вторник, 22 января 2013 г.

ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (play) / Приманка легенды (пьеса) / ჯანრი გოგეშვილი




მოქმედი პირნი: 

დემნა _ ბერულად წვერმოშვებული ჭაბუკი "აღმაშენებლის ლაშქრიდან"
ოთოია _ მხიარული, ცხოვრებაზე გულნატკენი კაცი, ქართული არმიის თადარიგის კაპიტანი  
ოტია _ ყოჩაღი ბერიკაცი, ყრუ მჭედელი. ნათქვამს, მოსაუბრის ბაგის მოძრაობით იგებს
ქრისტეფორე _ საეჭვო წარსულის მქონე ხანდაზმული, კოჭლი კაცი
თებრო _ მარტოხელა დედაბერი
1 -ლი ხმა
მე-2 ხმა
ძველისძველი, კონუსისებური რეპროდუქტორი _ მელოდიები, საუბრები, რემარკები...
ტორო _ წითელლაქებიანი ფინია ძაღლი, რომელიც, თითქმის არ ჩანს და მხოლოდ ყეფა ისმის
ჩხიკვის ”იმიტაციები”

პერსონაჟები მეორე მსოფლიო ომის ეპიზოდიდან:
დავითი _ ყმაწვილი კაცი, საბჭოთა ჯარის ლეიტენანტი 
ჭაბუკი ოტია _ საბჭოთა ჯარის კაპიტანი
”მოულოდნელი გატაცება” _ მომხიბლავი ქალი, თეთრი, თეატრალური კაბით

სურათი პირველი 

მთაგრეხილთან შეყუჟული სოფელი. კირით შეთეთრებული სამჭედლო. ფესვებდაკორძილი ცაცხვის გადმოწეულ ტოტზე ძველისძველი, კონუსისებური რეპროდუქტორია მიმაგრებული. გაისმის შვეულმფრენის გადაფრენის ხმა.
1-ლი ხმა. ისევ ეძებენ, იკვლევენ, ვიდეოთი იღებენ...
მე-2 ხმა. გაფრთხილდი, ნუ ეჩვენები, შარში გაგხვევენ!
შემოვა შეზარხოშებული ოთოია. აცვია შარვალზე გადმოშვებული ხალათი. ჯიბეები სალფეთქებში გახვეული ხორცის, ხაჭაპურის, ნამცხვრის ნაჭრებითა და არყიანი ბოთლით აქვს გამოტენილი.
ოთოია. (ცას გასცქერის) რავა ქორივით დაგვტრიალებს თავზე... მაცხოვრებელი აქ აღარ დარჩა და ტყეში ნადირი, ამათ შიშით, ყველა საზღვარგარეთ გაიქცა... (რეპროდუქტორს ხელს აუღებს) თქვენო უმაღლესობავ! მოხალისეთა ბატალიონის ყოფილი მეთაური, კაპიტანი... თუმც, არ ღირს, შენ ხომ, იმ დროს ემსახურებოდი. მაგრამ, მე, მაინც ვერ ჩაგრეცხავ... რადგან, ძირისძირში ქართულ საქმეს აკეთებდი... (ჯიბეებზე ხელს მოივლებს. რეპროდუქტორს) ბიჭო, რა გავიხარე, ბიჭო რა მოგიტანე, ბიჭო... (გაისმის ფინიას ყეფა) არ მომიახლოვდე, არ გაბედო! აჰა, გასკდა შენი მუცელი, ოღონდ, გუშინდებურად დემონსტრაცია არ გამიმართო... (ჯიბიდან გოჭის ხორცს ამოიღებს და გადაუგდებს. რეპროდუქტორს) მაგის შიშით ჭიქა ვერ ამიწევია, აგენტივით მითვალთვალებს. გუშინ სახლიდან გავაგდე, ფანჯარასთან ჩაჯდა და ყმული გააბა, გადარია ხალხი... შენ რაღას გაჩუმებულხარ, ხომ გაჰყვიროდი ყველასგან შესაძლებლობის მიხედვით, ყველას _ შრომის მიხედვითო... დარჩი უფუნქციოდ? თუმც, კვლავ ინერციით ვმოძრაობთ, გამუდმებით კარგისკენ მივექანებით, მაგრამ იმ ცუდს, გულმოდგინედ მივათრევთ თან... აღარ მინდა, არ მინდა იმ ომთან მარტოდ დარჩენა... ოტიასავით მწუხარე მოგონებათა სინდრომი თუ შემიჩნდა, მთელი ცხოვრება გავწამდები... არა, შენისთანა გამოცდილ კადრს, ასე უპრაგონოდ ვერ ჩავრეცხავ... ჩემი იმედი გქონდეს, არ მიგატოვებ... შელახული მრწამსის დრტვინვისგან პირდაღებული სიცარიელე თავისებურ კომპენსაციას ითხოვს. (ჯიბეში ხელის ფათურის შემდეგ ქათმის ბარკალს ამოიღებს) აი, რა მოგართვი, ერთ ას გრამსაც ჩაგარტყმევინებ... ისიდოს ორმოცის სუფრის სანაქებო ატრიბუტებია... ჩემი თამადობით ნასიამოვნებმა მასპინძელმა, ძალისძალად გამომიტენა ჯიბეები. (ქათმის ბარკალს კბილებით დაიჭერს, ხეზე მარჯვედ ავა და რეპროდუქტორს მიუჩოჩდება. ბარკალს მის “ღრმულში” ჩადებს) იქნებ, ცოტა მოღონიერდე, ნამეტნავად დასუსტებული ჩანხარ, აა, ხაჭაპურიც, აა, ტკბილეულიც... (რეპროდუქტორში სათითაოდ ჩაალაგებს) მახსოვს შენგან, რა დოვლათი გადმოქუხდა. აჰა, ცეცხლივით არაყიც ჩაარტყი! (არაყს ჩაასხამას) ტუში! ტუში! აბა რა, ვეტერანებს პატივი უნდა მივაგოთ... მართალია, უფრო სიაფანდი ლაპარაკით გვაპურებდი და ჩვენს ბრუციან ბედს, არც არაფერი ეშველა, მაგრამ... ტუში! ტუში! ძირს რუპორული სისტემა (არაყს კიდევ ჩაასხამს. ტორო ისევ დაიყეფს) არ გაბედო, მოახლოება არ გაბედო! (ნამცხვარს გადაუგდებს. ყეფა შეწყდება. რეპროდუქტორს) დალიე, დარდი გაფანტე, ძნელია, მოზეიმე ბოროტებას ფხიზელი თვალით უცქირო. სამოქალაქო საზოგადოება კი არადა, ბიშტი! თანადგომა და თანაგრძნობა კვლავაც საღათას ძილს ჰყავს დატყვევებული და ბევრისთვის მუცელთან მონებივრე საცვლის ზონარია კომპასიცა და მესაჭეც... ვატყობ, ვერ მიგებ, ჩემი ფილოსოფიური ხედვები გეხამუშება. ეს რაა, სუფრასთან რას მივერეკებოდი, რომ იცოდე... ისე, ისიდოს ბიჭმა გამაფრთხილა, ყველას ნუ გადაუშლი გულსო. კონტრდაზვერვის ყოფილი მაიორია და დაეჯერება. არადა, რაც მე ბუჩქებთან და ხეებთან მიბაასია, აგერ ამ ცაცხვთან, მთელი დისკუსიები გამიმართავს პოლიტიკურ თემებზე. მაგრამ, შენ, გამორჩეულად შეუდრეკელი ოპონენტი ხარ! (რეპროდუქტორის ფერებაში ჩასთვლემს).
შემოდის დემნა. ხელში ნოუთბუკი უპყრია. სამჭედლოს დაკვირვებით ათვალიერებს. კედლებს აქა-იქ ხელით მოსინჯავს. მერე ნოუთბუქში რაღაც მონაცემებს შეიტანს. მთელი ამ ხნის მანძილზე ცაცხვის ტოტზე ჩათვლემილი ოთოია შიგადაშიგ ისე შექანდება, რომ გადმოვარდნას არც არაფერი უკლია. უცებ შეფხიზლდება და შეჰყვირებს). მივესიყვარულოთ ერთმანეთს, მეტი რა შეგვრჩენია... (დემნა შეკრთება. მიმოიხედავს. ვერვის შენიშნავს და წასვლას დააპირებს) მოდი, ძმურად გაკოცო... (ოთოია შეეცდება რეპროდუქტორს მოეხვიოს და ჩამოვარდნას ძლივს გადაურჩება).
დემნა. (ოთოიას შეამჩნევს). ფრთხილად, მეგობარო, არ ჩამოვარდეთ!
ოთოია. (შეფხიზლდება. დააკვირდება.) არა, ოტიას მოულოდნელ გატაცებას ნამდვილად არ ჰგავს. მე, ვინ მომცა, ამის ბედი... (შექანდება)
დემნა. ჩამოვარდებით!
ოთოია. მე, უკვე ჩამოვარდნილი ვარ, ამ ცხოვრების ტოტიდან... უბრალოდ ილუზიებს ვიქმნი, რომ ზემოთ ვარ!
დემნა. ფრთხილად, ფრთხილად! (ნოუთბუქს დადებს და ჩამოსვლაში მიეხმარება. რეპროდუქტორზე მიანიშნებს) ეს რა არის?!
ოთოია. (ნოუთბუქზე მიანიშნებს) ეე, მაგას პაპისპაპად მოუვა.
დემნა. რა, თქვენთან ხაზის რადიო ისევ შემორჩა?
ოთოია. არა, რელიქვია გახლავთ, შეგიძლია ამ სამჭედლოსთან ერთად ბარიელეფადაც მიიჩნიო. თუმც, ყრუ ოტია მეორე მსოფლიო ომიდან ჩამოყოლილ, ნაალაფარ საათს, მის საინფორმაციოზე ასწორებს.  
დემნა. თუ არ მუშაობს, როგორ?!
ოთოია. ოტია, ყრუ კია, მაგრამ წარსულის ხმები ესმის... ერთ დროს, აქ, ამ სამჭედლოსთან სოფლის კაცები იყრიდნენ თავს. ზოგს ხარ-კამეჩი ან ცხენი მოჰყავდა დასაჭედად, ზოგი ურმის სალტეს ანახლებდა. ზოგი თოხისა თუ წალდ-ნაჯახის მოპირვას ეშურებოდა, ბარ-თოხსაც სხვანაირად ეფერებოდნენ. ეს რადიოც დამკვრელური შრომისკენ მოუწოდება მასებს. სპექტაკლი ახლაც გრძელდება, მაგრამ ტექნიკური შესწორებებით (ნოუთბუქს თვალს ჩაუკრავს). ამდენი რევოლუციების შემდეგ ელექტროდენი აქეთ იშვიათობაა. კვირაში სამი საათით მოვარდება და... აგერ, ოტიამაც სამჭედლოს, ახალი სუნთქვა მისცა, იმ გადატრიალება-გადმოტრიალების მერე, გლეხი კაცი მამაპაპისეულ გუთანს, რომ მიუბრუნდა, ერთხანს, ჰქონდა საქმე, მაგრამ მერე გაჭივრებიდან თავის დაღწევის იმედით აქაურების უმრავლესობა საზღვარგარეთ, რომ გაიჭრა, გვარიანად შემოაკლდა სახლაფორთო. ჩვენი ყრუ თავისას მაინც არ იშლის, ყოველ დილით უროსა და გრდემლის ბაასს აგონებს სოფელს. სამჭედლოსაც ყოველ გაზაფხულს გარედან კირით ათეთრებს.
დემნა. უცნაურია, ძველი რეპროდუქტორი, შეთეთრებული სამჭედლო...
ოთოია. და რეპროდუქტორს ჩახუტებული შერეკილი ოთოია...
დემნა. მოხარული ვარ, მე დემნა მქვია! (ხელს ჩამოართმევს)
ოთოია. თუ ყნოსვა არ მღალატობს თქვენ...
დემნა. აღმაშენებლის ლაშქრიდან გახლავარ!..
ოთოია. პირდაპირ დიდგორის ველიდან, ეს ნოუთბუქი, ალბათ ნაალაფარია?
დემნა. (იცინის) ისე, ჰო, ძალისძალად მოპოვებული გრანტის ფულითაა ნაყიდი.
ოთოია. შემთხვევით განძის საპოვნელად ხომ არ ჩამოსულხართ?
დემნა. განძის ძიება გადამეტებულია. ჩვენ თავდაპირველად დავითისეული ციხე-დარბაზისა და სალოცავის აღდგენას ვაპირებთ... ჯერ სამნი ვართ, დაზვერვით სამუშაობს ვახორციელებთ...
ოთოია. სსუ არ გაგვიგონ!
დემნა. (იცინის) უკვე იციან, ნაკურთხი ზარი ჩამოვიტანეთ, სამლოცველოს ნანგრევებში აღვმართეთ და ამ დილით ავახმიანეთ!
ოთოია. მშვენიერია, ახალგაზრდობას წინ რა დაუდგება! მაგრამ, იმ ლაშქრიდან, სულ სამი კაცი გადარჩით?!
დემნა. დანარჩენებიც მალე ჩამოვლენ. ჩვენ, იქამდე მოკვლევას ჩავატარებთ. იმ ქვების მოძიება გვინდა, თავის დროზე მოსახლეობამ ციხე-დარბაზიდან რომ გაზიდა. მტრად მოვარდნილები მრავალჯერ შეაკვდნენ ამ ციხე-დარბაზის კედლებს. შინაურებმა კი, დაუნდობლად გაანადგურეს. ბოლშევიზმის გარიჟრაჟზე მზა სამშენებლო მასალად დაიგულეს და დავითისეული სამლოცველოც არ დაინდეს. იქნებ, თქვენც იცოდეთ რომელიმე მათგანის ადგილსამყოფელი.
