლატინი. სამი კილოც არ გამოვა…
მაკი. ჰო, შენთვის მხოლოდ სპილენძის შენადნობია, მაგრამ წესით დარიშხანიც უნდა ჰქონდეს დამატებული… არ მოიწამლო ბიჭო… (ფირფიტას გორგალივით დაახვევს და თავში ჩასცხებს). გაები ხომ, ერთი კვირაა გითვალთვალებ, შენი საგმირო საქმენი ფირზე მაქვს გადაღებული… მიიღე! (ზედიზედ დაარტყამს და დაარეტიანებს).
პლატინი. (ხელებს ხან თავზე, ხან სახეზე იფარებს) მე არა, მე არა! არც ვიცი, საიდან გაჩნდა აქ, ვიღაცეები ღამ-ღამობით მოდიან და ჩუმად ტოვებენ… მერე დილით პახმელიაზე გამოსასვლელ ფულს მთხოვენ… პატრონს, პატრონს უნდა დავუბრუნო! (ქანდაკებას ხელს წაავლებს და გაქცევას დააპირებს).
მაკი. ასეთი ისტორიული პიროვნების სახელებს არცხვენ!
პლატინი. რას გადამეკიდე, სიკეთის მეტი რა გამიკეთებია შენთვის!..
მაკი. (ორაზროვნულად) პლატონი, ცნება სიკეთეში სიმამაცის, თავდაჭერის, კეთილგონიერებისა და სამართლიანობის ჰარმონიულ მთლიანობას გულისხმობდა… ხოლო სათნოება სიკეთის გზააო, ხშირად იმეორებდა… ახლა ამიხსენი, როგორი მამაცი ხარ, ან როგორი თავდაჭერილი! ან როგორი კეთილგონიერი ან როგორი სამართლიანი ბრძანდები შენ?.. იქნებ სათნოების გზაზე მავალ რაინდად გიჩანს თავი… ბიზნესმენობა პატიოსნებას არ გამორიცხავს… სხვათაშორის, შენი, მეორე დიდი ნახევარსეხნია ნეოპლატონიკოსი პლოტინი ბრძანებდა: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თამაშის სახით. ყველა ამქვეყნიური საშინელება; სისხლისღვრა, ყველა ომი და ბრძოლა, ადამიანის მთელი ეს დაუცხრომელი სწრაფვა სიმდიდრის შეძენისა და ყოვედღიური კეთილდღეობისათვის, თავისთავად სასაცილოა. შენც ინერციით მიექანები, ინერციით იხვეჭ და ვერ გაგიგია, რომ ადამიანის დანიშნულება მოხვეჭა კი არა, ქვეყნის მსახურებაა…
პლატინი. (უცებ იფეთქებს). რაებს მახურავ, სიმართლე ბლეფისგან ვერ გამირჩევია…
მაკი. ესაა დღევანდელობა, ეს… მთავარია თამაშის წესი…
პლატინი. ნუ გამიჩმახე, ამ შენი ყავლგასული ფილოსოფოსებით საქმე! რა პლატონი, რის პლოტინი, მე პალტინი ვარ! აიღე, მოიხმარე და პლატი! მორჩა ბაზარი! (წამოიფხორება).
მაკი. (სპონტანურად). ჩემი დაშინება იფიქრე, შე მურო! ერთი ამერიკელი ადმირალისა არ იყოს, მიმიფურთხებია შენი ტორპედოებისათვის! წინ სრული სვლით! (ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს, მკვირცხლად დატრიალდება, კაცს მუხლს ფეხებშუა მარჯვედ ამოკრავს). პლატინ, პლატი! (პლატინი მხეცივით შეიღმუილებს, ტკივილისგან მოხრილი წინ გადაქანდება, ქანდაკება ხელიდან გაუვარდება. მერე თავად ზედ დაეცემა და ბრინჯაოს ნაკეთობას თავს დაჰკრავს. მაკი ატკარცალდება ). ესეც შენ! ახლა ხომ გაარჩევ ნაღდს ბლეფისგან…
პლატინი. (წამოწევას შეეცდება, მაგრამ ჩანს, რომ ორიენტაცია დაკარგული აქვს). ჰო, თანახმა ვარ, ვცნობ შენს ტერიტორიულ მთლიანობას…
მაკი. პლატონიც ხომ გახსოვს და პლოტინიც…
პლატინი. (წამოდგომას ვერ ახერხებს). ჰო, მახსოვს პლოტინი სოკრატეს მოწაფე იყო…
მაკი. ყოჩაღ! (თავისთვის).მეტისმეტი მოუვიდა. სოკრატე გაიხსენა… მგონი მთლიანად ამოუტრიალდა ერთი ნახევარსფერო… (ფოლგას ხელიდან გააგდებს). უნდა მოვასულიერო… (წამოდგომაში შეეშველება). შენ ხომ გაუმტარი ხარ, ფოლადისფერი კეთილშობილი ლითონი… ადექი, ადექი, შე სქელკანიანო! ეტყობა გადახურდი, წამოდი წყალს შეუშვირე თავი! (საშხაპეში შეიყვანს).

მეორე სურათის დასარული


სურათი მესამე

იგივე სურათი.
წელზევით შიშველი, თვალებმილული პლატინი მბრუნავ სავარძელში ზის. შუბლზე ცივი ტილო ადევს. მაგიდაზე ფოლგებს ზემოთ მაკის ჩანთა დევს, საიდანაც შიგადაშიგ მობილური ტელეფონი რეკავს.
მარანის კარი ღიაა. შიგ მაკი საქმიანობს.
პლატინი. უჰ, უჰ! შიგ ტვინში ჩამინისკარტა... ქში! ქში! (ხელებს ისე იქნევს, თითქოს ფრინველებს იგერიებსო) ჭყივით და ჭყივით, გაუთავებლად ჭყივით… ფიქრს არ აცლით ადამიანს, გგონიათ ფრთიანი რეკლამა ასე ადვილი მისაგნებია?! ვიბარებთ ჯართს, უფრო ფერადს და ნაღდს... არა, არა, ქში, ქში! მე ხომ მარანი უნდა დავარეკლამო, შესვით, ილხინეთ, გალეწეთ დარდი, დაგეფინებათ ია და ვარდი… ქში, ქში!
მაკი. ღმერთო ჩემო, რა დღეშია აქაურობა… კიდევ კარგი სპილენძის ხაპირები, რომ გადავმალე…
პლატინი. დამკორტნეს, დამკორტნეს! (ხელებს მიმოიქნევს).
მაკი. მაგრად გაუტია, ან მართლაც გადაცდა ჭკუაზე, ან დრო გაყავს და ძალადობის მსხვერპლს მეთამაშება... მხოლოდ მედიტაციები...
პლატინი. ქში, ქში! მოშორდით აქედან... მაქ არა, მაქ არა, ოღონდ მაქ არა!
მაკი. (ეზოში გამოვა, ისევ ისე აცვია. პლატინს გამომცდელად გამოხედავს. მერე ლეღვის ფოთოლს მოწყვეტს, ხელში შეათამაშებს). თოლია, წყალში მოცურავე ფრინველი. აქვს მოკლე ფეხები და ხშირი ბუმბული… ელტვიან ზღვებს და გემებს თავს დასტრიალებენ! არსებობს მისი ათასამდე სახეობა და საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ზომით, ისე შეფერილობით… ჩვენ მათ, ბავშვობისდროიდან გამოყოლილ წარმოდგენებში, უკლებლივ ზღვის სილურჯესთან მოთამაშე ქათქათა ფრინველებად აღვიქვამთ და ფიქრშიც იმ სითეთრეს ველოლიავებით… მაგრამ, დახეთ უბედურებას (პლატინისკენ ხელს გაიშვერს). ჩვენს წარმოსახვაში ქათქათა, თითქოსდა მხოლოდ ზღვასა და ცის რომანტიკულ ფერებთან დაკავშირებულ თოლიებს ბოლო მონაცემების თანახმად, იმისთვის რომ ნაგავსაყარზე საკვები იოლად მოიპოვონ, ფრენის მარშუტიც კი შეუცვლიათ… ფოლგა ოცდამათე, ჟურნალ იდუმალი სამყაროს ჩამოსაბეჭდი ფირფიტა… ყოფილი მეზღვაური, ზღვის ლომი, რას დამსგავსებია, ანუ რა ვაჟკაცი, როგორ გამაიმუნებულა…
პლატინი. კუტუნებში, კუტუნებში ჩამინისკარტა!.. (ახტება და სავარძლიდან გადმოვარდება, მერე ხელების ქნევას, ისე იწყებს, თითქოს მიცურავდეს…).
მაკი. ჩელოვეკ ზა ბორტომ, ჩელოვეკ ზა ბორტომ! (პლატინს მოაშურებს. ხელში შერჩენილ ფოთოლს ისევ შეათამაშებს. მერე მაგიდაზე დადებს). შენ, მგონი წესიერი ცურვაც არ გცოდნია… ჯართივით იძირები!
პლატინი. ქში, ქში! მაქ არა, მაქ არა, ოღონდ მაქ არა!
მაკი. სოს! ალბათ, თევზს მიგამსგავსეს, და ქვირითს ეძებენ... მაგრამ ასეთი გამურული თევზი ვის უნახავს… ააა, მარშუტშეცვლილ თოლიებს სანაგვეზე გადაგდებული სელიოტკა ჰგონიხარ…
პლატინი. ამიყვანეთ, გემზე ამიყვანეთ! (ხელებს უშნოდ იქნევს).
მაკი. (ნიშნისმოგებით). მსოფლიოს გარშემო კრუიზს ინებებთ თუ… (წამოყენებას შეეცდება. პლატინი სავარძლის კიდეს ხელებს ჩაავლებს.) სიმულიაციის ოსტატი ჩანხარ, მაგრამ ქანდაკება დღესვე უნდა დავუბრუნოთ პატრონს... პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთი პირობით გადაურჩები… სისუფთავის, სიხალისის, სილამაზის საწინდარად, თქვენ იგულეთ, თქვენ იგულეთ ზღვის ტოლია ლას ფირმა… (სიცილით მიუმღერებს). ეშმაკი დაობს, ეშმაკი წვალობს, მაცდური ხშირად ტკბილი ხმით გალობს...
პლატინი. ( სავარძელში წვალებით ჩაჯდება). ქში, ქში!
მაკი. დაუბანელი, რომ ხარ იმიტომ გესხმიან თავს… არადა, რა ლამაზადა ააქვს ნათქვამი გიორგი ლეონიძეს:
ჩემი აფრაა თოლიას ფრთები,
ცის თეთრ ვარდებში, რომ უქროლია… (ტელეფონი ისევ ახმიანდება. მაკი მობილურს ჩანთიდან ამოიღებს) ალოო... მისტერ ხიასო!
პლატინი. ქში! ქში! ქშიიი!
მაკი. (პლატინს ღიმილით გადახედავს). დიახ, შეუძლოდაა, დიახ, არა, არა, ქიმიური კასტრაცია მეტისმეტი იქნება… თქვენს მიერ გენმოდიფიცირებული ლეღვის კანი, ისედაც უზომოდ ააქვს მირთმეული… აჰ, ამას გენურ ინჟინერიასთან არავითარი კავშირი არა აქვს?! მაშ როგორ, აჰ, ნეოიზირებული, აჰ, ნეოსფეროსთან დამაკავშირებელ ჰორმონებს ავითარებს, ეს როგორ, რას ამბობთ… (პლატინი შეფხიზლდება). გასაოცარი… შესაძლოა მოთხოვნილებაც გაუქრეს, რას ამბობთ?! (პალტინს მიმიკით შეიცოდებს). არა, მგონი დიდი მოთხოვნილება ადრეც არ ქონდა, მაგრამ… დიახ, თავის მსხვერპლს დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო… დიახ, აჰ, მარტივი ხერხიც არსებობს? აჰა, ისევ იმგვარად უნდა დაარტყას თავი… ბავშვობაში სოფელში, რომ ვისვენებდი, ერთხელ, იქაურმა ბებიაქალმა მირჩია დაცემისას უნდა წამოდგე და დაცემულზე ისევ ისე დაეცე, ტკივილიც უმალ გაგივლისო… შევეცდები, აჰა, ზუსტად ისე, მეტი, რომ მოუვიდეს, რას ამბობთ, საცოდავი… აა, სამაგიეროდ ფანტაზიებს აღაგზნებს… კი მაგრამ, თუ უნარი წაერთვა ეს ფანტაზიები რაღად უნდა… აა, გამკლავების შემოქმედებითი უნარი უნდა გამოიმუშავოს… საინტერესოა, ფრიად საინტერესოა… კეთილი, ოლდიდოო, მისტერ ხიასო! (პლატინს) ხომ გაიგე, მეხსიერება რომ დაიბრუნო, ერთი მარტივი ხერხია, უნდა წამოდგე და იმ ქალის, ბოდიში, მიწაზე დავარდნილ ქანდაკების უკანა ნაწილს, ისევ იმგვარად უნდა დაარტყა თავი… აბა, თანახმა ხარ? დაიცა, ჯერ ქანდაკებას გამოვიტან!
პლატინი. (თითქოს გონზე მოსვლას შეეცდება). არა, არა, მაგის ტრიუმში არ მონდა… არ მინდა, მაგარი ტრაკი აქვს… (ისევ წამოელანდება რაღაც). მეჩეჩზე, მეჩეჩზე შევჯექი!..