ოთოია. (შეკრთება) კი, გასულ კვირას ინდიკოს საფლავზე მამულიშვილების სადღეგრძელოს, რომ ვამბობდი, იქ ვნახე, მამამისს საშას, ჩუქურთმიანი ქვა სასთუმალად ედო...
დემნა. ჰო, ასეთი ფაქტები გვაინტერესებს, ნიშნებდასმული ქვები სათითაოდ უნდა აღვრიცხოთ, მერე მოლაპარაკებებს გავმართავთ და...
ოთოია. (შეფიქრიანებული) გამიგია, იმ სალოცავში კელაპტარი დავით მეფესაც დაუნთია...
დემნა. დიახ, დიახ, ლეგენდა მოგვითხრობს... (ნოუთბუქს აიღებს).
ოთოია. ვიცი, ეგ ლეგენდა, სანამ ამ დასახლებას სოფელი ეთქმოდა და სკოლაც გვქონდა, ისტორიას ვასწავლიდი. აფხაზეთიდან, რომ დავბრუნდი აქაურობა ნაომარივით დამხვდა. სამსახური დავკარგე, როგორც სიმართლის მაძიებელ ომის ვეტერანსაც ამრეზით დამიწყეს ყურება და ახლა, შეზარხოშებულს, სამწუხარო მოგონებათა სინდრომი, რომ არ ამეკვიატოს, ხან ამ რეპროდუქტორს ვუჩმახებ, ხან ოტიას, ხან ხესა თუ ბუჩქს... ზოგჯერ, სუფრასთან საზოგადოებრივ მოღვაწეობას ვეწევი, ხრიოკ ადგილზე ამოსული სარეველა სიცოცხლის შტოა...
დემნა. (დაკვირვებით შეათვალიერებს) ჩვენ კი, თქვენისთანა კაცი გვჭირდება მეკვლედ და შემწედ, დროებით სამუშაოდ აგიყვანთ, მერე კი ვნახოთ...
ოთოია. (გაოცებული გაირინდება) სმენა მღალატობს თუ...
დემნა. არა, თქვენს ნახვას, ისედაც ვაპირებდი, აქაურებმა მითხრეს, მაგ ამბებში, ოთოიაზე უკეთ არავინ ერკვევაო, ციხე-დარბაზის ნანგრევებში, ყველა ქვა დაკოცნილი აქვსო.
ოთოია. (იცინის) პირველად წამადგა ჩემი უკიდეგანო რომანტიზმი! ერთი გაბრძოლება, მეც გავიბრძოლე უკან დაებრუნებინათ ის ქვები, მაგრამ ქვეყანა ისე აირია... მაქაურობა, რომ გაქურდეს, მე მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, ოღონდ ის ვიცი, უმეტესწილად მარნის დასამშვენებლად იყენებდნენ. დემნა. დიახ, დიახ...
ოთოია. კი, ნანახი მაქვს ნიშნებდასმული ქვები. ადრე, აქ, ორასი კომლი ცხოვრობდა. ახლა ოცამდე ოჯახია დარჩენილი. ვინც ქვემოთ გადასახლდა ის ქვებიც თან წაიყოლია.  
დემნა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, უნდა დააბრუნონ...
ოთოია. მაგრამ თუ შენობის კედელშია ჩაშენებული?
დემნა. ფოტოებს გადავუღებთ და ჩვენი ბიჭები მათ ასლებს დაამზადებენ, შეიძლება ჩავანაცვლოთ კიდეც... მაგრამ, (ყოყმანობს) არის რამდენიმე ქვა, რომელიც თავად მეფემ დაამზადა და ზედ მეფის აქამდე აღმოჩენილი მონოგრამისგან სრულიად განსხვავებული სიმბოლოებია ამოკვეთილი...
ოთოია. თავად დავით მეფის?
დემნა. ქვისმთლელები, ხომ თავიანთი ხელით დამუშავებულ ყოველ ქვაზე, მისეულ მონოგრამა-ნიშანს ამოკვეთდნენ ხოლმე... ჰოდა, დავით აღმაშენებელმაც დაამუშავა რამდენიმე ქვა... ჩვენს მიერ მოპოვებული ლეგენდის ვერსია გვიამბობს, რომ ლაშქრობიდან გამარჯვებით მობრუნებულ დავით მეფეს მცირე სპასთან ერთად უცნობი ადგილების დაზვერა განუზრახავს და განცალკევებით მოუნდომებია გზის გაგრძელება. აი, იქ, ზემოთ, კლდიდან მოჩუხჩუხე წყარო შეუნიშნავს და შეუსვენია. პურობის ჟამს, მოულოდნელად, კლდე სანახევროდ ჩამოშლილა. მეფეს და მის ამალას არაფერი დაშავებია, მაგრამ ვეება ლოდებს გზა ჩაუხერგავს. მეფის მხლებლებს ჰგონებიათ ჩასაფრებული მტრის ხრიკიაო, და მეფის იქიდან გარიდება უცდიათ, მაგრამ დავითს პირჯვარი ზედიზედ გამოუსახავს და ხელი ჩამოშლილი კლდის მიღმა მდებარე იმ გორაკისკენ გაუშვერია, რომელსაც ბუნებრივი ქვაგრეხილი ჯავშანივით ჰქონდა შემოვლებული. უბრძანებია: ჩვენი მომავალი გამარჯვებების ნიშნად მაგ გორაკზე ციხე-დარბაზი უნდა ავაგოთო. მოლაშქრეთგან კი, ბევრს ქვის თლა და შენება ისევე ემარჯვებოდა, ვითარც საბრძოლო ხელოვნება... აღმაშენებელს მით უფრო... მისი ნახელავი ქვებისთვის კედლების გამოშლაც, რომ მოგვიწიოს არ უნდა დავიზაროთ, მათ ადგილას სხვა ქვებს ჩავსვამთ, სახლის პატრონს გულნაკლულს არ დავტოვებთ...  
ოთოია. ჰო, მესმის... მართალი გითხრა ლეგენდის ეს ვერსია არ ვიცოდი. წყაროს ამბავი და კლდის ჩამოშლა კი მსმენია... ჩავიწერე კიდეც! 
დემნა. სხვადასხვა ვერსია არსებობს!
ოთოია. ჰო, ჰო, თანდათან, გონებაც დამილაგდება და... ჩემთან წამობრძანდი, მარტოდ ვცხოვრობ, მშვიდად ვისაუბრებთ, პურ-ღვინოც შეგვახსებს თავს და... (საუბრით გადიან. შორიახლო ტორო ხალისიანად წამოიყეფებს) იცნობდეთ, ეს ჩემი მცველია, ფინია ტორო! წითელი ლაქებით... უმცირესობის წარმომადგენელია, ოღონდ, სხვა რამე არ იფიქროთ... იშვიათი ეგზემპლიარია. ერთგული და გულადი, ახლა, ასეთი თვისების მქონე კაცსაც იშვიათად შეხვდები... ჰო, მართლა. მგლები ყავს დაშინებული...
დემნა. ვა, ტორო! სასიამოვნოა, მაგარი ვინმე ჩანს... (ძაღლი მოსაუბრეებს ხალისიანი ყეფით მიაცილებს).
შემოდის ქრისტეფორე. უნებლიეთ, ცაცხვთან, რეპროდუქტორის ქვემოთ შეყოვნდება. იქაურობას ქურდულად მიმოათვალიერებს. ხელში ჩანთა უჭირავს. ეტყობა ქალაქიდან ახალი ჩამოსულია.
ქრისტეფორე. მოსალოდნელია, რაღაც ამ ყრუმაც იცოდეს... ოღონდ, ასე არ დავენახები. ჩემს ქალაქურ იერს, თავიდანვე ვერ იტანდა. მივალ ჩემს ძმიშვილთან სოფლურად გადავიცვამ და მერე მოვიკითხავ. ვითომ, აქ დასარჩენად ჩამოვედი. გულს ჩემებურად გადავუშლი, იქნებ, რამე დავაცდენინო. (ახლოვდება შვეულმფრენის ხმა. ქრისტეფორე ზემოთ აიხედავს. რეპროდუქტორს შეამჩნევს. დამცინავად შეაცქერდება). შენ, რა შპიონივით გატრუნულხარ მაქ? როგორ მოხდა, რომ ჯართში არ გიკრეს თავი, ალბათ ოტია გდარაჯობს. (შორიახლო შვეულმფრენი გადაიფრენს. ჰაერის ტალღა ტოტს შეანძრევს და რეპროდუქტორიდან გადმოვარდნილი ქათმის ბარკალი და ხაჭაპურის ნაჭერი ქვეშ მდგომს თავზე დააცვივა) ვა, პურ-მარილი! (ჩანთას დადებს. ასაღებად წაიკუზება, მაგრამ თითქოს გონს მოეგება) ოო, მაგათი, ალბათ, ის ყოფილი კაგებეშნიკი იჯდა შიგ და გამაშაყირა. (ზემოთ მოცქირალს, ტუჩზე არყის წვეთი დაეწვეთება. ენით გაილოკავს). დახვედრაც ასეთი უნდა, წავედი, თორემ, მეორე შემოვლაზე შეიძლება მაგ ჩათლახმა გადმომაფსას. (ჩანთას აიღებს და კოჭლობით გარბის. სადღაც შორიდან ტოროს გაბმული ყეფა ისმის, მალე სხვა ძაღლებიც აყვებიან. მერე ოთოია წამოიმღერებს. ყეფა შეწყდება)
შემოდის ოტია. ცაცხვთან შეყოვნებული ჯიბის საათს ამოიღებს, დააცქერდება. ჩვეულებისამებრ დადუმებულ რეპროდუქტორს თითქოს გულისყურით უსმენს.
ოტია. აჰ! დავბერდი კაცი და არ მახსოვს ამ საათს ემუხთლოს, ისრები ჩამკვდარივით სწორდება ცენტრიდან გადმოცემული სიგნალის ხმაზე! (საათს მოწიწებით გადაუსვამს ხელს) მომართვაც რომ დამავიწყდეს, მაინც ერთგულად ექაჩები შენს წილ დროს. აჰ! შენს წიკწიკს ვენაცვალე... (ცაცხვის კორძიან ფესვზე ჩამოჯდება. მოგონება გაიტყუებს. გაისმის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მელოდიები. ხილვაში თეატრის შენობის ნანგრევის ფონი გამოჩნდება. სარეკლამო დაფებზე, აფიშების ფრაგმენტებია შემორჩენილი. თეთრად აყვავილებულ ხესთან დიდი ჩემოდანი დგას. შორიახლო, გზაზე, მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი ამერიკული ჯიპის საჭესთან მჯდომი სამხედრო გულღიად იღიმება. ჭაბუკი ოტია და თეთრი, თეატრალური კაბით შემოსილი მოხდენილი ქალი ვალსის ხმაზე ცეკვავენ. უცაბედად, იქაურობას არტილერიის ხმა შეაზანზარებს. ერთმანეთით გართული წყვილი ცეკვას არ წყვეტს. ჭურვი მანქანასთან აფეთქდება. ჭაბუკი ოტია მაშინ მოეგება გონს. მეგობართან გარბის, მაგრამ მორიგი ყუმბარა, შორიახლო, კვლავ აფეთქდება და იგი თავში დაიჭრება. მაინც შეძლებს და მომაკვდავ მეგობარს თავს წამოუწევს. დავითი რაღაცის თქმას ცდილობს, თითქოს ამბობს კიდეც, მაგრამ თავში დაჭრილ, სმენადახშულ ჭაბუკ ოტიას არაფერი არ ესმის. იგი ქალისკენ გაიხედავს, ჭურვი ახლა, თითქოსდა, ცეკვის გაგრძელების მოლოდინში შეყოვნებულ ქალთან იფეთქებს. ჭაბუკ ოტიას ზმუილი აღმოხდება. კორძიან ფესვზე ჩამომჯდარი ოტია კი გამოერკვევა. შეტოკდება, ზეცას ახედავს). გასაოცარი, რა ხანია დავყრუვდი და აქ რომ შევჩერდები... ეს ხმები და მოლანდება მოსვენებას არ მაძლევს! ოთოიასი არ იყოს, ის მოულოდნელი გატაცებაც შემომაფრინდება. ამ ხნის კაცი ვარ და... ეჰ, მართალი ყოფილა, გული არ ბერდებაო... მწუხარე სახით წამოდგება, სამჭედლოსკენ ფიცხლად წავა. კარს ფართოდ გააღებს. შიგ შევა. გამოჩნდება ქურა, გრდემლი, საბერველი და სხვა სამჭედლოსთვის დამახასიათებელი საგნები. ოტია წინსაფარს აიფარებს, საბერველს დაუბერავს. ქურას გააჩაღებს. მერე უროთი გრდემლზე სანახევროდ გავარვარებული რკინის გამოკვერვას დაიწყებს. ზოგჯერ უროს გრდემლის კიდეზე ზედიზედ დაჰკრავს, მერე ისევ რკინაზე და ეს ხმაურს თავისებურ ტონალობას აძლევს.

სურათი მეორე 

ბუნებრივი ქვაგრეხილის გალავნით შემოსაზღვრულ გორაკზე მდებარე ციხე-დარბაზის ნანგრევები. ერთ მხარეს კლდეები მოჩანს. ქვაგრეხილს ქვემოთ, ბუჩქნარიდან კაცის ხვნეშა და ქალის კვნესა ისმის. მერე შაშვი შეიჭახჭახებს. გალავნიდან საუბრით გამოდიან ოთოია და დემნა. ოთოიას ჩანთა აქვს გადაკიდებული. დემნას ხელში ჭოგრიტი უჭირავს.
ოთოია. მოკლეზე, ბილიკით ჩავირბენ...
დემნა. არ დაივიწყო, ძიებას მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო. ხალხი არ უნდა დავაფრთხოთ. დიპლომატიას თუ მიმართავ, ბევრი ხალისით დააბრუნებს, ნიშანდასმულ ქვებს... აუხსენი, რომ აქაურობის განახლება ტურისტული ინფრასტუქტურის მოძლიერებას შეუწყობს ხელს, ეს კი, მათ ეკონომიკას...
ოთოია. (იცინის), ჰო, ჩემთვის ეს, დიდგორის ბრძოლა იქნება... ბრძოლა სწორუპოვარი, შედგა ათას ას ოცდაერთი წლის თორმეტ აგვისტოს. არა არს წესი ჩუენ ქართველთა, უკეთუ ვიხილოთ მტერი ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შევაქციოთ დაღა-თუ იყოს სიკვდილი, თავმომწონედ ღაღადებს მერე და მერე ჟამთააღმწერელი.… აბა, აბა, აბა! ჰო, მიდი დაამტკიცე, რომ ყმაწვილკაცობაში შენც თავგამოდებით ესიყვარულებოდი ამ ღვთისგან კურთხეულ პურადი და გულადი ერის ისტორიას. ათას ასოთხი წელი, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა ერი მრავალი... ჰო, ჰო, ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს... კი, კი, დღესაც ძაან მოგვიხდებოდა იმგვარი საქმის შეძლება და ქმნა.
დემნა. (მიდამოს ჭოგრიტით დაზვერავს) ლაშქრელები მეზობელ სოფელში უნდა გადასულიყვნენ, ალბათ, საღამო ხანს დაბრუნდებიან...
ოთოია. (თითქოს შაშვის ჭახჭახს მიუყურადებს) ოო, როგორ მიყვარს, ეს ჭახჭახი. სხვების არ ვიცი და მე უროსა და გრდემლის ბაასს მაგონებს.
დემნა. (ბუჩქებისკენ გაოცებული გაიხედავს) ოო, ეგენი, ალბათ, ლაშქარს ჩამორჩნენ და... (იცინის. ხვნეშა და კვნესა შეწყდება. შეიმჩნევა, რომ წყვილი ბუჩქებში “მიძვრება”. გაბრაზებული დემნა, რაღაცის დაძახებას დააპირებს)
ოთოია. არ გინდა, იბაასონ...
დემნა. (წამღერებით) საბერვლის, ქურის, გავარვარებული რკინის, უროსა და გრდემლის სიმფონია, მთლიანობაში, აი, ესაა, ქვეყნიერება! გამოჩნდება ბუჩქების მხრიდან მომავალი თებრო. ზურგზე, ბალახით სავსე გოდორი აქვს მოკიდებული. გაოცებული). ეს ვინაა?!
ოთოია. (იცინის) არა, არა, ეგ მაგ სიმფონიისგან შორსაა. ეს, თებრო დეიდაა! გაუთხოვარი, სოფლის უპატიოსნესი ქალბატონი. (თებროს) აქამდე რამ ამოგიყვანა?!  
თებრო. ჩემი ბეკეკოს სიყვარულმა შვილო!
ოთოია. ეს შენი თხა ნალიის სახურავზე ადის და აქ ამოსვლა გაუჭირდებოდა?
თებრო. ამ ბოლო დროს ეზოდან ვერ ვუშვებ, მეშინია აქაურ ტყეში არ შეძვრეს და არ დაიჭირონ... უცხოელებს უყიდიათ და იმხელა ჯარიმა აქვთ დაწესებული, გოგიას მოზვერის გამო, ლამის სახლ-კარი გააყიდინეს...
ოთოია. აა, ბატონო, ევროპაში უვიზო მიმოსვლას გვპირდებიან და აქ თებროს თხას მშობლიურ მხარეში სეირნობა შეუზღუდეს. (თებროს შეეგებება და გოდორის წამოღებაში შეშველებას დაუპირებს).
თებრო. აჰ, არა, ამის სიმძიმე მამაგრებს ფეხზე. (ნანგრევს მიღმა შაშვი აჭახჭახდება).  
ოთოია. აა, ახლა იქ იკვერება ქვეყნის ბედ-იღბალი! (დემნა და ოთოია იცინიან).
თებრო. რა იყო, რამე, ისე არ მაქვს თუ?!
დემნა. შაშვის ჭახჭახი გვახალისებს ქალბატონო!
თებრო. (მოახლოებული თებრო, დემნას დაკვირვებით შეაჩერდება და პირჯვარს გამოისახავს) ჯვარი გწერია და რაღაცით გავხარ იმ ცხონებულს... წვერიც, იმ სულნათელივით გაქვს ჩამობიბინებული, მასავით ბზისგან გამოთლილი დიდი ჯვარი, რომ გეკიდოს მკერდზე, ვიფიქრებდი ღვთის მადლით გოგიბერის დაბრუნებას ვეღირსე მეთქი...
დემნა. გოგიბერის ნალოცის მადლი შეგეწიოთ, ჰო, ის იყო ამ ციხე-დარბაზისა და სალოცავის მარტოხელა მცველი, თქვენც იცნობდით?
თებრო. ბიძად მეკუთვნოდა. ბავშვობაში აქ, ხშირად ამოვდიოდი, ხანდახან დედაჩემი მოსაკითხს მატანდა გოგიბერთან. ზედმეტად ცნობისმოყვარეს, რომ არ გადავყროდი, მოკლეზე, საიდუმლო ბილიკი გავკვალე!
დემნა. დიახ, დიახ, ოთოიამ მომიყვა, გუშინ იმ ბილიკით ამოვედით. რაიმე ნივთი ხომ არ შემოგრჩენიათ გოგიბერის სამახსოვროდ?
თებრო. (შეკრთება) რა უნდა შემომრჩენოდა, ან რა ქონდა საცოდავს? ზაფხულ-ზამთარ გაცრეცილი ანაფორის ამარა იყო. დემნა. ან ისეთი ხომ არ უამბია რამე, რაც აქაურობას უკავშირდებოდა, ლეგენდა ან... თებრო. საიდუმლოს მე ვინ გამანდობდა, ბავშვი ვიყავი... (შებარბაცდება და გოდორიდან ბალახი გადმოიყრება) მგონი მზემ დამკრა...
ოთოია. (შეეშველება. გოდორს მოხსნის. ნანგრევთან ჩამოაჯენს) ასე შორს, რამ წამოგიყვანა?
თებრო. გულმა არ მომასვენა, რომ გავიგე ციხე-დარბაზის აღდგენას აპირებენო...
ოთოია. წყალს მოგიტან! (ნანგრევებს იქით მიიმალება).
თებრო. კარგად ვარ, შვილო, კარგად! ახ, შემირცხვა თავი, ნახევარი ბალახი გადმოყრილა, როგორ ვეჩვენო ჩემს მარჩენალს...
დემნა. მარჩენალს?! (ბალახის წამოკრეფას დაიწყებს).
თებრო. ჰო, ჩემს ბეკეკოს, ყველაზე მეტად ეგ აფასებს ჩემს ამაგს...
დემნა. ახლობელი არ გყავთ?
თებრო. რას ჰქვია არ მყავს, ამ ჩემი ბეკეკოს დედის და ბებიის რძით სანათესაოდან ბევრი ბალღი მომაგრდა... მაგრამ გულმავიწყობა დასჩემდათ, უცხო ქვეყნებს მოედვნენ და... თუმც, ერთმა შარშან მობილურით ახალი წელი მომილოცა და მდუღარე ხმით შემომჩივლა, მომკლა ამ ვისკიმ, შენი თხის ეკოლოგიურად სუფთა რძე მომენატრაო...  
დემნა. (გაიცინებს) ჰო, ასეა ჩვენსას მერე ვაფასებთ, სხვისი გაუმაძღრობა ძაან რომ შეგვაწუხებს...
თებრო. ჰო, ცხონებულმაც ასე იგავებით იცოდა ლაპარაკი... ჩვენებურს არ ჰგავხარ!  
დემნა. დედაჩემის წინაპრები იყვნენ აქედან, გოგიბერს ენათესავებოდნენ...
თებრო. აა, შენ ის ხარ, ოთოიას შემგულიანებელი. წაიტრაბახა, მაგათი მოთავე იესეს შვილთაშვილიაო... კი, კი, ბავშვობაში დედაშენსაც ააქვს ნაგემები ჩემი თხის რძე... (მოეფერება). ღმერთმა გაგახაროს, გამოაცოცხლეთ იქაურობა... გოგიბერი, სანამ დაიჭერდნენ სანთელივით ენთო ციხე-დარბაზის სალოცავში... ურწმუნოებას კი ჩემულობდნენ, მაგრამ მისი რიდი ჰქონდათ. ეჩოთირებოდათ, რომ სოფლისგან მოძულებული, ნანგრევებს თავშეფარებული კაცი, მათი სულების გადასარჩენად ლოცულობდა... ნუ მიწყენ, შვილო და ხშირად ეშმაკი მძლავრობს ადამიანთა სულებზედ, ურწმუნოთ ღვთისნიერთა წრფელი სიყვარული ეჩოთირებათ.
დემნა. ის მაინც მოყევით, როგორ დაგამახსოვრდათ...
თებრო. (შეშფოთებული) კი მაგრამ, რა უნდა დამმახსოვრებოდა, ამოვიტანდი მოსაკითხს დ ჩუმად აგერ იმ ლოდზე დავდებდი... (ქვაგრეხილზე ხელს ფაქიზად გადაატარებს) უფროსობისგან თუ გაქვთ ნებართვა?
დემნა. (ღიმილით) პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მივიღეთ!
თებრო. ოო, დიდი მადლია... (პირჯვარს გამოისახავს). გაისმის ოთოიას შეძახილი.  
ოთოია. შეჩერდი, სდექ! შდექ! შეჩერდი!
დემნა. რა ხდება?! (ნანგევებს იქით გადასვლას დააპირებს და ამ დოს ოთოიაც გამოვარდება. თებროს ბოთლით წყალს მიაწვდის.)
ოთოია. ბინოკლი მათხოვე! (ჭოგრიტს გამოართმევს და ფერდობისკენ გაიხედავს) მეცნობა მაგის თეძოს მოქნევა... მაგრამ ვერ ვიხსნებ... რაღაც აპარატი ეჭირა ხელში, ნადარბაზევში ტრიალებდა...
დემნა. გასაგებია, მორიგი მაძიებელი იქნებოდა, სხვა გზა არაა, განცხადებები უნდა გამოვაკრა, საგანძურის ძებნაზე თავს ნუ შეიწუხებთ, აქაურობა ბოლშევიკებმა კაი ხნის წინათ გაძარცვეს თქო... ოთოია. აი, გამოჩნდა, სოფლისკენ გარბის, კი არ გარბის, კენგურუსავით მიხტუნავს, თუ ის არის, ტყუილად, არ მოგვინახულებდა მაგას ისეთი ყნოსვა აქვს...
დემნა. შეეშვი, ვიღაცის გაბრიყვებულია... ეს ტერიტორია ჩვენც რამდენჯერმე გადავამოწმეთ, მაგრამ... (შორიახლო შაშვი აჭახჭახდება) გივი! გივი! დაანებე, მაგ ხვნეშას თავი! თქვენ აქ რისთვის დაგტოვეს, ვახშამის თადარიგი დაიჭირეთ! გეყოფა განძის ძებნა...
თებრო. (შეკრთება). განძის?! ოთოია. (ხუმრობით) ჰო, სულთანის სასახლიდან წამოღებული ოქროს ნაკეთობები, ძვირფასი ქვები, მოკლედ, ურიცხვი ნაალაფარი მეფის ბრძანებით სამალავში გადაუმალავთ... რადგან აქედანვე, ისვე მტრის დასახვედრად გაულაშქრიათ...
თებრო. ალბათ მილიონი მაინც ეღირება?! ოთოია. რას ამბობთ, მისი ფასი განუსაზღვრელია! (დემნას თვალს ჩაუკრავს. სიცილით) შენც, განძის საძიებლად, ხომ არ ამოსულხარ თებრო დეიდა?
თებრო. მე რა განძი მინდა ბიჭო, ორი პარასკევი დამრჩენია...
ოთოია. მაგას ნუ იტყვი, ფული უცებ გამოგაკეთებს, ლოყებს აიკაპიწებ, მკერდს, არა, ისედაც მშვენიერი მკერდი გაქვს, ბოტოქსით ნაოჭებს წაგიშლიან და ხელისმთხოვნელები დაგესევა!