მაკი. ანუ თავთხელში გაიჭედე, სადაცა მდინარეთა შინა, ანუ ზღვათა ესოდენ მოაკლდეს სიღრმე, რომელ სჩანდეს ქვიშა...

პლატინი. (წამოცდება). თავთხელი და ქარაფშუტა თავი მოიკითხე...

მაკი. აჰა, პაციენტს მომჯობინება დაეტყო, მან მეჩეჩის სინონიმს თავთხელს, მისთვის მისაღები განმარტება გამოუძებნა... (პლატინს). გეყოფა ყალთაბანდობა!

პლატინი. (საფრთხეს იგრძნობს). ჩემია, ჩემია, ამ ქალის ტრიუმი ჩემია!

მაკი. წამიერი გამონათების შემდეგ, ისევ დაებინდა გონება! სარდაფს, სხეულის განსაკუთრებულ ნაწილთან აიგიავებს...

პლატინი. (თავისებურად გაიბრძოლებს). ჩემია, ჩემია, ტრიუმი ჩემია!

მაკი. (თავისთვის). მიმინდომა, თავხედი, სიმულაცია იმუნიტეტად ექცა... მაინც მოუწევს ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა… (ზემოთ, სახლში ტელეფონი ახმიანდება) მგონი ის ვაჟბატონი მირეკავს! (პლატინს). თუ ყალთაბანდობას მოიშლი, ინკოგნიტოს ვთხოვ ქანდაკების შესახებ პოლიციას არ შეატყობინოს… იმედია, გააზრებული გაქვს, ასე, ტალღებივით მიმოქცევას თუ გააგრძელებ, რა უსიამოვნება გელის! (კიბისკენ წავა და საფეხურებს აირბენს…).