თებრო. შენ შეგირცხვა თავი...
ოთოია. აგერ, ტელევიზორში ოთხმოცი წლის ფოიო-ფოიო ქალები რავარი გამოტრუკუნცულები გამოდიან... მსოფლიო მოვლილი აქვთ. თებრო. შენ შეგირცხვა თავი...
ოთოია. კრუიზში წახვალ! (ჭოგრიტით სოფლისკენ გაიხედავს) ვიღაც სამჭედლოსთან წრიალებს, ოტიას არაფრით არ ჰგავს, არც ხარი ახლავს ნალის დასაკვრელად და არც ცხენი... რას ეძებს ამ შებინდებულზე?!
თებრო. ოტიამ უკეთესად უნდა იცოდეს გოგიბერის ამბავი. მას და დათიკოს, აგერ, ზემოთ, ქვის სამტეხლოზე ხშირად უწევდათ მუშაობა...
დემნა. ჰო, გამიგია, თქვენ სხვა რამეც გემახსოვრებათ?
თებრო. სხვა რა?! ბავშვი ვიყავი, თუმც არც მთლად ბავშვი მეთქმოდა, თხუთმეტი წლის ვიქნებოდი, ოტია და დათიკო, რომ ფაშისტებთან საომრად წავიდნენ... ის კი ვიცი, სამჭედლოს შენებისას, ღამღამობით სამტეხლოდან ეზიდებოდნენ ქვებს. დღისით, შენებას ეშურებოდნენ... სხვათაშორის, ბიბლიოთეკაც მაშინ ააშენეს. კლუბი, ერთი ოცდაათი წლის მერე მიაშენეს ზედ... ოთოია. ბოქლომი გახსნა და სამჭედლოში შეძვრა! დემნა. (ყურადღება ოთოიაზე გადააქვს) კლუბი?
თებრო. ბოლო არეულობის დროს დაანგრიეს და პირდაპირ გამოშიგნეს. ოტია, რომ არა, სულ მთლად გააპარტახებდნენ იქაურობას...
ოთოია. უნდა წავიდე, ურო და გრდემლი არ მოიპაროს... ყრუ გადამერევა. ეგ სამჭედლო, მისთვის მემორიალური მუზეუმია...
თებრო. იმ გრდემლს ვინ ზიდავს შვილო, ან რად უნდა...
ოთოია. ჯართად გადააქცევს და გაუყენებს თურქეთის გზას... ღმერთმა ნუ ქნას ჩვენს კუთხეში უროსა და გრდემლის სიმფონია შეწყდეს... უნდა დავეშვა! (ჭოგრიტს დემნას დაუბრუნებს).
დემნა. აჰა! (ჯიბიდან გასაღებს ამოიღებს და მიაწვდის) მანქანით ჩადი, ქალბატონსაც ჩაიყვან!
ოთოია. აბა, აქ ხომ არ დავტოვებ. (გასაღებს გამოართმევს და გოდორს აიღებს...)
თებრო. მომიკვდეს თავი, ენად გავიკრიფე და დამაღამდა თავზე... გმადლობთ შვილო, გმადლობთ! ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამ წმინდა საქმეში. რაღაც ტორო არ ჩანს?! (ოთოიასთან ერთად გადის).
ოთოია. ამიკლო ზედმეტი ყურადღებით და ეზოში, მოღობილში გამოვკეტე!
დემნა. გივი, გივი! მოეშვი მაგ ხვნეშას და გააცილე ეს ხალხი... (ჭოგრიტს მოიმარჯვებს. გაისმის მანქანის ამუშავების ხმა) ალბათ, ოტიამ მართლაც იცის რაღაც, თუ ქვებს სამტეხლოდან ეზიდებოდნენ, თანაც ღამით... (ჭოგრიტს დაუშვებს. პირჯვარს გამოისახავს) ღმერთო, განმიხვნენ თვალნი... (შთაგონებული ცას ახედავს, თითქოს რაღაცის ამოკითხვა სურს) უფალო იესუ ქრისტე, განმიხვენ მე თვალნი გულისა ჩემისანი, სმენად სიტყუათა შენთა და გულის-ხმის-ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა. ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თვალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სულისა შენისსა. მაუწყენ მე, უფალო დაფარულნი საიდუმლოისა სიბრძნისა შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა მისა, რაითა არა დასასჯელად თავისა თვსისა წმინდათა ცხოვრებასა და სიტყუათა აღმოვიკითხვიდე, არამედ განახლებად და განსანათლებლად სიწმინდით და საცხოვრებლად სულისა დასამკვიდრებლად საუკუნოსა სუფევისა. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული, და შენდა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
1-ლი ხმა. ის შეჩვენებული გამოუშვიათ... 
მე-2 ხმა. სხვა დროს, უმალ რუსეთში გარბოდა და ახლა, აქეთ რატომ გადმოუხვია ნეტავ?
1-ლი ხმა. სიბერე მამაპაპისეულ... 
მე-2 ხმა. აჰ, არ დაიჯერო, კუზიანს სამარის მეტი არაფერი გამოასწორებსო, ხომ გაგიგია.  
1-ლი ხმა. ასეც ნუ იტყვი, თავად პრეზიდენტს შეუწყალებია...
მე-2 ხმა. ნეტა, რა აქვს დავალებული?!
1-ლი ხმა. სსსუ, ვიღაც მორბის...
საღამოს ბინდი. სამჭედლო და მისი შემოგარენი. ჩანთიანი ოთოია ჩუმად შემოიპარება. სამჭედლოს კართან მივა. მერე ჩანთას დადებს, იქიდან მონადირის ფანარს ამოიღებს. კარს უცებ შეაღებს და ფანარს აანთებს. გამოჩნდება კედელს აკრული ქრისტეფორე. აცვია ჯინსის კომბინიზონი. ხელში სანთებელა უჭირავს და კედელს ათვალიერებს.
ოთოია. რა, ნაცნობი სახე გაქვს, აა ქრისტოფ! როდის გვეწვიე? აქ, რას იმალები, ხომ არ მოგსდევენ...
ქრისტეფორე. (დაიმანჭება) არა, ისე, შემოვიარე. შენ, ოთოია ხარ ხომ?
ოთოია. მაგ მჭვარტლიან კედელს, რას ჩახუტებიხარ?
ქრისტეფორე. (თავს შეაცოდებს) შენ, რომ ჩემი გასაჭირი იცოდე!
ოთოია. რა იყო ციხიდან ხომ არ გამოქცეულხარ?
ქრისტეფორე. აჰ, რას ამბობ! ამინისტია მომიწია...
ოთოია. ააჰ, თავად პრეზიდენტმა შეგიწყალა! (კარს, ფართოდ გამოაღებს და სამჭედლოში შევა).
ქრისტეფორე. სწორედაც...
ოთოია. და გითხრა ოტიას სამჭედლოს ურო და გრდემლი მომიტანე და ჩემი ბრწყინვალების ორდენს, ზედ შუბლზე დაგაბნევო...
ქრისტეფორე. ძველებურად ხუმრობ...
ოთოია. ქრისტოფ! იცი შენ ხანდახან, გაბრაზებაც, რომ მეხერხება.... კაცი, ვინაც ათი წელი იქნება, არ გამოჩენილა თავის სოფელში, ვის საეჭვო ამბებსაც, შიგადაშიგ ტელევიზიით ვიგებდით, უცებ, მარკშეიდერის ფორმით გამოგვეცხადა და პირდაპირ ოტიას სამჭედლოს კარი შეამტვრია... არ მითხრა ბანკის კარები მეგონაო...
ქრისტეფორე. შენ, რომ ჩემი გასაჭირი იცოდე! გაქანებული კუჭის წყლული მაქვს, ოპერაციამც ვერ მიშველა.
ოთოია. მჭვარტლზე თუ ზიხარ, აბა, რა მოგივიდოდა.
ქრისტეფორე. პირიქით, აა უკვე, აშკარა უკეთესობას ვგრძნობ, რაც უფრო მამაპაპური ქვით ნაშენი სამჭედლო ყოფილა, მით უფრო ყუათიან მჭვარტლს იკიდებს თურმე.. (ბაგეს კვლავ გაილოკავს) მჭვარტლია ისეთი, პირდაპირ არყის გამოსახდელად წააქეზებს კაცს... მენდე!
ოთოია. რა სანდო კაცი შენ ხარ?! ქრისტეფორე. სამაგიეროდ მე ყველას ვენდობი! მიყვარდა ყველა ნაცია და იმიტომაც დამჭირდა კუჭისა ოპერაცია... ბოლოს, ექიმბაშმა მჭვარტლისგან დამზადებული წამალი მასვა და ერთი პირობა ის საშინელი ტკივილი შემეშვა. ახლა, რომ წამომივლის მჭვარტლს ვეძებ, მაგრად მშველის. (მჭვარტლიან კედელს ზედიზედ ალოკავს).
ოთოია. დაბერდი კაცი და ამ სიაფანდობას ვეღარ მოეშვი. გეყოფა მაგ მჭვარტლის ლოკვა, თორემ, მართლა საოპერაციო გახდები. თუმც, შენ, ისეთი, რამე გაქვს ნაჭამი!..  
ქრისტეფორე. ტყუილად ბრაზობ ჩემზე, იმ საქმეში მე უცოდველი ვარ!
ოთოია. არ გინდა, მაგრამ ვიცი, კარგ საქმეზე არ შემოამტვრევდი ამ სამჭედლოს კარს... ქრისტეფორე. დედის სულს ვფიცავარ... (კედელს კიდევ ალოკავს) ძაან მაგარია!
ოთოია. მაშინ, ძველი საბურავი მოძებნე, წაუკიდე ცეცხლი და რამდენიც გინდა ისიამოვნე...
ქრისტეფორე. წამლად მხოლოდ ნატურალური მჭვარტლი ვარგა... (სამჭედლოდან კოჭლობით გავა) შეხვედრის ხომ არ დაგველია, პურ-მარილს მე ვკისრულობ.
ოთოია. აღარ ვსვამ, თან აჯობებს ერთმანეთს მშვიდობიანად დავშორდეთ... ქრისტეფორე. ასე იყოს, მერე ოტიას ავუხსნი, ყრუ კია, მაგრამ ის უფრო...
ოთოია. იცოდე, მე, აქ, ხშირად ღამეს ვათევ, არ წამომეფეთო, თორემ...
ქრისტეფორე. ჰო, ალბათ, იარაღიც გექნება? ოთოია. მიდი, მიდი, ნაკოლის მომცემი მომიკითხე! (ქრისტეფორე თავისთვის შეიგინებს და გადის. ოთოია თვალს გააყოლებს, მერე ფანრით სამჭედლოს მიმოათვალიერებს. კარს გამოიხურავს ბოქლომს გაუკეთებს. მიდამოს მიმოათვალიერებს. დარწმუნდება, რომ ქრისტეფორე იქაურობას გაეცალა. ჩანთიდან მცირე ფორმის ნივთს ამოიღებს ცაცხვზე ავა, ტოტზე გაცოცდება და იმ ნივთს რეპროდუქტორის ღრმულში მიამაგრებს) იტეხე ახლა თავი ჟუჩოკი ჩაგიყენე, ვიდეო თვალი თუ... (შორიახლო ტორო აყეფდება) აუ, სად მომაგნო... უჰ, შენი! სსუ, გაჩუმდი, გაჩუმდი! არ ვსვამთ, უბრალოდ ვსაუბრობთ... გაჩუმდი, გაჩუმდი! ძველებურად, მიწა გამოთხარე და გამოძვერი, ხომ? (ხიდან ჩამოვა, ჩანთას აიღებს და გადის. ყეფა შეწყდება. რეკავს მობილური) ჰო, მე ვარ!
დემნა. (ხმა მობილურიდან) გონივრული იჭვი გამიჩნდა, რომ შესაძლოა გოგიბერის თხოვნით... ოთოია. არ გინდა, ხომ იცი ისმენენ... ისე, მისაღები ვერსიაა, რადგან მსგავსი გონივრულობა, ეტყობა სხვებმაც გამოიჩინეს!
დემნა. როგორ?!
ოთოია. დილით ამოვალ... ყოველ ლეგენდას თავისი სატყუარა აქვს…
დემნა. კეთილი... (ჩანს შეფიქრიანდა) მაუწყენ მე, უფალო დაფარულნი საიდუმლოისა სიბრძნისა შენისანი...
ოთოია. ამინ! ყველა და ყველაფერი გაიშიფრება... (ტოროს მხიარული ყეფა) სსუ, გვისმენენ... (წაიმღერებს) გვისმენენ შიგნით, გვისმენენ გარეთ, გვისმენენ შორით, გვისმენენ ახლოს, გვისმენენ დღისით, გვისმენენ ღამით, გვისმენენ ძილში, ზიზღით და შიშით, უგნური იჭვით გვიტირეს ყოფა!

სურათი მესამე 

 იგივე გარემო. მზიანი დღე. შორიახლო, ალუბლის ხე თეთრად აყვავებულა. სამჭედლოს კედელთან სხვადასხვა ზომის ჩუქურთმებიანი ქვების ფრაგმენტები ალაგია. აქა-იქ დანთებული სანთლის ნამწვავები შეინიშნება. რეპროდუქტორიდან ქართული საგალობელი იღვრება. შემოდის ოტია. ჩვეულებრისამებრ გაჩერდება რეპროდუქტორის ქვეშ. საათს ამოიღებს. მერე ქვებს გახედავს. მივა და ხელით მოსინჯავს.
ოტია. ყოჩაღ ოთოია! ისე დაანამუსა ხალხი, ერთმა გარე სოფლიდანაც კი მოზიდა. დროა ზემოთ აიტანოს. კიდევ, არ წაცდეს ვინმეს ხელი. ქრისტეფორე აქ, რაღაც უშნოდ ტრიალებს (შეფიქრიანდება. ალუბლის ხეს გახედავს) კი, კი, რაღაც მნიშვნელოვანს მიბარებდი, მე კი, ვერაფერი გავიგე... შენი სახის გამომეტყველებას რა დამავიწყებს. რაღაც საიდუმლოს მანდობდი... არაფერი მესმოდა, ვერც ის ვიგრძენი, რომ დავყრუვდი. თავიდან სისხლი თქრიალით მდიოდა და წაქცევისგან ძლივს ვიკავებდი თავს... მაგრამ, მაინც შერცხვენილი ვარ შენს წინაშე, ძმაო დავით, მაინც შერცხვენილი ვარ. ვერ აგისრულე დანაბარები... (ალუბლის ხეს შეაშტერდება) იმ ქალის სახეც, დღემდე არ მცილდებდა ფიქრიდან... არადა, წესიერად არც კი ვიცნობდი, თუმც, სახელიც არ მიკითხავს... თეთრი, ლამაზი ქალი იყო, თეთრი, თეატრალური კაბა ეცვა. აქეთ დათიკო მაკვდებოდა ხელში, იქით, ის ქალი კვნესოდა... მერე, მეც გავითიშე. ერთი კვირის შემდეგ ლაზარეთში, გონი, რომ დამიბრუნდა, პირველად დათიკო და ის ქალი მოვიკითხე. მაშინ ვიგრძენი, საკუთარი ხმა, რომ არ მესმოდა. ის ადგილი ზედიზედ დაიბომბა და ბედი გქონია ცოცხალი, რომ გადარჩიო, მომამადლა ექთანმა. შენი და იმ ქალის დაღუპვის ამბავიც მანვე შემატყობინა... მას შემდეგ, ის ამბავი მიდგას თვალწინ... რა ხანი გავიდა და ვერ ვივიწყებ... (ალუბლის ხისკენ ისე წავა, თითქოს, მის საცეკვაოდ გამოწვევას აპირებს. ისევ, ის, ომისდროინდელი ეპიზოდი წამოელანდება. ქვეშეცნეულად ვალსის ხმას აედევნება, წარსულში გადაინაცვლებს. იცვლება გარემოც. სცენაზე ისევ იმ თეატრის სანახევროდ დანგრეული შენობა. სარეკლამო დაფებზე გაკრული აფიშები, თეთრად აყვავილებული ხე, ზედ მიყუდებული დიდი ჩემოდანი მოჩანს. იქვე თეთრ, თეატრალურ კაბაში გამოწყობილი ლამაზი ქალბატონი დგას. შენობიდან ვალსის ხმა ისმის. გამოჩდება მეორე მსოფლი ომის დროინდელი ამერიკული ჯიპით მომავალი დავითი და ოტია. ორივეს საბჭოთა ოფიცრების ფორმები აცვიათ. მკერდზე ორდენ-მედლები მოუჩანთ. საჭესთან დავითი ზის.
დავითი. ეს, სად მოვხვდით, გზა ხომ არ აგვერია?
ოტია. სადღაც აქეთ უნდა იყოს, შტაბში დამიკავშირდა და მითხრა... დავითი. მთავარია გენერალმა არ მომიკითხოს, ორი დღის უძინარი იყო და... მაგრამ, შენ შეგხვდი და მაგას ვწუხვარ. (ხელს მოხვევს). რა ხანია, იმას ვდარდობ, როგორაა მეთქი... რომ დავბრუნდებით, პირდაპირ ჩვენს სამჭედლოში გავშალოთ პურ-მარილი...
ოტია. ქორწილებიც იქ ხომ არ გადავიხადოთ... (მუსიკის ხმას ყურს მიუგდებს. მერე ქალს შენიშნავს. რომელც ხელს დაუქნევს). წავიყვანოთ მგონი, ესეც იქით მოდის...
დავითი. (მანქანას შეაჩერებს) ფრთხილად, საქართველომდე არ წაგაყვანინოს თავი. გახარებული ქალი ჩემოდნის წამოღებას შეეცდება. ოტია, მანქანიდან ჩადის და ქალთან მიდის, გაეცნობა და ჩემოდნის წამოღებაში შეეშველება.
”მოულოდნელი გატაცება”. Недавно бомбили, все разбежались… (უცებ, მუსიკას მიუგდებს ყურს) давайте потанцуем, хочу попрощаться с театром… დაბნეულ ოტიას საცეკვაოდ აიყოლიებს. ცეკვავენ მთელი გატაცებით. დავითი მანქანიდან მხიარულად უთვალთვალებს. და მოულოდნელად მანქანასთან ჭურვი აფეთქდება. ხმა რეპროდუქტორიდან. გადმოვცემთ კონცერტს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა საპატივცემულოდ (გაისმის მეორე მსოფლიო ომის შესაფერისი მელოდია. ალუბალს მიკრული ოტია შეკრთება. რეპროდუქტორისკენ იჭვნეულად აიხედავს).…
ოტია. მთლად გავგიჟდი, თუ რა?! ყურებზე ხელებს მოივლებს. მუსიკა პირდაპირ ამ დაყრუებული რეპროდუქტორიდან მესმის.
ხმა რეპროდუქტორიდან. ბატონო ოტია! გულითადად გილოცავთ ვეტერანთა დღეს. დიდებული კაცი ხარ, შენი თამადობით უროსა და გრდემლის ბაასი არ მოშლოდეს ამ სოფელს!
ოტია. კი, კი, ოთოიასი არ იყოს, მართლა აკვიატება მჭირს! (სამჭედლოში ნაჩქარევად შევა, ქურას გააჩაღებს და უროთი გრდემლზე ბოლოგავარვარებული რკინის გამოკვერვას დაიწყებს.) მესმის, აშკარად მესმის, რაღაც დაიძრა ჩემს თავში... (გახარებული რკინის გამოკვერვას აგრძელებს. უროსა და გრდემლის ხმა, თითქოს რეპროდუქტორიდან ახმიანებულ მელოდიას ერწყმის. ოტია შეჩერდება და გაირინდება. ხმა რეპროდუქტორიდან. თქვენ ისმენთ უროსა და გრდემლის სიმფონიას! მსოფლიოს დამსახურებული მჭედელის ოტია უროგრდემლიაშვილის ვირტუოზული შესრულებით...
ოტია. ხომ არ შევიშალე?! სასწრაფოდ ქალაქში უნდა ჩავიდე და ექიმს ვეჩვენო... (სამჭედლოდან გამოვა, კარს დახურავს. რეპროდუქტორს ჭკუამხიარულის იერით ახედავს, აუჩქარებს).
მალე რეპროდუქტორიდან, ისევ საგალობელი აჟღერდება. თითქოს, ხმის კვალს მოჰყვებაო, ისე შეპარვით შემოდის თებრო. მხრებზე, ისევ გოდორი ჰკიდია, რომლიდანაც ეკალა მოჩანს. რეპროდუქტორს გაოცებული შეაჩერდება, მერე ცაცხვის ხეს შემოუვლის.
თებრო. ღმერთო ჩემო, ამდენი წელი მუნჯად იყო და ახლა რა ძალის წყალობით ამოიდგა ენა. ნუთუ ამ ქვების სასწაულია. იქნება, აბა რა... (ქვებს დაკოცნის. რეპროდუქტორს კვლავ იჭვნეულად შესცქერის). მავთულს ვერ ვხედავ, მაგრამ ახლა, აგერ მობილურით პირდაპირ ამერიკას დაუკავშირდა რაჟდენის ბიჭი. (ისევ ქვებს მიუბრუნდება. ჩურჩულით ლოცვას ამბობს. ჩაიმუხლებს და პირჯვარს გამოისახავს).
ხმა რეპროდუქტორიდან. ოპერატიული გამოძახება, ზოსიმეს მიტოვებულ მარანთან აღმოჩენილია მორიგი მონოგრამიანი ქვა. საცდელ გადაცემას დროებით ვწყვეტთ. მომავალ შეხვედრამადე. საგალობელის ხმა შეწყდება. გამოჩდება კოჭლობით მომავალი ქრისტეფორე. სოფლურად აცვია. იღლიაში ახალგამომცხვარი შოთი აქვს ამოდებული. თებროს ვერ შეამჩნევს, რადგან დაჩოქილს ქვების “ზღუდე” ეფარება.
ქრისტეფორე. მომეყურა, აქ, არავინ ჩანს, ალბათ, ნანგრევებში თუ მღეროდნენ. (რეპროდუქტორს ამრეზით ახედავს) აბა, ეს ჯართი ბეღურას ბუდედაც არ გამოდგება. (პურს შეატეხს. ილოღნება) ჰო, ჰო, ვერ ვძღები ამის ჭამით. ამის სუნი და გემო რომ გამახსენდებოდა ციხეში, ერთ სიცოცხლეს ვათავებდი! (ქვებს მიუახლოვდება) რასაც მე ვეძებ, ამათში არ უნდა იყოს... მაგრამ, არც ამ სამჭედლოს კედლებში, რომ ვერ აღმოვაჩინე. კარგად უნდა დავათვალიერო. ამდენი წელია, ეს ყრუ აქაურობას ძაღლივით დარაჯობს! კირით ათეთრებს. რომელი ვაშლი ან მსხალი ესაა, მოსავალს, რომ უფრთხილდებოდეს, მგონი რაღაცას მალავს. მედპუნქტი, რომ იყოს, ჰო, იფიქრებ, სანიტარულ დათვალიერებისთვის ამზადებსო... (სიმბოლოებით მოხატულ მაჯას დააცქერდება. მერე სიგარეტს გააბოლებს). თებრო კვნესით წამოდგება. პირჯვარს ზედიზედ გამოისახავს. დამფრთხალი ქრისტეფორე უკან დაიწევს.
თებრო. ძველებურად მითვალთვალებ ხომ...
ქრისტეფორე. როგორ გეკადრება. ისე შემოვიარე...
თებრო. ვიცი მე, შენი ისე... რაც ჩამოდი, მას შემდეგ სულ რაღაც საკბილოს ეძებ...  
ქრისტეფორე. ვერ გამიგია, ასეთი რა დაგიშავე, ბიჭობაში, ჯერ კიდევ იმ ომამდე, სანამ აქაურობას მივატოვებდი სულ გამირბოდი, აგერ, სიბერეში დავბრუნდი, ბარემ ამ ძვლებს მამა-პაპისეულ სამარხს მივაბარებ მეთქი და შენს მეტი თითქმის, ყველა კეთილად დამხვდა. არადა, ვინღა დავრჩით იმ თაობიდან?! ჰა და ჰა, ოთხი თუ ხუთი სულიერი... რომ მითხრა, შენი სოფლიდან გადახვეწა მეწყინაო, არ დავიჯერებ. შენზე შეყვარებული ბიჭები ბევრი მინახავს, შენგან მოწონებული კი არც ერთი, ასეა თუ ისე, მე არ მოვსწრებივარ... ღმერთს გაფიცებ მითხარი, რა დაგიშავე?
თებრო. (თითქოს წამოცდება) ჩემთვის არც არაფერი...
ქრისტეფორე. აბა, თავს რატომ მარიდებ?!
თებრო. (ძალას მოიკრებს). არ მოგინანიებია?
ქრისტეფორე. (ახითხითდება) ეჰ, ჩემო თებრო, მოსანანიებელი იმდენი რამე მაქვს... კონკრეტულად რა, შენ ის მითხარი!
თებრო. მამაშენის ცოდვები!
ქრისტეფორე. მამაჩემის?! (ხითხითს უმატებს) ჩემი არ მყოფნიდეს ვითომ?!
თებრო. იმ ცოდვაში, შენც გიდევს წილი, ბავშვი კი გეთქმოდა, მაგრამ იმ წერილზე შენც და შენმა ძმებმაც მოაწერეთ ხელი... გოგიბერს რომ ანტისაბჭოთა პროპაგანდა დაბრალდა და...
ქრისტეფორე. აა, რაში ყოფილა საქმე... მგონი ბიძად გეკუთვნოდა! აბა რა, საბჭოთა ხელისუფლების მტერი იყო... მოგვიხელთებდა გალავანთან მოთამაშე ბავშვებს და სახარებას გვიკითხავდა, რაღაც ზღაპრებით გვაბრუებდა. მეც დავადასტურე. ბავშვების საბჭოურ აღზრდას ეწინააღმდეგება მეთქი!
თებრო. ეგ არ იყო მთავარი, სულგანათლებული იმ სალოცავს და ციხე-დარბაზს წლობით არ მოცილებია, ვინმე სამადლოდ ბავშვის ხელით მოსაკითხს თუ გაუგზავნიდა იმასაც ბავშვებს უნაწილებდა. იქაურობას ედგა მცველად და მამაშენს, ეს ადარდებდა... რომ დაიჭირეს და გადაასახლეს, იქაურობა შეესიეთ და თუ რამე ვარგისი იყო გაზიდეთ... მერე ნაწილ-ნაწილ გაყიდეთ, მათ შორის ჩუქურთმებიანი ქვებიც, ზოგმა სასაფლაოს გასალამაზებლად წაიღო, ზოგმაც მარანის შესასვლელი მორთო... ზარებიც გააქრეთ!
ქრისტეფორე. ძლივს არ გავიგე შენი გაბუტვის ამბავი. ჩვენ თუ არა, სხვა წაიღებდა, დრო იყო ისეთი...
თებრო. თქვენც დრო იხელთეთ და მთავრობას მისწერეთ ანტისაბჭოთა წარწერებიან ქვებს ინახავსო, დავით აღმაშენებლის ლაშქრელ, მეომარ ქვისმთლელთა მიერ ამოკვეთილი ნიშნები ანტისაბჭოთა წარწერებად წარმოაჩინეთ. ქრისტეფორე. (ირონიულად) აუ, რამხელა განათლება მიგიღია! ისე, ის ბრალდება მთავრობის ხალხმაც დაადასტურა...
თებრო. დამბეზღებელი გამოჩენილიყო და... სინდისი თუ შემოგრჩა ეს მხარე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოიარო და ის ქვები შეაგროვო...
ქრისტეფორე. რა იყო პირდაპირ ჯოჯოხეთში გამიშვი... (უხალისოდ გაიღიმებს). ჩემი ფეხის შემხედვარე მე რომ აქაურობას ნაბიჯ-ნაბიჯ მოვივლი... აი, რაში ყოფილა საქმე, არ ვიფიქრე...
თებრო. ჯერ ბოლომდე არ მითქვამს!
ქრისტეფორე. (დაფრთხება) აღარ მინდა მოსმენა, მე, ახლაც საბჭოთა წყობის აღდგენის მომხრე ვარ. ამოვიდა ყელში, ეს ცარიელი თავისუფლება... (გაისმის შვეულმფრენის ხმა. ქრისტეფორე გადააფურთხებს და წასასვლელად შებრუნდება) გოგიბერის მიმდევრებმა, რომ წამოყვეს თავი, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად... (გადის).
თებრო. ეგ დეზერტირი, ეგა, ძალით დაიკოჭლა თავი ომში, რომ არ წასულიყო, აბა დათიკომ პირიქით, ოტია, რომ გამოიძახეს, ერთი წელი წაიმატა და ძალით გააწვევინა თავი, წესიერად ვერც კი გამომემშვიდიბა, ეკოცნა მაინც... მხოლოდ, ის დაკეცილი ფურცელი ჩუმად ჩამიდო ხელში და მიჩურჩულა, არც შენ ნახო და არც სხვა ვინმეს, გოგიბერი რომ გადასახლებიდან, დაბრუნდება, მხოლოდ იმას გადაეციო... ის ფურცელი თოჯინაში საგულდაგულოდ გადავმალე, ოცდაათი წლის მერე გოგიბერის დაბრუნების იმედი, რომ გადამეწურა, და ხალხმაც შედარებით თავისუფლად დაიწყო ლაპარაკი, ის ფურცელი თოჯინიდან ძლივს ამოვიღე, მაგრამ არ გამიხსნია, ჩემი და შენი სიყვარული გამოვიტირე და ისევ დავმალე, და ახლა აღმაშენებლის ლაშქრელების ამბავი, რომ გახმაურდა, ისევ ამოვიღე, მაგრამ მაინც ვერ გავშალე, ისევ დავმალე... გულმა კი, აქეთ გამომიწია... ციხე-დარბაზის ნანგრევებიდან შეძახილების ხმა გაისმის. ღმერთო, დიდებულო! გამოცოცხლდა იქაურობა... რას გაიხარებდა დათიკო, უფრო გოგიბერი, განათდა მათი სულები! გავენდობი იმ ბიჭს, და მოვიხსნი ამ ტვირთს... (შეყოყმანდება) მართლა ოქრო-მარგალიტი, რომ იყოს დამალული? ქონება, რომ გამიჩნდეს... (ჩურჩულით) მილიონი, არა, მილიონზე მეტი, უცებ გავმდიდრდები, ყველა სურვილს ავისრულებ, ჯერ, ჯერ, ჯერ ჰო, წესიერ კბილებს ჩავიდგამ, მერე, მერე მოსამსახურეს ავიყვან, მერე, მერე, ვინ არ გამიხსენებს, ვინ არ მომძებნის, ქვეყნის კიდეში გადაკარგულ ჩემს ძმისშვილებსაც კი აუჩვილდებათ გული. კი, ახლა ყველამ ამოიდგა ენა, მაგრამ მე იმ ფურცლის გამო ორმოოცდათ წელზე მეტია შიშისგან მცრიდა. სიზმარში რამე არ წამომცდეს მეთქი... ვთქვათ, განძი გოგიბერს ეკუთვნოდა, გოგიბერი კი მე, მე მეკუთვნოდა ბიძად. მეტი მემკვიდრე, არც დარჩენია. (დამორცხვებული) დათიკოსაც მე ვუყვარდი... წავალ ბოლოს და ბოლოს ზღვაზე, კანსაც ავიკაპიწებ. (გოდორმოკიდებული უცნაურად გაივლ-გამოივლის. უცებ, მთაგრეხილიდან, ცეკვა-თამაშის ხმა თითქოს გადმოიქროლებს. თებრო უნებლიეთ წაიცეკვებს. გოდრიდან ეკალა ცვივა.) ბოლო-ბოლო მეც გავიგებ ბურჟუაზიული ცხოვრების გემოს.. (ცეკვა-ცეკვით გადის).

გაგრძელება: ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
*
 © გახსოვდეთ!.. ”საავტორო უფლება”

***
***
Flag Counter
***

ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (play) / Приманка легенды (пьеса) / ჯანრი გოგეშვილი