პლატინი. ზვირთები, ზვირთები მოდიან! (თვალს ჩუმად მიადევნებს).
მაკი. ვინ იფიქრებდა ამ გამურულს, ასეთი ფანტაზიების უნარი ჰქონდა?! (ოთახში შევა. ყურმილს აიღებს და ფანჯარას გაეცლება). ალოო…
პლატინი. (ხელს თავზე მიმოივლებს). ასე, რამ გადააკეთა ეს ქალი?! რა აგრესიულია… იყო თვისთვის, წუწუნებდა და უცებ…
მაკი. (ხმამაღლა) რა თქმა უნდა.. ინვესტიციის წყაროს ჯერ ვერ დაგისახელებ, მაგრამ გპირდები შენს დიდ გაკვირვებას გამოიწვევს… პირობითად ”მოფრენილი” შეგვიძლია ვუწოდოთ… დიახ, დიახ, გისმენ…
პლატინი. ტრიუმს, უჰ, სარდაფს ვერ დავთმობ… არადა, შეიძლება, მართლა შარში გამხვიოს… (უცებ, რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდება. მშფოთვარედ). ბრილიანტი, ბრილიანტი! (ფოლგებმიყრილი ნივთების გროვისკენ გაიხედავს. წამოდგომას დააპირებას ამ დროს, რაღაც იდუმალი ხმით დაუსტვენს. შეშინებული პლატინი გაფაციცდება. ხმა ხან იკლებს, ხან მატულობს). გველი, გველი გასრიალდა! კი, გველი იყო, პირში რაღაცას ათამაშებდა... (დაიძაბება).
მოულოდნელად კედელზე ვერტიკალურად მიყუდებული საწნახლის შიგა მხრიდან ”უცხოპლანეტელივით” მორთული არსება გამოვა. პლატინი თვალს მოკრავს უცნაურ სტუმარს. გამოთაყვანებულივით შეაჩერდება. სტუმარი თავს იაპონურ მანერაზე დაუკრავს, მერე უცნაურ მოძრაობებას გააკეთებს... შეტყუპებულ ხელებს ზემოთ აღმართავს, გაირინდება. მალე კმაყოფილების გამომხატველ ხმებს გამოსცემს. ისევ გაისმის იდუმალი სტვენის ხმა. არსება, თითქოსდა საკუთარ არსში შეყუჟულ პლატინს, გამოემშვიდობება და საწნახლის უკან მიიმალება. მერე წკმუტუნის მაგვარი ხმა დაირხევა, ახლა საწნახლიდან სხვაგვარად მორთული ”უცხოპლანეტელი” გამოვა. თავისებურ ნახტომს გააკეთებს, წაიონბაზებს, ცას შეაშტერდება და უჩინარ ენერგიას ლუკმებივით ყლაპავს. კმაყოფილი საწნახლის უკან გაუჩინარდება. იმას სახეშებურული არსება მოჰყვება, ისიც თავისებურად მიიღებს ”ბაბილოს სამკუთხედის” თერაპიას და ნაცნობი გზით წავა. მორიგი ”სტუმრის” მოლოდინში პლატინი სავარძელში ჩამალვას ცდილობს. უცებ, მაკის მობილური ტელეფონი დარეკავს. პლატინი ხელს წაავლებს, უაზროდ დააცქერდებადა მხოლოდ ”ააა!” აღმოხდება. ტელეფონიდან კი, ჯერ იდუმალი სტვენის ხმა, მერე წკმუტუნი, მერე ხრიალი გაისმის. პლატინი ტელეფონს ჩანთაზე მიაგდებს და სასოწარკვეთილი ხმით შესძახებს: ”ოლდრიიდო!”. გაქცევის მოსურნეს დავთარი აერევა და სავარძელს ხან ერთ მხარეს და ხან მეორე მხარეს დაატრიალებს).
მაკი. (აივანზე გამოჩნდება. ამჯერად, ჯინსის შარვალი და კოფთა აცვია). ხომ არ მოწყინე ბიჭუნი?
პლატინი. (შიშნარევი მხიარულებით). ოლდრიდო, ოლდრიდო!
მაკი. ყოჩაღ, ოლდრიდო, ოლდრიდო!
პლატინი. ოლდრიდო! ოლდრიდო! (ხელს საწნახელისკენ გაიშვერს).
მაკი. ჩვენი მეგობრები იქნებოდნენ, მისტერ ხიასო და მისი თანაშემწეები, საუკუნეა ერთად დაფრინავენ… ადამიანებს ნაკლებად ეჩვენებიან… შენ, ალბათ ჩემს თანაშემწედ მიგიღეს და უჩინმაჩინ-სკაფანდრებითაც მიტომ არ ისარგებლეს…
პლატინი. (წვალებით წამოდგება. წელში მოხრილი საწნახელისკენ ფრთხილი ნაბიჯებით წავა. თავისთვის). ოლდრიდო, ოლდრიდო… (საწნახელსთან მისული ყოყმანობს, მერე უცებ შეიხედავს მის უკან). წაუღიათ, ჩემი გადანახული ნივთები წაუღიათ… მთელი განძი გამქრალა… (სახლის კედელს ხელით მოსინჯავს. მერე ზემოთ აიხედავს.)
მაკი. (კიბის საფეხურებს ჩამოუყვება). ყოჩაღ ბიჭუნი, ორიენტირებას ახერხებ… არაფერი არ მოგლანდებია. საწნახელში კოსმიური არხი შემოდის. მაგრამ ამას, ჩვეული მოკვდავი ვერ შენიშნავს, თუმც შენ ნეომოდიფიცირებული ლეღვის კანის ზემოქმედებისგან შესაძლოა წარმოსახვები გაგიძლიერდეს…
პლატინი. გამქურდეს, დამაყაჩაღეს!..
მაკი. არა, რას ამბობ, შესაძლოა არქელოგიურ მონაპოვრად მიიჩნიეს და... თუ გინდა პატრულს გამოვუძახოთ, უმალ გაარკვევენ ყველაფერს!
პლატინი. ოლდრიდოო, ოლდრიდოო! (თავისთვის). ამ ქალის ხელში მართლა გიჟად იქცევი, აბა, რა იქნება! (მაკის). არა, არა, ჩათვალე, რომ საჩუქრად მიმირთმევია...
მაკი. ყოჩაღ ბიჭუნი, წინდახედულობას იჩენ... (ეზოს უკმაყოფილოდ მიმოათვალიერებს). რას გავს აქაურობა?! სირცხვილი, რას იტყოდნენ… ლეღვის ძირში, ზედ მარნის კართან სულ რკინა და ფოლგები ყრია… (ეზოში ჩამოსული იქითკენ წასვლას დააპირებს).
პლატინი. (მორიგ საშიშროებას იგრძნობს. ამოიხავლებს, ხელს მკერდზე იტაცებს და მაკისკენ გამოვარდება). მფრინავი ვამპირი! მფრინავი ვამპირი!
მაკი. ნურას უკაცრავად, ჩემი მეგობრები კოსმოსიდან კეთილმეზობლურად განწყობილი ჰუმანოიდები არიან…
პლატინი. (”გროვისკენ” თვალს გააპარებს. თავისთვის). ის ბრილიანტიც თუ გააყოლეს ხელს… (მაკის მზერას შეამჩნევს და თავის აქეთ-იქით ტრიალს მოჰყვება). ტვინის ასარევი, ტვინის ასარევი! (შეეცდება რომ ქალმა ფოლგებმიყრილ ნაკეთობების გროვას ყურადღება არ მიაქციოს, შიგადაშიგ საწნახელისკენ გააპარებს მზერას). მომთაბარე ენერგოვამპირები ჩვენგან დაგროვილი ქონების ენერგიაზე ითბობენ ხელს. გვწუწნიან და გვწუწნიან, აბა… თანაც, ოჯახების ყველა სიკეთით, ბოდიში მომიხდია და ცოლქმრული ურთიერთობების სიტკბოთითაც კი სარგებლობენ!
მაკი. (სიცილით). მერე შენ რა გადარდებს, რომელ სიტკბოს მისტირი, ცოლი შენ არ გყავს და შვილი…
პლატინი. ისინი ყველგან არიან, ყველგან… (იჭვნეულად მიმოიხედავს). თანაც დედამიწელებისთვის უცნობი ხერხით და საშუალებებით ტკბებიან კაცისა და ქალის ალერსით, ორგიებსაც ხშირად მართავენ…
მაკი. რაღაც ცუდად აურია. როგორც ჩანს წარმოსახვის უნარი მეტისმეტად გაუფართოვდა… მაგრამ არ მგონია ფიზიოლოგიური შესაძლებლობები მოსდევდეს!
პლატინი. მაგათთვის დროში გადანაცვლება თუ სეირნობა არც არაფერია. აგერ, ამ წუთში ოცდამეერთე საუკუნეში, რომ ხვანხვალობს, მოსწყინდება და ათსი წლის უკან დურთავს თავს. ჩვენ ცოცხალ დეკორაციებივით გვიყენებენ… კაცისგანც და ქალისგანც მთელი სიტკბო მიაქვთ…
მაკი. რაღაც ძაან ცუდად აწვება ამ სიტკბოს… ამას, ენერგოვამპირები, მართლა ჰორმონალური სეკრეციის მისაღებად ხომ არ იყენებენ… ჩემს დაბოლებას ფიქრობს თუ… (პლატინს). რაღაც, შენი სახის ფერი არ მომწონს…
პლატინი. (თავს მოისაწყლებს). ჰო, გული მაქვს ცუდად…
მაკი. (მიახლოებული თავისებურად შეაშველებს ხელს. შეუძახებს). შენ, ნეომოდიფიცირებული ლეღვის რაინდს, ქარაქუცა ენერგოვამპირები რას დაგაკლებენ! კლდე ხარ, პლატინის სალი კლდე…
პლატინი. სსუ, არ გაგვიგონ, მაგათ, ყველგან ჰყავთ თავისი მსტოვრები…
მაკი. (თავისთვის). იმ ტვინის ასარევისგან, მე რომ კოკტეილივით მიმზადებდი, მგონი შენ უფრო გააფრინე…
პლატინი. (კვლავ ფოლგებით დაფარულ ნივთებისკენ გააპარებს მზერას). პლატინის კლდე, რომ ვიყო ავშენდებოდი…
მაკი. ამან უკვე, თავის მიმღებ პუნქტში მიიწონა საკუთარი თავი, მთელი კლდე პლატინა… დოლარებიც მიითვალა… ეთიკის ტრენინგები ნამდვილად არ აწყენდა…
პლატინი. არ მჭირდება მე ფრონცქობაში ვარჯიში!
მაკი. ყურებს გამოიბან, იბანავებ კიდეც, კოხტად ჩაიცვამ, სუფრასთან მოქცევის ეტიკეტში განათლდები და…
პლატინი. ისედაც განათლებული ვარ…
მაკი. კი, ინფორმაცია საგნებისა და მოვლენების შესახებ, იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე მე მეგონა, ეტყობა ჩემთვის, რომ პრესას ამზადებ, უნებლიეთ შენც კითხულობ რაღაც-რაღაცას…
პლატინი. აბა რა, სტუდენტობისას ჩემს ნაქირავებ ოთახში ელიტერული ახალგაზრდობა იყრიდა თავს...