სურათი მეოთხე

 სოფელი იღვიძებს. მამლების ყივილს, ძროხების შორეულ ბღავილსა და თხების კიკინს, შიგადაშიგ ხვრინვის ხმაც ერთვის. ალაგ-ალაგ ბათქაშაყრილი, გაპარტახებული ბიბლიოთეკის კედლები. შენობაში შემორჩენილ თაროებზე აქა-იქ დაგლეჯილი წიგნები და გაყვითლებული ჟურნალ-გაზეთებია მიყრილ-მოყრილი. კუთხეში, მაგიდაზე ძველისძველი პატეფონი, ფირფიტები და რადიოაპარატურის ატრიბუტები ალაგია. შორიახლო წყლით სავსე ვედრო დგას. ქვედა თაროზე ოთოიას ძინავს. მკერდში წიგნების ნაგლეჯები აქვს ჩაკრული. 
ოთოია. (ძილ-ბურანში წამოიმართება. მორიგ ზმანებას გაოცებული შეაჩერდება). ერთხელ მაინც არ შეხვედრიხართ სადღაც მიყრუებულ სოფელში, ან ჩვეულებრივ დაბაში, ან დიდი ქალაქის, რომელსამე ბინაში “ჩარჩენილ”ადამიანს, რომლის ნაკითხობით და უშუალობით ამა თუ ტექსტის შეცნობისა და განჭვრეტის უნარით მოხიბლულს გაოცებით გიფიქრიათ, ასეთმა სამაგალითო “შემტყობარმა” მხოლოდ უანგარო მკითხველად დარჩენა როგორ მოახერხაო... იგი წიგნისმცოდნე, წიგნის დამგემოვნებელია... ჭეშმარიტი მადლის მატარებელი, გამვრცელებელი და მცველი! ნატიფ მკითხველთა ერთობის წევრები იმდაგვარად არიან შემფასებელნი, რამდენადაც მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, სიტყვების ძალასა და მადლზე აგებული მხატვრული წარმოსახვის საშუალებით შეიგრძნონ და შეაფასონ გარესამყარო. უანგარო მკითხველთაგან ბევრს მიაჩნია რომ ლიტერატორმა მარტივად და ყველასთვის გასაგებად უნდა წეროს... მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც მწერლის მიერ ენობრივ ქსოვილში ჩანერგილი ფსიქოლოგიური პასაჟების, კოდირებული ნიშნების შეცნობა იტაცებს. ისინი თავად ხდებიან შემოქმედებითი ძიების, მოკვლევის თანამოზიარენი... მათ ოჯახებში, ჯერ კიდევ თვალსაჩინო ადგილი უკავია საოჯახო ბიბლიოთეკებს... ვივატ! ვივატ! ვივატ ბიბლიოთეკას! თქვენ, თქვენ მოგმართავთ, უანგარო მკითხველთა კოჰორტას! (თაროებს ხელების ცეცებით ჩამოუვლის) ზღაპრები, თქმულებები, ყაზბეგი, ილია, აკაკი, ჯავახიშვილი, გამსახურდია, გოთუა, გრაფ მონტე-კრისტო, თეთრი საყელო, მაცი ხვიტია, უთავო მხედარი, ბარნოვი, სენკევიჩი, ემილ ზოლა, ბალზაკი, დათა თუთაშხია, ჯეკ ლონდონი... (წიგნებს ვერ პოულობს, თანდათანობით გამოერკვევა) ჩემი სიყმაწვილე გაძარცვეს, გადათელეს... სანამ, მე იქ, სამშობლოსთვის ვიბრძოდი, აქ წლობით ნაგროვი ჟურნალ-გაზეთები მოთარეშე ბიჭებმა ცეცხლის ასანთებად გაზიდეს... დეიდა თინა, ბიბლიოთეკარი გადაჰყვა ამ ამბავს. მერე ბიბლიოთეკარის შტატიც გააუქმეს და აქაურობაც გავერანდა. ღორების სადგომად იქცა. ოტიამ მითხრა ჩემი და დათიკოს აშენებული სამჭედლო და ბიბლიოთეკა ძლივს გადავარჩინე დანგრევასო... რომ დავბრუნდი, დედაჩემის ნახვის შემდეგ, აქ მოვირბინე, უკვე წიგნებიც გაზიდული იყო... (ქრისტეფორე ქურდულად შემოიპარება. იქაურობას დაზვერავს). თავად, დავით აღმაშენებელი უდიდესი მწიგნობარი გახლდათ. ლაშქრობის დროსაც კი წიგნებით დატვირთული ჯორები და აქლემები თან ახლდა. ისმინეთ მისი რჩეული მემატიანის მონათხრობი: (ქრისტეფორე წიგნაკში ჩანიშვნებს აკეთებს). ხოლო მეფე ცხენსა რა გარდახდა, არა ჰქონებდა ჯერეთ მისვლასა. შეექცა კითხვასა ესეოდენ წარიტყუენა მისგან გონებითა, რომელ სრულიად დაავიწყდა წინამდებარე საქმე, ვიდრემდის ხმა რამე კივილისა შემოესმა ყურთა. მყის დაუტევა წიგნი მუნვე, და აღმხედრებული მიჰყვა მას ხმასა, და ვითარცა ზედა წარადგა მონათა თვისთა, ესევითარსა ღუაწლას შინა მყოფთა, - და რამეთუ იშორვიდა სპათა თავისთა და უკეთუმცა მათდა ცნობად წარსულ იყო, მონათა დაუხოცდეს, - მსწრაფლ შთაბრიალდა ვითარცა არწივი და დააბნივნა ვითარცა კაკაბნი, და მსწრაფლ ესეოდენნნი მოსწყვიდნა”... ჩაწვდით, ეს ის უპირველესი ქართველი გახლდათ ვინაც (ძალას მოიკრებს და დიქტორის კილოზე გააგრძელებს) დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზი, მრწებად მოიყვანა მეფენი, ხოლო მონად ხელმწიფენი... მტუერად დასვა სპარსი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი... ათას ოთხმოცდაცხრამეტ წელს თურქ-სელჩუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და საქართველოდან ფეხი ამოუკვეთა. ათას ასსამ წელს კლდეკარის საერისთავო გააუქმა და დაიმორჩილა. ათას ასოთხ წელს ერთიან სამეფოს ჰერეთი და კახეთი შემოუერთა, ათას ასათ წელს სამშვილდე... ათას ასთხუტმეტ წელს რუსთავი, ათას ასჩვიდმეტ წელს გიში, ათას ასთვრამეტ წელს ლორე, ათას ასოცდაერთი წლის თორმეტი აგვისტო დიდგორი! დიდგორის ბრძოლა, ბრძოლა სწორუპოვარი და სამართლიანი. ათას ასოცდაორ წელს, საქართველოს ძლიერება თბილისის ურჯულოთაგან განწმენდითა და კვლავაც საქართველოს სატახტო ქალაქად დაფუძნებით განმტკიცდა. მეფობდა ძლევამოსილად, მეფობდა ღირსეულად, ფრიად განსწავლული. ფრიად კაცთმოყვარე, მესიის მახვილად შერაცხული, უშიში ვითარცა უხორცო. სულმა კი მაინც მოსთხოვა ეღაღადნა გალობანი სინანულისანი... (გაირინდება).
ციხე-დარბაზის ნანგრევებიდან საეკლესიო ზარის რეკვა გაისმის. 
ქრისტეფორე. აი, თურმე საიდან ახორციელებს დივერსიას, დამხმარეც ეყოლება, კი აუცილებლად... (სადღაც მოშორებით თხა დაიკიკინებს. ქრისტეფორე გაფრთხილდება).  
თებრო. (იქაურობის თვალიერებით ერთობა. ხელში სანოვაგითა და წიგნებით სავსე ცელოფანის პარკი უჭირავს). რა ხანია აქეთ არ გამომიხედია, იმხელა გვიმრა იყო მოდებული, ვერც შემოხვიდოდი, თანაც, რა არ დაშლიგინობდა შიგ. ეტყობა ოთოიამ გაწმინდა. ამ ლაშქრელების გამოჩენამ უცებ გამოაკეთა ეს ბიჭი. სასწაულიც მოახდინა... (ბიბლიოთეკაში შეიხედავს). გამარჯობა შვილო!
ოთოია. (ოთოია საბოლოოდ გამოფხიზლდება). მობრძანდი თებრო დეიდა, მობრძანდი!
თებრო. მიგილაგებია აქაურობა... (კედლებს ცნობისმოყვარეობით მიმოათვალიერებს).  
ოთოია. ჯერ მეტი ვერ შევძელი... (ვედროსთან მივა და წყალს პირზე შეისხმას).
თებრო. (ბიბლიოთეკაში შევა და პარკებს კედელთან დააწყობს) აა, შვილო, მოვინანიე, როგორც კი გავიგე ოთოია ბიბლიოთეკის აღდგენას აპირებსო, გულმა არ მომითმინა, აქედან წაღებული წიგნები გადმოვალაგე და... აქაურობა უპატრონოდ, რომ იყო მიგდებული ყველას რაღაც მიჰქონდა და ერთხელ თხას რომ ვაბალახებდი, მეც წამცდა ხელი.
ოთოია. (გახარებული დასწვდება პარკს და იქიდან მუყაოსყდიან სტალინის ტომებს ამოიღებს. თებროს გაოცებული შეხედავს). სხვა ვერაფერი ნახე მოსაპარი?!
თებრო. არ მომიპარავს შვილო, შევინახე! ქრისტეფორე. (თავისთვის) ნახეთ, ნახეთ, საბჭოთა წყობის აღდგენა უნდათ! ეგ დედაბერი, მთლად მამალი აგენტი ყოფილა... (წიგნაკში ჩანიშვნას გააკეთებს).
ოთოია. (ოთოია გულიანად იცინის) ყოჩაღ! (მოეხვევა) ოჰ, სხვა დროა, თორემ სტალინურ პრემიას გამოჰკრავდი ხელს. თებრო. ეეჰ, გოგიბერივით გაციმბირება არ ამცდებოდა...
ოთოია. გაიხარე თებრო დეიდა, წიგნი წიგნია!
თებრო. შენც დეიდა, შენც! ოტიასავით გახარებული მენახე... აგერ მაწონი და პური მოგართვი. სმას, თუ მართლა თავს დაანებებ, სანამ ფეხზე ვარ საუზმეს არ მოგაკლებ... ტოროს ვერ, ვხედავ, ხომ კარგადაა?  
ოთოია. ნამეტარი ეჭვიანი გახდა და შინაპატიმრობაში მყავს. გათვლილი მაქვს, საღამომდე ვერ გამოთხრის შემოღობილიდან გამოსაძრომ ხვრელს. (წიგნებს თაროზე დაალაგებს და კვლავ მოეხვევა). მარადმწვანე მადლობა! ოტიამ რით გაიხარა ასე? თებრო. რა არ იცი?! სასწაული მოხდა, ამას წინათ, იმ დაჩაჩანაკებული რეპროდუქტორიდან ჯერ ომის დროინდელი სიმღერა, მერე ზარბაზნების გრუხუნი გაუგონია, დაჰკრა ფსიქიკაში და სმენა გაეხსნა, მართალია შიგადაშიგ ისევ ყრუვდება, მაგრამ, მაინც სასაწაულია, შინაურების ლაპარაკი პირველად მოისმინა...
ოთოია. (ოთოია პატეფონს იჭვნეულად გახედავს. იცინის. თავისთვის) აუ, რა დროზე დავიფიცე, აღარ დავლევ მეთქი... ღმერთო, ეგ ნატვრა მქონდა და მადლობა, რომ ამიხდინე, საღამოს გავუვლი.
თებრო. შენ ის მითხარი, ლაშქრელებისა რა ისმის, მიაკვლიეს რამეს?
ოთოია. აუ, შენც აღმაშენებლის ლაშქარში, ხომ არ ჩაეწერე... მაშ, ოტიას ჯადო აეხსნა?! აბა, დათიკოს დანაბარებ ამბავსაც გაიხსენებდა? (პარკში პურს მოატეხს და ჭამს).
თებრო. მთლად ვერ ამბობს, ნიშნებიან ქვებზე მიბარებდა რაღაცასო...
ოთოია. ასეც ვიცოდი!  
თებრო. რა იცოდი შვილო?
ოთოია. იმ ქვებზე, რომ იქნებოდა საუბარი... თებრო. საგანძურის ქვებზე? ოთოია. შენ რა იცი?! (იჭვნეულად შეაჩერდება) თებრო. (დაიბნევა, გაუბედავად)... დიდი ქონება უნდა იყოს ჩამარხული... მილიონზე ბევრად მეტი, მოვითქვამდით სულს, მე მარტო ვერ გავსწვდები ამ საქმეს, შენზე ახლობელი კიდევ ვინ მყავს... (ვერ გადაუწყვეტია უთხრას თუ არა).