მაკი. ჰოდა, ეტყობა არასწორი მიმართულებით განვითარდი… რა ხანია, თეფშები და დანა-ჩანგალი ჩამოგიტანე, აგიხსენი კიდეც, მარცხენა ხელში ჩანგალი უნდა დაიჭირო, მარჯვენაში კი, დანა მეთქი, მაგრამ ვერა და ვერ გნახე მაგიდასთან ადამიანივით გეჭამოს… კაცი პირუტყვისგან, ზოგი რამით ნამდვილად განსხვავდება…
პლატინი. ბავშვობიდან ფეხზე დამდგარს მიყვარს ჭამა, თანაც მარცხენაში მე თეფში მიჭირავს, უფრო ხშირად კი, რასაც ვჭამ ხელში მიჭირავს, მერე თითებს ვილოკავ და მორჩა, ლოკვაში თითები ძაან სუფთავდება…
მაკი. ღმერთო ჩემო, სად იზრდებოდი, ტრიუმში ხომ არ იყავი დამწყვდეული?!
პლატინი. (დაფეთებული,). ტრიუმში არა, ტრიუმში არა!
მაკი. ჰო, კარგი, ტრიუმში არ დაგამწყვდევ, ოღონდ აქაურობის დალაგება-დასუფთავებაში უნდა დამეხმარო…
პლატინი. (ახლა ფოლგებმიფარებულ ნაკეთობებისკენ გაექცევა თავლი). გველი, გველი გასრიალდა, როგორც უნდა ისე დასეირნობს, აუჰ! შხამიანს ჰგავს...
მაკი. (თავისთვის). ვატყობ, მარტო ტანის დაბანა და ჰიდროთერაპია არ უშველის… (პლატინს). მორჩი სიმულაციას, თორემ გამოვიტან იმ ქანდაკებას და პირდაპირ თავში ჩაგცხებ… მერე ვეღარც მოფრენილები გიშველიან და…
პლატინი. (საწნახელს შეაშტერდება). მისტერ ხიასო, მისტერ ხიასო…
მაკი. ახლა ამის მდგომარეობას, ნაკომუნისტარი ფსქიატრიც ვერ დაადგენს… (პლატინს). ოლდრიდო, მისტერ ხიასო მოკითხვას გითვლის… მისი თხოვნაა აქაურობა წესრიგში მოვიყვანოთ… ასე რომ მე და შენ მარნიდან ენერგოვამპირები ერთობლივად უნდა გავდევნოთ!
პლატინი. მაგათ ათასი ხერხი აქვთ ჩვენს წასახდენად, იცი, რამდენი ვინმე ჩაგიჯდება წილში, პოლიცია, საგადასახადო, რეკეტიორები… მთელი ფული მაგათ ხელში ტრიალებს…
მაკი. აჰა, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ბაბილოს ეფექტი გვაქვს და ჰუმანოიდების მხარდაჭერით ვსარგებლობთ…
პლატინი. მაგ ეფექტების სასწაულმა, შეიძლება რაიმე ავადმყოფობისგან კი განკურნოს ადამიანი… ოღონდ, ფული ყოვლისშემძლეა!
მაკი. ჰო, ვთქვათ უფულოდ ცხოვრება, მართლაც გაუსაძლისია, მაგრამ საქართველო, რომ პლატინად იქცეს, გაიხარებდი…
პლატინი. დავხერხავდი, დავაქუცმაცებდი და ისე ჩავიბარებდი…
მაკი. ჰუმანოიდები თუ გვიშველის, თორემ…
პლატინი. არ დაიჯერო, არა! ეგენიც მაგათთან შეკრულები არიან…
მაკი. კეთილი, ახლავე გავარკვევ! (მობილურს აიღებს და ნომერს აკრიფავს). ალოო, მისის ლიკულაი, ჰელოუ!.. ერეფინთო პლატინ, იეს, ოსისენტ… ხიმუნდუ წკუპუტი… გირავნო დოკუმენტ… (მაკი ნამალევად ტელეფონის ღილაკს მიაჭერს თითს. ტელეფონიდან ხრიალის ხმა გაისმის. მერე ბრაზიანად წარმოთქმული სიტყვები: ”მი ვამპირო?! მაკინტო, მაკინტო პლატინ! ხუხ გირვანო, ხუხ!”. პლატინი უნებლიეთ ზედიზედ შეხტება. ”ხუხ, ინვალიდო პლატინ! ვან, ამერიკო ადმირალო, ფურთხე, ყიუ ტორპედო!” პლატინი ხელებს მსწრაფლ საზარდულთან დაიფარებს. მაკი თანაგრძნობით შეხედავს, და ”მოსაუბრეს”, თითქოს დაწყნარებას დაუწყებს). ჰანიო მისის ლიკულაი, ჰანიო… პლატინ პლატი, გირვანო ხუხ… ჰანიო, მისის ლიკულაი, ჰანიო… (მობილურს მაგიდაზე დადებს. პლატინს კვლავ ”თანაგრძნობით” შეხედავს).
პლატინი. მე რა შუაში ვარ, მე რა შუაში ვარ?!
მაკი. ძალიან განაწყენებულნი არიან… ევოლუციის გზაზე საკუთარი თავის წინსვლას ეწინააღმდეგება და განდობას არ იმსახურებსო!
პლატინი. ვინ იყო, ვინ იმუქრებოდა?
მაკი. ჩემი კოსმიური მენეჯერი, ახლა მფრინავი თეფშით სირიუსის თანავარსკლედში იმყოფება… ჩვენთან გამოსაგზავნად ტურისტულ ჯგუფს ადგენს… ინფრასტრუკტურაზე წუხს… გირავნობის გაგონება არ უნდა! ეგ სივრცე, საერთაშორისო კოსმიური ცენტრის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და არავითარი კერძო ინტერესებიო… იმუქრება გადახარისხების მუხლს მივუსჯითო… (მრავალმნიშვნელოვნად შეხედავს).
პლატინი. (აზრის მოკრებას ვერ ახერხებს). ჰო, ცვლილებებს ვგრძნობ, თავში შიგადაშიგ რაღაც ნათურასავით ინთება, მერე ქრება და…
მაკი. ჰოდა, მერე ჩემო კარგო, საერთოდ აღარ აინთება… ხომ გახსოვს გატაცებების შესახებ, რომ მეჟღურტულებოდი… ურჩებს ესენიც მეორად რესურსად იყენებენ, ოღონდ გადამუშავებულებს ჰუმანური მოსაზრების მიზნით დედამიწაზე საერთოდ არ აბრუნებენ…
პლატინი. ჩაქრა, არ მინდა, არ მინდა ფურთხუ ტორპედო!
მაკი. თუ ასეა, კეთილი ინებე და ეზოს დალაგებას მიჰყევი ხელი, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ… (ლეღვისკენ მიდის). თავდაპირველად, ეს ხარახურა გაიტანე! ეს ლეღვი, ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, განსაკუთრებულ პატივისცემას ითხოვს… (თავისთვის). მისმა მწარე ნაყოფმა სიმხნევით ამავსო და ჩემში განსაკუთებული ნიჭი გააღვივა… მისმა ტკბილმა კანმა კი, შენ ტვინი აგირია და მუხლებში შიში ჩაგიყენა…
პლატინი. (აზმუილდება). მფრინავი ვამპირი, მფრინავი ვამპირი!
მაკი. მოეშვი ანცობას! ხომ გითხარი აქაურობა უნდა დავალაგოთ მეთქი!
პლატინი. ჯერ მე, ჯერ მე! (პლატინი წამოხტება და ფოლგებით შენიღბული ნაკეთობებისკენ გაქანდება. მაგრამ მაკი ფეხს დაუდებს. პლატინი გაიშოტება და თავით ”გროვას” გაიტანს. გამოჩნდება ”ყანწოსნის” ქანდაკება).
მაკი. (წამით, თითქოს თვალებს არ დაუჯერებს). სკულპტურა! ბაბუს ქანდაკება?! აქ როგორ მოხვდა! ღმერთო ჩემო, (ქანდაკებასთან მიირბენს და მის აღებას შეეცდება). ვინ დაგამახინჯა, რომელმა გარეწარმა?!
პლატინი. (მექანიკურად). ვამპირი, მფრინავი ვამპირი!
მაკი. ახლა კი, ნამდვილად ვერ გადაურჩები გადახარისხებას, თუმც, უკვე ისედაც გადახარისხებული ხარ… (ქანდაკებას ეფერება). ბაბუ, ჩემო სათაყვანო ბაბუ, თამადების თამადად წოდებულო ბაბუ! ამ ყანწით გარდაცვალების შემდეგაც კი, რამდენი ღირსეული თამადა აკურთხე… ერთ დროს, მაგარი მსმელები ქეიფს, შენს საფლავთან აგრძელებდნენ. ღირსეულ თამადობაზე გამოცდის მოწადინეს, თავად უმარჯვებდი ღვინით სავსე ყანწს… ახლა კი, ამ გადაჯიშებულმა კაცმა! (წაქცეული პლატინი მოიკუტება. მაკი ქანდაკებას ფეხზე დააყენებს და უცებ გადაჭრილი ყანწის ბოლოში ჩამალული ნივთი მზის შუქზე აბრჭყვიალდება). ბრილიანტი! ჩვენი საგვარეულო თილისმა! აი, სად დაგიმალავს, ცხონებულმა ბებიაჩემმა კი ეს რქა მოქანდაკეს მისცა, ხელში დააჭერინეო… არადა, სულ იმას ამბობდი, ეს ყანწი მრავალი სუფრის მხილველია და გაუფრთხილდითო…
პლატინი. (გაიბრძოლებს). არაა! (მუხლებზე წამომდგარი გადაჭრილი ყანწის ბოლოს წაეტანება).
მაკი. რაო?! წართმევასაც მიბედავ! (ძიძგლაობაში წამოდგებიან). ისეთ ტორპედოებს მიიღებ, რომ მთელ სიბინძურეს გამოგირეცხავ მაგ დამყაყებულ თავიდან! (მუხლს ჩვეულებისამებრ მარჯვედ ამოჰკრავს. პლატინი განწირულის ხმით შეჰყვირებს და ხელებს საზარდულთან იტაცებს). ესეც შენი გადახარისხება!
პლატინი. ვამპირი, ენერგოვამპირი! (მიწაზე გაგორდება). არ დავთმობ, არ დავთმობ, მე ვიპოვე, მთელი ცხოვრება, ასეთ განძზე ვოცნებობდი..
მაკი. (თითქოს უცებ გამოერკვევა). შენ, ოცნებაც შეგიძლია?!
პლატინი. მართლა მეჯართე ხომ არ გგონივარ!
მაკი. აჰ, მეზღვაური ბრძანდები! მორჩა, დამთვარდა რომანტიკა, ხვალიდან სარესტავრაციო სამუშაოები იწყება…
პლატინი. არა, არა! ტრიუმს ვერ დავთმობ...
მაკი. ინკოგნიტო, ჩემგან ზარს ელოდება, თუ არადა, აქ თავის ხალხს გამოგზავნის და ყველაფერს გადაჩხრიკავს… ამ წუთიდან მე ვიძლევი მითითებებს… ნოუ, გირვანო! მიმიფურთხებია შენი ტორპედოებისათვის!