ქრისტეფორე. (გაფაციცდება) ბანკის გატანა მიმიქარავს, იმათაც უნდა ავურიო გზა-კვალი. ნახევარი მაინც უნდა გადავმალო ჩემთვის, (გამოერკვევა) არ ღირს, ყოფილი კაგებეშნიკის ხალხი ისეთი დაუნდობლებია, ჩემი არ მიმატანინონ, მაგ ჩათლახებმა...
ოთოია. რა იყო, შენც დათიკომ ხომ არ დაგიბარა რამე?
თებრო. (დაიმორცხვებს) ვუყვარდი შვილო, თქმას ვერ მიბედავდა, მეც გულში მყავდა ჩავარდნილი. ომში წასვლის წინ ოთხად მოკეცილი ფურცელი გადმომცა. საცაა სამოცდაათი წელი გასრულდება და აქმდე გაუხსნელად ვინახავდი, გუშინ გავშალე პირველად, რაღაც ნიშნებია, შენ, ამის გაშიფრა, არ უნდა გაგიჭირდეს... (ბიბლიოთეკის კედლებს მიმოთვალიერებს).
ოთოია. დაიცა, დაიცა! (მის მზერას თვალს მიადევნებს) ამას, როგორ ვერ მივხვდი?!
თებრო. (ხელს მიმოატარებს) აქ, ამ კედლებში უნდა იყოს შემალული...
ოთოია. ნამდვილად იცი?!
თებრო. აა საბუთი... (უბიდან ოთხად მოკეცილ ფურცელს ამოიღებს).
ოთოია. (ოთოია ფრთხილად გამოართმევს, გაშლის, დახედავს... ჰო, ასეც ვფიქრობდი, ოტიამ მითხრა კითხვა უყვარდა ძაანო. (ფანჯარასთან მივა და მოხრილი, მის ქვემოთ, ბათქაშაცლილ კედელს დაათვალიერებს) ესეც, წიგნად ჩათვალა, თან დავითისეულ მონოგრამებს სამჭედლოს კედელში ჩაშენება არ აკადრა.
თებრო. (მიუჩოჩდება) ამ ბიბლიოთეკას სამჭედლოსთან ერთად აშენებდნენ... (გამომცდელად) ხედავ რამეს?
ოთოია. რაღაც ჩანს, მაგრამ ამას ფრთხილი რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს. ლაშქრელები უკეთ ერკვევიან ამ საქმეში...
თებრო. რა გარკვევა მაგას უნდა?! გამოვანგრიოთ, ჩვენს მეტი აქ, არავინაა... ავშენდებით შვილო! ჩვენც გვეღირსება ადამიანური ცხოვრება...
ოთოია. (გაოცებული შეხედავს, მერე გაიცინებს) წავალთ ქალაქში, ბინებს ვიყიდით, ყოველდღე ყავას და შოკოლადს მივირთმევთ. მერე პარიზსაც ვინახულებთ...
თებრო. ჰო, ნეიფელის კოშკზე მინდა ასვლა...
ოთოია. ეიფელის, მადმუაზელ თებრო, დროა ცოტა განათლდე, გუვერნანტს დაგიქირავებ, ახალგაზრდა ტრუკუცუნა გოგოს...
თებრო. გოგო რად მინდა?
ოთოია. აა, ხედავ შენ...
თებრო. არა, შვილო, შენზე განათლებულს ვის ვიშოვი, ვიმკურნალებ, წყლებზე ვივლი... ისე, ვენეცია ძაან მაინტერესებს.
ოთოია. მთავარია, ძაან არ გადამერიო, წესით, განძის აღმომჩენს კი ეკუთვნის რაღაც წილი, მაგარ არ მგონია, ამ მთავრობამ, რაიმე გამოიმეტოს...
თებრო. (გაოცდება) მთავრობა რა შუაშია, ეს ფურცელი დათიკომ მე დამიტოვა, გოგიბერისთვის უნდა გადამეცა, ცხონებული ვერ დაბრუნდა, მე კი, ბიძად მეკუთვნოდა...
ოთოია. (იცინის) ყოჩაღ, მემკვიდრეობითი ხაზით ყველაფერი გაგითვლია, მაგრამ ეგ განძი საქართველოს ეკუთვნის... დავით მეფის დანატოვარს თუ შევეხეთ, ისიც მადლია...
თებრო. შენ, მთლად გამოუშტერებიხარ წიგნების კითხვას... მომეცი ეს ფურცელი, მივყიდი ვინმეს... (ფურცელს წაართმევს).
ოთოია. ნუ შემარცხვენ მადმუაზელ... მერე გოგიბერის ან დათიკოს სულებს რას ეუბნები?! (თებრო შეკრთება, თავს დახრის) ასე აჯობებს, დამიჯერე! ეს წმინდა ქვებია, ამ ქვებთან სანთლები უნდა დავანთოთ და ღმერთს ვევედროთ... (შებრუნდება, ჩაიჩოქებს, კედელს ეამბორება და გაირინდება). ლაშქრელების გარეშე ვერ შევეხები, რამე არ წავახდინო...
თებრო. (სინანულით) მაპატიე შვილო, გამოვშტერდი, აუტანე ლაშქრელებს, ოღონდ, გოგიბერისა და დათიკოს სახელების ხსენება არ დაგავიწყდეს... (ფურცელს უკან დაუბრუნებს).
ქრისტეფორე. (თავისთვის) იფიქრე, იფიქრე ქრისტოფ, სამალავი, რომელშიც მილიონებს ძინავს, შენ წინაა! (ჯიბიდან პისტოლეტს ამოიღებს). სწორი გამოდგა იმ ნასედკის ჩვენება, სიკვდილის წინ სიცხით გათანგული გოგიბერი საიდუმლონიშნებიან ქვებს ახსენებდაო... (გაისმის ოტიას შეძახილი) ეს ყრუ, რა მაინცადამაინც, ახლა მოეთრა. სამივეს გასაღება მომიწევს).
ოტია. მასპინძელო! მასპინძელო მხიარულოო...…
ოთოია. ჯერ ნუ ვეტყვით, იქნებ, დათიკომ სხვა რამე დაუბარა და ამ მიმართულებით ფიქრს ნუ შეწყვეტს... (ფურცელს ჯიბეში ჩაიდებს).
თებრო. ძაან გახარებულია, გუშინ ჩიტების ჭიკჭიკს, რომ მოუსმინა იტირა კაცმა...
ოტია. (შემოვა. ხელში სანოვაგით სავსე ჩანთა და ფუჩეჩით თავდახურულ ღვინით სავსე დოქი უკავია) ხმა. ჩანთასა და დოქს ზღურბლთან დადგამს) გამარჯობათ მეზობლებო! (ოთოიას) აბა, გამაგონე ბიჭო შენი ხმა. ოთოია იღიმს და ხმას არ იღებს) მითხარი რამე, მომილოცე მაინც! რა გჭირს შე კაცო, ენას არ აჩერებდი და ახლა რა დაგემართა?!
თებრო. აა, შვილო, უთხარი რამე!
ოთოია. (მაგიდიდან მიკროფონს აიღებს. მთელი ხმით) მჭედელთუხუცესს გაუმარჯოს! შენი თამადობით საბერველის, ქურის, გავარვარებული რკინის, უროსა და გრდემლის სიმფონია ნუ მოშალოს ამ ქვეყნად ღმერთმა! (ხმა შორიახლო, ცაცხვზე მიმაგრებულ რეპროდუქტორში გაიჟღერებს).
ოტია. (დაეჭვდება) აა, გადამცემით მომასმენინე ხომ?! (მივა და გადაეხვევა) აბა, აქ შენს შტაბში უნდა გავშალო სუფრა...
თებრო. აჰ, არა, დაანება სმას თავი...
ოტია. რომ არ დავილოცოთ, არაფრით არ გამოვა... აბა, თებრო დატრიალდი...
ქრისტეფორე. (მალულად) მთლად უკეთესი, უფრო ბუნებრივად გაგისტუმრებთ იმქვეყნად... (პისტოლეტს შეინახავს) აგერ დარიშხანზე უფრო დახვეწილი საწამლავი... უფერო, უსუნო და სწრაფი... (ჯიბიდან პატრა პარკს ამოიღებს. დოქს ფუჩეჩს ააცლის და ღვინოში საწამლავს ჩაყრის. ისევ სამალავში გადაინაცვლებს).
თებრო. რაღამც არ იშლით, ოღონდ, აგერ თაროზე გავშლი! (ჩანთას აიღებს და იქიდან სანოვაგის ამოლაგებას დაიწყებს).
ოთოია. შენ გენაცვალე ოტია, (გადაეხვევა) ბიძადაც მეკუთვნი, ბაბუადაც, მაგრამ უპირველესად ძმა ხარ! კიდევ ათასი წელი გესმინოს ჩიტების ჟღურტულისათვის...
ოტია. კარგი ამბავი გადაგიწყვეტია, ზაფხულში საკმაო დამსვენებელი ჩამოდის... ტყუილად კი არ თქვა ილია ჭავჭავაძემ, ლიტერატურა _ ხალხის ჭკვა, ხალხის გონება _ და განათლების ხარისხიაო! ეს რომ გაპარტახდა, მერე სულ მთლად გაველურდა ხალხი. ნათქვამია, სამწყსოს უმწყემსოდ მავალსა შეჭამს ტურა და მგელიო...
ოთოია. გადამრევს ეს კაცი! ასე, როგორ გაგინათდა გონება! ოტია. აბა, რა გეგონა შენ! ძილის წინ ცოტა თუ არ წავიკითხე, ისე არ მეძინება. ეს ბიბლიოთეკაც, ჩემი და დათიკოს აშენებულია... მართალია, დათიკო უფრო აქტიურობდა, ღამით, სამტეხლოდან ურმით ქვები ჩამოჰქონდა, ზოგჯერ, მთვარის შუქზეც აშენებდა კიდეც... აღვადგენთ აქაურობას, განვაახლებთ.
ოთოია. დემნა შემპირდა, დაგეხმარები და თქვენს სოფელს საგანმანათლებლო პროგრამაში ჩავასმევინებო, წიგნად ფონდს განაახლებთ, კომპიუტერებსაც დადგამთ, ინტერნეტსაც შემოიყვანთ და...
ოტია. ოღონდ, რეპროდუქტორის მოშლის უფლებას ნამდვილად არ მოგცემ... მომეცი ეს მიკროფონი, შევძახო სოფელს, თან ჩემს ხმასაც გავიგონებ! (სიმღერას წამოიწყებს). თებრო. მოდით ახლა, სიმღერას მერეც მოასწრებთ. ეს ღვინო ჩამოასხით. (თებრო ზღურბლთან მდგომი დოქის ასაღებად გადაგამს ნაბიჯს).
ქრისტეფორე. ასე, სიმღერაში საიქიოს გაპარვას, ნატრობს ხალხი. რეპროდუქტორიდან აჟღერებულ ოტიას ხმას, ტორო ყეფით გამოეხმაურება.
ოთოია. დამმალეთ! ერთი ხუთი საათით ადრე გამოუთხრია ხვრელი... ჭიქა, რომ დამინახოს ხელში... (და მოულოდნელად ტორო დოქს ღრენით დაეტაკება. წამიერად, მხოლოდ მისი თავი გამოჩნდება. დოქი ზღურბლთან წაიქცევა და ღვინო დაიღვრება. მერე ძაღლი სცენის მიღმა შემალულ ქრისტიფორეს შეუტევს. გაისმის გასროლის ხმა.  
ქრისტეფორე. უჰ, შე დამპალო!
ოთოია. (ბიბლიოთეკიდან გავარდება) არ გაბედო, არ გაბედო, თორემ მიგახრჩობ! (ტორო ყეფით გარბის).
ქრისტეფორე. არ მომეკარო, რომ მიგახვრიტო პასუხს არავინ არ მაგებინებს... თქვე, პირწავარდნილო ჯაშუშებო, დავრეკავ, სადაც საჭიროა, და ისინი მოგხედავენ... ფეხის ხმაზე იგრძნობა, რომ გარბის. ოტია. რა ხდება, სროლა მომესმა თუ?! (გაისმის შვეულმფრენის ხმა).
თებრო. (ოთოიას) ის გველი გვისმენდა შვილო! მიდი, დაიმალე, თორემ დასმენა ბავშვობიდანვე ეხერხება და დააჭერინებს შენს თავს.
ოთოია. ვგრძნობდი, შემოგზავნილი, რომ იყო... თქვენც ფრთხილად იყავით...
თებრო. ამ დედაბერს ციხეში ხომ არ ჩამსვამენ?!
ოტია. აუ, რა ღვინო წააქცია, იმ ეშმაკის ფეხმა... (დოქის ასაღებად წაიწევს).
ოთოია. (უკან მიბრუნებული შეაჩერებს) არ გინდა, შესაძლოა ქრისტიფორემ რამე იმამაძაღლა.
თებრო. იჩქარე შვილო, იჩქარე! აგერ, ვერტალიოტით მოფრინავენ).
ოთოია. (ჯიბიდან ამოღებულ ფურცელს უბეში ჩაიდებს. ჰო, დადარაჯებულნი ყოფილან! (ოტიას გადაეხვევა) ჩაწყნარდება ეგ ინტრიგა და მერე ერთი ჩვენებურად შევუბეროთ! (თებროსკენ მობრუნდება) მადმუაზელ თებრო! (ხელზე მოხდენილად აკოცებს) პრაშჩაი ვენეცია! (გადის).