მესამე სურათის დასასრული

***
გაგრძელება:
პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...

***




***

***
free counters
***

2 комментария:

  1. ჩვენ კერძო საერთაშორისო ფულის კრედიტორები ვართ. ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა სესხებს ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი სამი პროცენტი წელიწადში. ჩვენი სახსრები მხოლოდ კერძო და კორპორატიული საინვესტიციო პორტფელებისგან იღებს პირდაპირ იურისდიქციაში.
     
    ჩვენ გთავაზობთ სესხის თანმხლები ხაზები COLLATERAL გარეშე 3% ინტერვალში
    * პირადი სესხები * ბიზნეს სესხები * საინვესტიციო სესხები * მანქანის სესხი
    * სტუდენტური სესხი * ფერმის სესხი * სახლი სესხი
     
    თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩვენი შეთავაზებით გთხოვთ მოგვაწოდოთ მოკლე ინფორმაცია ელ.ფოსტის მეშვეობით: collinsmark640@gmail.com

    ОтветитьУдалить
  2. დღის კომპლიმენტები
    შენ ბიზნესმენი თუ ქალი? გჭირდებათ ფული უნდა დაიწყოს საკუთარი ბიზნესი? გჭირდებათ სესხი, რომ მოაგვაროთ თქვენი ვალი ან დააბრუნოს თქვენი გადასახადები ან დაიწყე სასიამოვნო ბიზნესი? გჭირდებათ თქვენი პროექტის დაფინანსება? ჩვენ გთავაზობთ გარანტირებული სესხის მომსახურებას ნებისმიერი თანხისა და მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილზე (ფიზიკური პირები, კომპანიები, რეალტორი და კორპორატიული ორგანოები) ჩვენი სუპერ საპროცენტო განაკვეთის 3% .გამოგზავნის გამოხმაურებას ელფოსტით ამ გზავნილის საგანი. კონტაქტი ჩვენი ფოსტა: luckybensonloanfirm@gmail.com

    ОтветитьУдалить