სურათი მეხუთე 

მთვარის შუქით განათებული სოფლის მიდამო. ციხე-დარბაზის ნანგრევებთან კოცონი გიზგიზებს. აქა-იქ ადამიანები აჩრდილებივით მოჩანან. ერთმანეთში დაბალი ხმით საუბრობენ.
 არემარეს სივილით გადაუვლის: აგენტები, აგენტები, აგენტები... ჯაშუშები, დივერასანტები...
1-ლი ხმა. ჰო, დივერსიული ჯგუფი ყოფილა.
მე-2 ხმა. კარგი ნუ გადამრევ! თებროს და ოტიას ნაჯაშუშარი რა ვთქვი მე?!
1-ლი ხმა. ოთოიას გაუბრიყვებია, მერე ვერ მორიგებულან და ერთმანეთს მოწამვლას აპირებდნენ...
მე-2 ხმა. კარგი ნუ გადამრევ!
1-ლი ხმა. მოსახლეობაში ანტისახელმწიფოებრივ განწყობის შექმნას ცდილობდნენო!  
მე-2 ხმა. კარგი ნუ გადამრევ!
1-ლი ხმა. ოფიციალურად გამოაცხადეს, ყოფილ ბიბლიოთეკაში საჯაშუშო აპარატურა აღმოუჩენიათ... ოთოიაზე ძებნაა გამოცხადებული. სამმაგი აგენტი ყოფილა...
მე-2 ხმა. (ხმის ტონზე დაეტყობა, რომ თანამოსაუბრის ნათქვამის დაჯერებას იწყებს) კარგი ნუ გადამრევ! რაც იმ ომიდან დაბრუნდა მთლად კი ვერ იყო ჭკუაზე...
1-ლი ხმა. საიდუმლოდ მითხრეს, უშიშროების ხალხი, ახლა ოთოიას ტოროს დარაჯობს, პატრონის მოსაძებნად გაცუნცულდება და ჩვენც მივყვებითო. მთელმა სოფელმა იცის, ოთოია, სადაც არ უნდა დაემალოს, აუცილებლად მიაგნებს. მაგრამ, ისიც ისეთი მამაძაღლია, რაღაცას გრძნობს და ადგილიდან არ იძვრის...
მე-2 ხმა. (გაისმის ძროხის ზმუილი) სსუ, ვიღაც გვისმენს მგონი...
1-ლი ხმა. ჰო, ჰო... ჯობია აქაურობას მოვშორდეთ... ბუჩქებში მიმაგრებული ჟუჩოკები ფოთლების შრიალსაც კი შიფრავს... არემარეს კვლავ სივილით გადაუვლის: აგენტები, აგენტები, აგენტები... ჯაშუშები, დივერსანტები...
ციხე-დარბაზის ქვემოთ დემნასა და ოთოიას სილუეტები გამოიკვეთება.
დემნა. კი, აქაც იყვნენ, გადაამოწმეს აქაურობა...
ოთოია. თებროს ბილიკთან, ხევში ვიმალებოდი, მობილურიც გამორთული მქონდა. ყველაფერს ისმენენ. თებრო და ოტია ჯაშუშებად გამოაცხადეს და დაიჭირეს. ის არაკაცი ქრისტიფა, ალბათ ცრუმოწმედ დაიყენეს...
დემნა. ჰო, ქრონიკაში გადმოსცეს ისტორიული ფასეულობების მისაკუთრებას და უცხოეთში გატანას აპირებდენო.
ოთოია. შენც გჯერავს ეგ სისულელე?!
დემნა. ესეთებს, რომ ვიჯერებდე, მაშინ აქ არ ვიქნებოდი, მაგრამ სახელმწიფო მანქანა ამუშავდა, ვიღაცას დაწინაურება უნდა და ასეთი პროფესიონალური აგენტურული ქსელის გახსნას ნამდვილად დაუფასებენ... თან მგონი, რუსეთის აგენტობასთან ერთად კოარადეპუროს რეზიდენტობაც გბრალდება...
ოთოია. შენ ხუმრობ, მაგრამ საქმე უფრო ჩახლართული ჩანს. ხელისუფლებიდან, ვიღაც იმ განძზე ნადირობს. ჩვენ კი, გავეჩხირეთ! თებრო დეიდამ დათიკოს დანატოვარი სიმბოლოებიანი ფურცელი გადმომცა. ოტიაც დათიკოს დანაბარების გახსენებას ცდილობს...
დემნა. დამშვიდდი, დამშვიდდი, უფრო გასაგებად ამიხსენი!
ოთოია. ის განძი ნამდვილად არსებობს, ბიბლიოთეკის კედელში გადაუმალავს დათიკოს, ოტიას ძმაკაცს, ალბათ გოგიბერის დავალებით... (უბიდან გაყვითლებულ ფურცელს ამოაცურებს და გადასცემს) აჰა, ნახე, ზუსტად ის ნიშნები უნდა იყოს.
დემნა. (ფურცელზე გამოსახულ სიმბოლებს მობილურის შუქზე გადაამოწმებს) ეგ, საიდან?! ისაა, თავად დავით მეფის ამოკვეთილი მონოგრამა?!
ოთოია. ხომ გითხარი აღმაშენებლის ხელშენახები ქვები, დათიკოს თავის დროზე, ბიბლიოთეკის კედელში დაუმალავს მეთქი... დემნა. ეგ სამალავის კოდი ჩანს, თავად მეფის ხელწერაა, მაგრამ აი, ერთი მათგანი აშექალას მონოგრამაა, სხვა ქვაზეც აღმოვაჩინე. კვეთილობაში ქალური ხელწერის სინარნარე ნათლად იგრძნობა, შიფრიც მრავალასოიანია და ასომთავრულ დონს ჩახვეული ანი ერთარსებად აღიქმება.
ოთოია. აშექალას მონოგრამა?
დემნა. ჰო, მეფე დავითის მწე ქალი გახლდათ. ამბობენ, სანამ დაიღუპებოდა მეფეს ხილულად თუ მალულად იცავდა. ოსტატურად იცვლიდა გარეგნობას; ხან ბერულად შეიმოსებოდა, ხან სოვდაგრულად, ხან ხელოსანივით. ისე, ლამაზი ქალი ყოფილა... არადა, უცნაური საბრძოლო ხელოვნების საიდუმლოს ფლობდა, შეეძლო ისარივით გაფრენილიყო მტრისკენ და თითებით სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა.
ოთოია. (ფურცელს თავადაც ჩააცქერდება) კი ლამაზია...
დემნა. ქართული ასომთავრული ანბანის გრაფიკული კომპონენეტებია ვერტიკალი, ჰორიზონტალი, რკალები, დიდი და მცირე რგოლი, რომლებითაც ერთი ასო მეორეს ემსგავსება... აშექალა, როგორც ჩანს ქვაზე კვეთილობის ხელოვნებასაც მარჯვედ ფლობდა. შიფრში ისეთი ასოს არსებობა, რომელიც თავისთავში მოიცავს სხვა ასოს, რომელსაც იგი აღემატება დეტალით, რითაც მას შეუძლია მიიღოს ერთზე მეტი მნიშვნელობა, ქმნის ინფორმაციის სიჭარბეს. რაც თავის მხრივ ზრდის შიფრის ჭეშმარიტი ვარიანტის დანარჩენებიდან გამოცალკავების ალბათობას...…
ოთოია. ლექციისთვის მადლობა მომიხსენებია, მაგრამ მე დასაჭერად დამზდევენ...
დემნა. დაიცა, თემის გაშლისას, თავსატეხსაც ადვილად ვხსნი...
ოთოია. ჰო, ყველა თავის საბერველიდან უქშენს... (გაისმის შვეულმფრენის ხმა. დამფრთხალი შაშვი ჭახჭახით გადაიფრენს. იქვე ჩხიკვი შეიჟღურტულებს).
დემნა. შიფრის, მონოგრამის გამოკვეთისას, უპირატესი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თვით მონოგრამის შემდგენლის ინტუიციას, მისი აბსტრაქტული აზროვნების დონეს, მის მხატვრულ გემოვნებას... დავით მეფის გალობანი სინანულისანის კითხვისას, სადაც დაახლოებით ასამდე ცოდვაა აღნუსხული ამ ციხე-დარბაზის მონოგრამის საბოლოო ფორმის გრაფიკული თუ ეპიგრაფული განცხადება არ განცხადების სიმბოლურ მინიშნებას გადავაწყდი.
ოთოია. დემნა, გამოდი ბურანიდან, თორემ მე რომ გამსკვანჩავენ მერე... (გაისმის ვნებიანი კვნესისმაგვარი ბგერები) წავიდა უროსა და გრდემლის ბაასი...
დემნა. დაიცა, ლაბირინთიდან გასასვლელს ვუახლოვდებით... მიუხედავად იმ არსებითი შემოქმედებითი თავისუფლებისა, რაც მონოგრამის შემდგენელს გამოსახულების შექმნის პროცესში გააჩნია, იგი მეტნაკლებად, მაინც შეზღუდულია ფორმის არჩევანში, რადგან მას უხდება გამოსახულების მომავალ სტრუქტურაში ჩასართველი შიფრისეულ ელემენტთა სახით, ამ სტრუქტურამდე არსებულ სტრუქტურათა წინასწარმოცემულობის გათვალისწინება, რომელთა ხელაღებით აღიარება... (ვნებიანი კრუსუნის ხმა თითქოს გადაიფრენს).
ოთოია. (ზემოთ აიხედავს) ეს რა ხდება?! აღფრთოვანებისგან მგონი აფრინდნენ...
დემნა. რომელთა ბოლომდე უგულველებყოფა, შეუცნობადობის გარკვეულ ზღვარს იქით შეცვლა, მისთვის საკითხავი ღირებულების შენარჩუნების აუცილებლობის გამოისობით, მას არ შეუძლია. (ლაღად ამოისუნთქავს) ძირძველი ქართველები ძალზე შემოქმეთებითად უდგებოდნენ ასომთავრული ანბანის ჩვეულებრივ გრაფიკას... (ვნებიან კვნესას, ახლა კაცის ქშენა დაემატება)
ოთოია. ისინი კი უდგებოდნენ, მაგრამ მე გავთავდი და ისაა, შესაძლოა ყოველ წამს ჩამავლონ ხელი... (კვნესა-ქშენა სხვა მხარეს გადაინაცვლებს) ბიჭო, ნახე, ესენი ყოველ მხარეს უბერავენ!
დემნა. ცვლიდნენ რა მას კონკრეტული გამოსახულებისათვის მისადაგებული, სტილიზებული და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოდერნიზებული ნაირსახეობით. ზოგიერთი ნიშნის გეომეტრიულობის გამო მასში შემავალ ასოებს დაკარგული აქვთ მრგლოვანისათვის დამახასიათებელი სილბო...
ოთოია. და რეალური საფრთხის შეგრძნება... (ცისკენ წაიმღერებს) დასირმულია შენი სუნთქვა უცხო ფერებით, სხვა სამყაროდან ჩამოღვენთილ სულით ნაბანო... იქნებ, შენ მითხრა, შენ ამიხსნა სამყაროს არსი, ფიქრთა აკვანო, _ ჩემო ანბანო...
დემნა. (უფრო აღმაფრენით) რკალები იქცევიან კუთხეებად, რგოლი –კვადრატად ან სამკუთხედად... (ვნებიანი ბგერები ქვაგრეხილზე აჟღერდება).
ოთოია. გამაგიჟებს ეს ხალხი! აუ, ამათ მეტი არაფერი ადარდებთ... კვერავენ და კვერავენ! შენ, აქ, ლაშქრელები გყავს თუ?!
დემნა. (იცინის) სახელს გვიტეხს, მგონი ჯაშუშად მოგვიჩინეს...
ოთოია. (დაიბნევა. მიმოიხედავს) ვიინ? დემნა. ჩხიკვზე გეუბნები, ეტყობა, ყური მოჰკრა აქაურ ვნებიან კრუსუნსა და ქშენას, დაისწავლა და ხუშტური, რომ წამოუვლის იმიტაციების სეანსებს გვიწყობს...
ოთოია. (იცინის) კი ვიფიქრე, ასე მასიურად რამ გაახელათ მეთქი... აბა ჯაფარა გვეთუმარება?!
დემნა. ჰო, ეს გამორჩეული იმიტატორი ჩანს... თავისებური წამქეზებელია!
ოთოია. (მიუყურადებს) ვერტმფრენი, ჩანს სამჭედლოსთან დაეშვა, ალბათ...
დემნა. ნუღა დარდობ! გადარჩენილი ხარ. გავშიფრე, ის განძი ბიბლიოთეკის კედელში კი არა, აი, იმ კლდეში უნდა იყოს... (მოეხვევა) სენსაციური აღმოჩენა იქნება! ავანტიურისტები ხელმოცარული დარჩნენ.
ოთოია. მაგ განძზე ტუზები ნადირობს... მე შემთხვევით გამოვასწარი და ამას არ მაპატიებენ. შეიძლება, გაუფრთხილებლად მიმახვრიტონ. ვითომ ბოროტმოქმედთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის ნიშნით.
დემნა. კი, გონივრული ეჭვი უკვე არსებობს...
ოთოია. მთელი სოფელი ალყაში ჰყავთ მოქცეული. მე პირდაპირ ნანგრევებისკენ წამოვედი. მაგრამ მერე მივხვდი, შეიძლება, თქვენთვისაც საფრთხე შემექმნა და... მოკლედ, ბეწვზე გამოვასწარი. მაგათ სოფელში ვგონივარ დამალული. (მოულოდნელად მანქანების ფარების შუქები გადასერავენ მიდამოს). აჰა, ისევ მეძებენ...
დემნა. რა ოპერატიულობაა?! არემარეს სივილით გადაუვლის: აგენტები, აგენტები, აგენტები... ჯაშუშები, ქვეყნის გამყიდვლები!!! ჩხიკვიც უმალ მიბაძავს.
ოთოია. შენც გემუქრება საფრთხე, კონტრდაზვერამ ძველ ბიბლიოთეკაში შენი ნაჩუქარი აპარატურა იპოვნა... და როგორც ნივთმტკიცება საქმეს დაურთავდნენ. ხომ იცი, მაგათ მერე თავისი მონაჩმახის ისე სჯერათ, ვეღარ გადაათქმევინებ და...
დემნა. ჩვენ დავასწრებთ... მაგ ამბავზე მეც მაქვს სხვა ინფორმაცია. ოთოია. თებრო დეიდას და ოტიას რა ეშველება, ესენი, ისე არიან გაავებულები, მაგათ სასჯელის შეკრებითობის პრინციპის პირობაზე, ალბათ, ოც-ოც წელს მაინც მიუსჯიან. ოტია ოთხმოც წელს კარგა ხნის გადაცილებულია, ამდენი წლის შემდეგ, საკუთარი ხმა პირველად გაიგო, ჩიტების ჭიკჭიკსაც მოუსმინა, და ბავშვივით გახარებული იყო, დათიკოს დანაბარებს გავიხსენებო, თებრო დეიდა...
დემნა. დამშვიდდი, დავასწრებთ, ახლა მთავარია, განძი ვიპოვნოთ, კადრებს საქვეყნოს გავხდით... და ბრალდებაც მოგეხსნებათ. (ტოროს ხმა მოპირდაპირე მხარეს გაისმის).  
ოთოია. მგონი გზას უბნევს, სხვა მხარეს მირბის, მაგას ვენაცვალე!
დემნა. ფანტასტიკური ძაღლია! (მოულოდნელად იქაურობას ზემოდან პროჟექტორის შუქი გადაუვლის. ორივე გაწვება).
ოთოია. თფუ, საიდან წამოგვეპარნენ! ასე, სხვა რამეში, რომ იმარჯვონ...
დემნა. დაბეჩავებული ხალხის დაშინება ადვილია... დილამდე გვირაბის სამალავში გაატარებ, დილით კი, აქ ჩემი მეგობარი ჟურნალისტები ჩამოვლენ, პრესა, რადიო, ტელევიზიაც იქნება. ოთოია. იქ, რომ არაფერი აღმოჩნდეს?!
დემნა. ეგ ვერსია, სხვა ამბითაც დასტურდება, მხოლოდ ის მქონდა გასარკვევი, რომელ კლდეზე იყო მინიშნება. თანაც ის განძი, ბიბლიოთეკის კედელში ნამდვილად არ იქნება. გოგიბერმა შესაძლოა, განძის შესახებ არცკი იცოდა, მისთვის უმთავრესი, დავითისეული ქვების გადამალვა იყო...
ოთოია. და მაინც...
დემნა. საგანძური იქ უნდა იყოს, ვიცი საიდან უნდა მივუდგე და რომელ ადგილას გამოვტეხოთ. გამოქვაბულის შესავლელი თავად კლდის ნატეხით ისე უნდა იყოს დაფარული, რომ ჩვეული თვალით ვერაფერს შეამჩნევ. ირიჟრაჟებს თუ არა ბიჭებთან ერთად მოძიებას შევუდგები. ვიპოვით... (ახლა თვითმფრინავის ხმა გაისმის) აუ, რას წვალობს ეს ხალხი. აი, ეს ლოდი გადაწიე და შიგ ჩაძვერი.
ოთოია. დესანტის გადმოსხმას ხომ არ აპირებენ?..
დემნა. შესაძლოა, მაგათ კუდიანებზე ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ეშმაკმა უწყის, ის ტვინგახურებული რა სცენარს ამოაფრქვევს. აბა, ჩქარა! (ოთოია ხვრელში შეძვრება. დემნა შესასვლელს ლოდით დაფარავას. მერე ციხე-დარბაზისკენ გასძახებს) ქართველო, ხელი ხმალს იკარ!!! გაისმის საეკლესიო ზარის რეკვა. გალავნის შიგნით ერთმანეთის მიყოლებით ჩირაღდნები აინთება და ხალხური სიმღერა “ქართველო, ხელი ხმალს იკარ” ახმიანდება. (ძრავის ხმა მინელდება, ანუ თვითმფრინავი გეზს შეიცვლის).

ეპილოგის მაგიერ 

ღამის სიბნელე. მთვარეს ღრუბლები ფარავს. რეპროდუქტორიდან ვალსის ჩუმი ხმა ისმის.
1-ლი ხმა. დასრულდა ესე ამბავი, ვითარც სიზმარი ღამისა...
მე-2 ხმა. ნურას უკაცრავად... კლდის სამალავში აღმოჩენილ ძველ ხელნაწერების შესწავლა ჯერ არ დამთავრებულა. ამბობენ ერთ-ერთ წინასაწარმეტყველებაში ამ საუკუნის მესამე ათეულში საქართველოს შემწედ დიადი ციური ძალა მოევლინება... 
1-ლი ხმა. ოღონდ, იმ პირობით, თუ ქართველნი ღირსეულ კაცთა ანუ როგორც ილია ბრძანებდა გონიერ და პირიან კაცთა ერთობას შეკრავენო...
მე-2 ხმა. ესეც იქნება, ხომ ნახე ლაშქრელებმა რა გონიერება და სოლიდარობა გამოიჩინეს. იმ განძის ამბავი უმალვე გაასაჯაროეს, ქვეყანას მოფინეს და სამართალმაც პური ჭამა... 
1-ლი ხმა. აბა, რა თავის მოჭრა იყო... თებრო მოსთქვამდა, ამ გაგანია დემოკრატიაში, მე და ოტიას სამშობლოს გამყიდველის იმხელა იარლიყი მოგვაწებეს, ცხონებულ ბაბუაჩემს, ცნობილ ფედერალისტ ნესტორსაც კი არ დაესიზმრებოდაო. ოთოია ბეწვზე გადაურჩა ოცწლიანს.
მე-2 ხმა. სამაგიეროდ, ის მოხდელი, აქტივისტი გოგო ისე მოიხიბლა მისით, რომ ქალაქიდან აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, და განახლებულ ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა...
რეპროდუქტორიდან ვალსის ხმა გაისმის. მთვარეს ღრუბლები გადაეყრება.
1-ლი ხმა. ესენიც ერთმანეთით ტკბებიან... შეხედე, რა მოხდენილად ცეკვავენ...
მე-2 ხმა. ექიმს ოტია დაურიგებია მწუხარე მოგონებათა სინდრომი, რომ მოგეხსნას, რეაბილიტაციის კურსი უნდა გაიარო, წარმოდგენაში კი არა, რეალობაში, ვინმე შენთვის სასურველ ქალთან ხშირად იცეკვე და განიკურნებიო...
1-ლი ხმა. აა, მოულოდნელი გატაცების სინდრომმა რომ გაუაროს...
მე-2 ხმა. ნახე, ნახე, სამჭედლოს როგორ თავბრუდამხვევად უვლიან! ბრავო, ბრავისიმო! თებრო და ოტია ვალსის ცეკვით მოხდენილად შემოდიან.
1-ლი ხმა. ამათ, მაიას ტომის უკანასკნელი წინასაწარმეტყველება, ქვეყნის დასასრულის შესახებ, ნამდვილად არ ადარდებთ!
მე-2 ხმა. თუ მართლა წარღვნა გველოდება, კარგად კი ამთავრებენ...
1-ლი ხმა. ოღონდ, ის ვერ გამიგია, მადმუაზელ თებრო დუბლიორია, კასკადიორი, თუ...
მე-2 ხმა. რა ვიცი, აგერ ახლა, ქვეყნის მაშტაბით მამალ დივერსანტად მონათლეს და...  
1-ლი ხმა. სსსუ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა!
გაისმის ჩხიკვის გამოჯავრებები: ვნებიანი ოხვრა-კვნესა და მერე უცებ: აგენტებო, ჯაშუშებო, დივერსანტებო, მკვლელებო!
მე-2 ხმა. აჰა, წარღვნაა, აბა, რა...
1-ლი ხმა. ისტორია უგუნურებას ხალისით იმეორებს!

დასასრული 

***
პიესები:


***

***

========

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

***
***
Flag Counter
***